ავტორი:

"ჩემს ორსულ მეუღლეს უთხრეს, რომ სიმსივნე ჰქონდა და მშობიარობამდე მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა..." - ედ შირანი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს

"ჩემს ორსულ მეუღლეს უთხრეს, რომ სიმსივნე ჰქონდა და  მშობიარობამდე მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა..." - ედ შირანი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე საუბრობს

ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შირანმა "პრესრელიზში" მის ახალ ალბომსა და მეუღლის, შერი სიბორნის ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, შერის სიმსივნე აქვს და მკურნალობა სჭირდება.

"ათწლეულის განმავლობაში ვმუშაობდი ამ ალბომზე. ვცდილობდი სრულყოფილი აკუსტიკური ალბომი შემექმნა. დავწერე და ჩავწერე ასობით სიმღერა მკაფიო ხედვით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. შემდეგ, 2022 წლის დასაწყისში, გარკვეულმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, რამაც გავლენა იქონია ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, თუ როგორ აღვიქვამ მუსიკას და ხელოვნებას".

"სიმღერების წერა ჩემთვის თერაპიაა და ჩემი გრძნობების გააზრებაში მეხმარება. დავიწყე სიმღერების წერა და დაახლოებით 1 კვირაში, ათწლეულების ნამუშევრები ჩემი ყველაზე ღრმა და ბნელი აზრებით ჩავანაცვლე. სწორედ ამ პერიოდში ჩემს ორსულ მეუღლეს უთხრეს, რომ სიმსივნე ჰქონდა და რომ მშობიარობამდე მკურნალობას ვერ ჩაიტარებდა..."

ედ შირანს და შერი სიბორნს მეორე გოგონა წინა წლის მაისში შეეძინათ. მომღერალს მისი მეუღლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე არაფერი უთქვამს.

მომღერალი "პრესრელიზში" ასევე თავის საუკეთესო მეგობარს, ჯამალს იხსენებს, რომელიც 31 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. შირანი ამბობს, რომ შარშან ის დეპრესიის და შფოთვის ფონზე ცხოვრობდა. მან ასევე გაიხსენა ე.წ. პლაგიატის სარჩელი, რომელიც მის სიმღერას Shape of You"-ს შეეხებოდა.

"თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს წყალში ვიხრჩობოდი", - ასე აღწერს ედი საკუთარ მდგომარეობას.

"ეს ალბომი იმაზეა, თუ რას ვგრძნობდი ამ პერიოდში. პირველადაა, რომ არ ვცდილობ ისეთი ალბომი შევქმნა, რომელიც ხალხს მოეწონება. უბრალოდ, პატიოსნად და გულწრფელად გამოვხატავ იმას, თუ როგორი ვარ".

მომღერლის ახალი ალბომი 5 მაისს გამოვა, შემდეგ კი მას აშშ-სა და კანადაში აქვს ტური დაგეგმილი, რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა