1906 წელს, დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ცნობილი საქმის გამო ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, ასევე მათი დეიდაშვილი ნესტორ მაღალაშვილი მოსალოდნელი დაჭერის შიშით შვეიცარიაში გაიხიზნენ.
ლეო და გიორგი იმ დროს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პატრიოტის, მათე კერესელიძის შვილები იყვნენ.
"შვილებს მამის სახლითგან მოჰქონდათ მოვალეობა სამშობლოსათვის ბრძოლისა, აღტყინებული სიყვარული მისი", - წერდა ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფურცლებზე მიხაკო წერეთელი.
რუსეთის მთავრობამ მათ კვალს მალე მიაგნო და შვეიცარიის მთავრობისგან სისხლის სამართლის დამნაშავეთა გადმოცემა მოითხოვა. შვეიცარიის მთავრობამ ისინი დააპატიმრა, რომელთა საქმეს სასამართლოზე მიწვეულმა საერთაშორისო სამართლის ბელგიელმა მეცნიერმა ერნესტ ნისმა ამგვარი მსჯავრი დასდო:
"რუსეთი მოტყუებით დადებული და დამტკიცებული 1783 წლის ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა საქართველოში. მისი ბატონობა უკანონოა და წინააღმდგომი საერთაშორისო სამართლისა. ამიტომ ყოველი მოქმედება ქართველთა ქვეყნის განთავისუფლებისთვის უკანონო უცხო ბატონობისგან პოლიტიკური აქტია, და დუშეთის საქმეც. კერესელიძეებისა და მაღალაშვილის გადაცემა რუსეთისთვის ამიტომ უკანონო იქნებოდა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგანაც ისინი სისხლის სამართლის დამნაშავენი კი არ არიან, არამედ პატრიოტულ-რევოლუციონური აქტის ჩამდენნი".
საერთაშორისო სამართლის ძალით განთავისუფლებული ძმები კერესელიძეები ჟენევაში დამკვიდრდნენ.
უფროსმა ძმამ ლეო კერესელიძემ ჟენევის უნივერსიტეტი დაამთავრა და მეცნიერ-იურისტი გახდა, ხოლო გიორგი ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი უკვე ცოლშვილიანი იყო და მის მეუღლე თამარ ციციშვილს პირველი ვაჟი მათე საქართველოში, ხოლო მეორე ვაჟი ლეო (ლულუ) ჟენევაში შეეძინა.
ძმებმა კერესელიძეებმა ჟენევაში პეტრე სურგულაძესთან ერთად "სეპარატისტთა ჯგუფი" დააარსეს, რომლის ჟურნალი იყო "თავისუფალი საქართველო". ჟურნალის რედაქტორი იყო პეტრე სურგულაძე, ხოლო თანამშრომლებად და ავტორებად ლეო და გიორგი კერესელიძეები, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ნესტორ მაღალაშვილი. პაპიროსის ქაღალდზე დაბეჭდილი ყოველთვიური ჟურნალი 24- გვერდიანი იყო. სულ 1913-1914 წლებში ჟურნალის 4 ნომერი გამოვიდა.
ამ ჯგუფმა და მისმა ჟურნალმა მოამზადა ქართული აზრი მომავალ დიდ საქმეთა გასაგებად. "სეპარატისტთა ჯგუფი", 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე "საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტად" გადააკეთეს.
კომიტეტის წევრებთან ერთად გიორგი კერესელიძე ხან სტამბოლში, ხან ლაზისტანში, ბოლოს ბერლინში მუშაობდა. 1916 წელს ბერლინში "საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა" "ქართული გაზეთი" დააარსა, რომელსაც 1917 წლის დეკემბრიდან მის დახურვამდე, 1918 წლის სექტემბრამდე რედაქტორობდა გიორგი კერესელიძე.
1918-1919 წლებში გიორგი კერესელიძე მუშაობდა ბერლინში, დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოში. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წლებში იგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა...
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, აქტიურ პარტიულ საქმიანობას ჩამოშორებული გიორგი კერესელიძე, გერმანიიდან საბოლოოდ საფრანგეთში დამკვიდრდა და ფართო ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო.
ემიგრანტი ვახტანგ ღამბაშიძე 1947 წლის 24 ივლისს შოტლანდიიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა:
"...მაინც რამდენი მასალა დაიღუპა ამ შეჩვენებული ომის წყალობით: ლეო კერესელიძის ნაწერები და წიგნები, გიორგი კერესელიძის, ზურაბ ავალიშვილის, რეზო გაბაშვილის და რამდენი სხვა. აკაკი პაპავას წიგნთსაცავი მგონი გადარჩენილა, მაგრამ შეუძლია კი ვისმე მათი სარგებლობა? - მეეჭვება".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლეო კერესელიძე 1913-14 წლებში თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს "თავისულფალი საქართველო“ რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მიხეილ წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს“, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში“ და მონაწილეობდა "ქართული ლეგიონის“ ჩამოყალიბებაში, რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა პოლკოვნიკის წოდებით.
ლეგიონი 1916 წლამდე მონაწილეობდა კავკასიის ფრონტის ბრძოლებში. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. კერესელიძემ ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო და განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. მოგვიანებით, ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების გამო ლეგიონი ფაქტობრივად დაშალეს, მაგრამ კერესელიძე განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წლის მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი ნოემბერში დაბრუნდა სამშობლოში და მთავრობის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.
1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში და თავისი ლეგიონით თავი გამოიჩინა შულავერი აღების დროს. 1919 წელს იბრძოდა სამცხეში მუსლიმი ამბოხებულების წინააღმდეგ და დაიჭრა |აწყურთან შეტაკების დროს. იმავე წელს გაგზავნილი იქნა ცხინვალში ამბოხებული ჯაველი ოსების წინააღმდეგ. 1919 წლის აგვისტოში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის შეთანხმებით დაინიშნა გენერლად და მთიელთა რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად. წარმატებით ებრძოდა ანტონ დენიკინის "მოხალისეთა არმიას“ ჩეჩნეთსა და დაღესტანში, თუმცა გროზნოს აღება ვერ შეძლო. 1920 წელს გახდა გენერალი. იმავე წელს იყო სამხედრო წარმომადგენელი პოლონეთში. 1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე, რის გამოც მცირე ხნით დაკავებული იყო.
საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. მისი ძმა, იასონი, საქართველოში დარჩა და იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. იგი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად 1923 წელს დახვრიტეს.
საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი“, რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. 1943 წელს კერესელიძე მოკავშირეთა მიერ ბერლინის ერთ-ერთი პირველი დიდი დაბომბვისას ნაღმის ნამსხვრევმა იმსხვერპლა.
ლეო კერესელიძის მოღვაწეობას ბიოგრაფიული რომანი "უსასრულო ბრძოლა“ (Unending Battle) მიუძღვნა ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტენეი არმსტრონგმა.
"შენი ბოლო წერილი ბერლინში, დაახლოებით, ამ 20-22 წლის უკან მივიღე. დღეს 8 ამ თვის ბარათით უაღრესი ბედნიერება მივიღე. შენ და მეღა დავრჩით ჩვენი დედმამიშვილებიდან. ლეომ, იასონმა და ვახტანგმა დაგვაობლეს. მომწერე ხოლმე ყველა ამბები. აკოცე ყველას ჩვენებს და სთხოვე ხანდახან მაინც ორიოდე სიტყვით გამომებაასონ. ჩვენი იასონის შვილები რომ დიდად ლამაზნი იყვნენ, ამას ხშირად მიამბობდა ხოლმე ლიზა ჩერქეზიშვილი. ერთი პირობა იასონის ბავშვების ბერლინში ჩამოყვანას ვაპირებდი, ხოლო ბევრმა ჩემგან დამოუკიდებელმა გარემოებამ ხელი შემიშალა. ეხლა არა ვნანობ. საქართველოს თავისი შვილები თვითონ სჭირიან და მათ გაფანტვა დედამიწის ზურგის სხვადასხვა კუთხეებში დიდი ეროვნული დანაკლისია".
ცრემლნაპკურებ პირველ წერილში სიტყვები ძლივსღა იკითხება. ამდენი ხნის მონატრებულ ძმას სურდა, ყველაფერი გაეგო მისი ახლობლების შესახებ:
"შენი 3 თებერვლის წერილი დიდი ხანია მივიღე და უღრმესი ბედნიერებით წავიკითხე. მართალია, ბევრი სამწუხარო ცნობებია შიგ (ვახტანგ ქართველიშვილის, საშა ნათიშვილის, ვანო უთნელიშვილის, ტიტო გურამიშვილის, ნესტორ მაღალაშვილისა და კოხტას შესახებ), მაგრამ შენი სიტყვები კვლავ მიბრუნებენ ბავშვობისას განცდილ გრძნობებსა და სურათებს. რამდენი ტკბილი და რამდენი მწარე მოგონებანი აღსდგებიან ხოლმე ჩემ თვალთა წინაშე და ჩემი გულის სიღრმეში. ხო, ჩემო ელენე, 13 აპრილს შესრულდება 51 წელი, რაც მე უცხოეთში დავეხეტები ქვეყნიდან ქვეყანაში. მაგრამ განა უკეთესთა უკეთესი ქვეყანა სამშობლოს ადგილს დაიჭერს?! მწერ - თბილისს ვეღარ იცნობო. და, განა, საერთოდ საქართველოს კიდევ ვიცნობ, ღმერთმა რომ მისი ნახვა მაღირსოს?! ფიზიკურად შეიძლება ესა თუ ის კუნჭული კიდევ მეცნობოს, მაგრამ მორალურად? ე.ი. ნათესავ-მეგობრები და საერთოდ მთელი ერი და მე, 51 წლის დაშორების შემდგომ კიდევ ვიცნობთ ერთი-მეორეს?!
