ავტორი:

"ჩინელი ინჟინრის დაკითხვის შემთხვევაში, შესაძლოა საქმე თავდაყირა დადგეს" - რას ამბობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი?

"ჩინელი ინჟინრის დაკითხვის შემთხვევაში, შესაძლოა საქმე თავდაყირა დადგეს" - რას ამბობს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი?

ადვოკატ ომარ ფურცელაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვაკის პარკის ტრაგედიაზე ეროვნებით ჩინელი ინჟინერი დაიკითხება, შესაძლოა, საქმე თავდაყირა დადგეს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, აღნიშნული პირი არის ადამიანი, ვინც ვაკის პარკში სამუშაოები გამართა.

ადვოკატის თქმით, რომელიც ცხრა ბრალდებულიდან სამის: ლაშა ფურცხვანიძის, დევი კახოიძის და ბექა მურღულიანის ინტერესებს იცავს, იმ შემთხვევაში, თუ ჩინელი ინჟინერი გამოიკითხება, გაირკვევა, რომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ „პროკურატურას ეშინია იმ ინფორმაციის“, რასაც ჩინელი ინჟინერი ფლობს.

"ჩვენ ვითხოვდით ეროვნებით ჩინელი ინჟინრის გამოკითხვას, რომელმაც უშუალოდ სამუშაოები გამართა. მას გააჩნია უალტერნატივო ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც სხვა წყაროდან შეუძლებელია, კერძოდ იმაზე, თუ როგორი იქნა სისტემა მოწყობილი, ვისი დავალებით მოეწყო სისტემა, ისე როგორც ის იყო გამართული და ვინ მონაწილეობდა მასთან ერთად [სისტემის მოწყობაში], იყო თუ არა ამ ფორმით სისტემის მოწყობა „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელების დავალება ან ცალკეული სამუშაოების არგანხორციელება.

პროკურატურას ეშინია იმის, რომ ზემოაღნიშნული პირი გამოძიებას მისცემდა ჩვენებას, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავდა ლაშა ფურცხვანიძის, დევი კახოიძის და ბექა მურღულიანი ბრალს. სხვა ახსნა-განმარტება არ არსებობს. ჩვენ ვითხოვთ ზემოაღნიშნული პირის გამოკითხვას. ფაქტია, რომ პროკურატურას ეშინია იმ ინფორმაციის, რომელიც პოტენციურად უნდა მიაწოდოს ინჟინერმა და მთავარმა ექსპერტმა, ვინც მოაწყო მთლიანი ელექტროსისტემა. საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს. ის ადამიანი ფლობს ერთადერთ, ექსკლუზიურ და უალტერნატივო ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა ნათელი მოფინოს ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგს“, - აცხადებს ფურცელაძე.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.

კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

ნახეთ ასეევე: