ავტორი:

ლევან იოსელიანი ომბუდსმენად - ხელისუფლების მორიგი თამაში თუ სახალხო დამცველის შესაძლო კომპრომისული კანდიდატი?

ლევან იოსელიანი ომბუდსმენად - ხელისუფლების მორიგი თამაში თუ სახალხო დამცველის შესაძლო კომპრომისული კანდიდატი?

უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პროცესი ჩიხში მას მერე შევიდა, რაც ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა მათთან საუბარსა და განხილვაზე უამრავი დრო დაკარგეს. მათ შორის ჩავარდა არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილიც ემხრობოდა.

ახლა შერჩევის პროცესი ისევ თავიდან იწყება, ახალი ნაკადის პირველი კანდიდატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მისმა თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა.

"გარკვეული კონსულტაცია გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ პარტიასთან... ის იყო ადვოკატი, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ადამიანის უფლებები უცხო არ არის ლევანისთვის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა.

როგორც პირველი კომენტარებიდან ჩანს, დიდი ალბათობით, მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილიც იოსელიანის კანდიდატურის წინააღმდეგი არ არის.

"ახალია ეს ინიციატივა და უმრავლესობა იმსჯელებს, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლევან იოსელიანი ამავე დროს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენ ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა და მის მიმართ, როგორც პროფესიონალის მიმართ, ბევრი დადებითი გვესმის. რთულია რამე არადადებითი თქვა, ერთადერთი თავიდანვე იყო ჩვენი პოზიცია და სურვილი, რომ პოლიტიკოსის წრიდან არ ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ეს არის კვალიფიციური უმრავლესობის გამოწვევა, არაერთხელ მითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის ცუდი სისტემა, სამწუხაროდ, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იყოს უფრო კონსტრუქციული შერჩევა კანდიდატების, წინა პროცესი ჩაიშალა სწორედ ამის გამო“, - განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

"რესპუბლიკელი" დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მისთვის იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტაციაში სხვაგვარად ფიქრობენ.

"იოსელიანს მხარს არ დავუჭერ - მისი კანდიდატურა არის "ქართული ოცნების“ თამაში..." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო სექტორის რეკომენდებული კანდიდატები, სწორედ იმიტომ დაბლოკა, რომ მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. "ფრაქცია ამ საკითხზე იმსჯელებს, ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე არ დავუჭერ მხარს. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ლევან იოსელიანთან, მე ვთვლი, რომ მისი კანდიდატურა არის "ქართული ოცნების“ თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა სახალხო დამცველის პოსტზე. თქვენ გახსოვთ, რა გავიარეთ, რა პროცესი იყო და როგორ დაბლოკა "ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები მხოლოდ იმის გამო, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო. მე ეჭვი მეპარება, რომ მასზე გავლენის მოხდენა იყოს შეუძლებელი "ქართული ოცნებისთვის“, საზოგადოებას ახსოვს პოლიტიკური პოზიციები ლევან იოსელიანის და მისი პოლიტიკური პარტიის“, - განაცხადა წითლიძემ.

ამ ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა თვითონ კანდიდატმაც.

"ნამდვილად მაქვს პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა, არასამთავრობო სექტორის პოზიცია რა არის, არ ვიცი. თუ როგორც ბრძანეთ, მთავარი ბრალდება არის ის, რომ ჩემი პერსონა რაღაც "ლინკებით" უკავშირდება "ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ. მე ყველას ვთხოვ, დადონ ჩემი განცხადება უფლებების დაცვის ნაწილში, სადაც ჩემი პოზიცია არ იყო უფლებების მხარეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, ან შეიცავდა დისკრიმინაციას. მესმის, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები, მაგრამ ამის მიუხედავად მაქვს იმედი, რომ ვიქნები პარლამენტში ის კონსენსუსური ფიგურა, რომლის გარშემოც შეიკვრება 90 ხმაზე მეტი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ახალი ომბუდსმენის არჩევა, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, პარლამენტში 90 ხმიან მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, ომბუდსმენის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩართულობით, კოპრომისულად არჩევა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკითხია.

იხილეთ ასევე: