დღეს ქვეყანაში არის თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აფთიაქებმა, თურქული მედიკამენტების ფასი კვლავ დაწიეს და საწყის ნიშნულს დაუბრუნეს, ზოგიერთ აფთიაქში, ახლა ხელოვნური დეფიციტია შექმნილი.
"დღესაც მივდივართ აფთიაქებში და გვეუბნებიან, რომ დეფიციტია. ჩვენ ამას სხვადასხვა წყაროებით ვამოწმებთ და რეალურად დეფიციტი არ არის. ქვეყანაში, საკმარისი რაოდენობითაა იმპორტირებული თურქული მედიკამენტები და სხვა თვეების გაყიდვებს, როდესაც ვადარებთ და ანალიზს ვაკეთებთ, რეალურად, წამლები ქვეყანაში უნდა იყოს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასულ კვირას, თურქულ მედიკამენტზე ფასის მომატება ობიექტური გარემოებებით არ იყო განპირობებული.
"36%-იანი ფარმაცევტული კურსი, თურქეთში რაცაა, საბოლოო ჯამში ჩვენთან ლარში იყიდება და ეს სხვაობა, ჩვენთან იმდენად მცირედით აისახება შეიძლება 5, მაქსიმუმ 10% - ის ფარგლებში ყოფილიყო ცვლილება და ჩვენ მივიღეთ 300%-იანი ზრდა. არარელევანტური ახსნაა და ჩვენც ვიცით თვლა! შესაბამისად ეს არგუმენტი მიუღებელია, როგორც სხვა არგუმენტები კანონთან დაკავშირებით და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა თურქული მედიკამენტების ხარისხზეც გაკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფარმაცევტული სექტორისთვის, ესეც სპეკულაციის საგნად იქცა.
"მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტებია, ზუსტად იგივე ბრენდების წარმომადგენლობები და მწარმოებელი ქარხნებია თურქეთში, რაც ევროპაში და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში. მათ მოჰყვება შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატები, რაც მკაცრად კონტროლდება ჩვენთან. მოგეხსენებათ GMP/GDP სტანდარტის გაკონტროლებაც დავიწყეთ და ყველა ეს მედიკამენტი შეესაბამება ამ სტანდარტს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.