გავიგე ლიზა თურმე კერესელიძის ქუჩაზე ცხოვრობს. ალბად ივანე კერესელიძის სახელობის ქუჩა იქნება. გიგზავნი ერთ ჩემს სურათს 18 წლის უკან გადაღებულს. მას აქეთ დრომ თავისი მსვლელობა განაგრძო და კვალიც დიდი დასტოვა.
შენი ერთგული და მოსიყვარულე ძმა გიორგი კერესელიძე".
მიუხედავად ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლისა, გიორგი კერესელიძე, როგორც ყველა ემიგრანტი, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ღრმა ფესვებით იყო დაკავშირებული სამშობლოსთან, მის ყოფასაც სდევდა დარდი და მონატრება:
"მომაგონდება ხოლმე გორი, სადაც შენ, ლეო, ვახტანგი და მე დავიბადენით. მახსოვს ის სახლი, გორში, იქ სადაც ფშანი ლიახვსა და ლიახვი მტკვარს ერთვიან. მაგონდება ხშირად ჩვენი აღმზრდელი აკვანი, გადახოხილი, ღარიბი, ჭუჭყიანი ახრისი და ვერ აგიწერ, რამდენ პოეზიასა ვპოულობ თუნდაც შემდეგ სურათში: წყლის "ბოჭკა", საღორესთან ახლოს, "ბოჭკის", "კრანთან" გობი, სადაც წინწკალ-წინწკალ წყალი გროვდებოდა, გადმოდიოდა და ქმნიდა პატარა წუმპეს, იხვისა და ბატის ჭუკების საბედნიეროდ. მახსოვს დედა, ახალგაზრდა, ლამაზი, ტანადი, კოხტა, ეშხით, მიმზიდველობით, საოცარი კეთილის ღიმილით დიდად დაჯილდოებული. მისი ლიტერატურული და პოლიტიკური "სალონი". სტუმრობა, სახლი მთაწმინდაზე - იმედები მომავლისა. მამა, ილიასა და აკაკის რომ აღფრთოვანებით გვიკითხავდა და გვაყვარებდა. ყოველივე ეს და სხვა ბევრი რამ ღრმად და დიდის სილამაზით აღბეჭდილი არიან ჩემს გრძნობებში".
გიორგი კერესელიძის წერილებში, სამშობლოსა და ახლობლების მონატრებასთან ერთად, საინტერესო ლიტერატურული პასაჟებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან მის განსწავლულობასა და კრიტიკულ, ესთეტიკურ შეხედულებებზე.
ყურადღებას იქცევს ილიას პიროვნებისა და მისი შემოქმედების მიმართ გიორგი კერესელიძის დამოკიდებულება. იგი დას წერდა: "ცისკრის" რამდენიმე წერილმა ("ცისკარი" #5, 1957) ილიას შესახებ დიდათ დამაინტერესა. ილია ჩემთვის ღვთაებრივი მოვლენაა. მან გადაგვირჩინა სიკვდილის პირზე მისული საქართველო. სამწუხაროდ, კიდევ მთელი სიღრმით ვერ ჩავწვდით მისი შემოქმედების უსაზღვრო განძს. ზოგიერთა ნაწერი, როგორც აქაური, ისე მანდაური ქართველებისა მცდარია, ღარიბი. თუნდ მისი "განდეგილი" ავიღოთ მაგალითად. აქამომდე არ შემხვედრია არც ერთი ისეთი განხილვა, რომელსაც ესმოდეს, თუ რა რელიგიურ-ფილოსოფიური აზრი სდევს ამ გენიოსურ ნაწარმოებში. ესეთი ორიგინალური, წმინდა ილიასებრი განხილვა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა ვგონებ არავისა აქვს. არც Flaubert"ს, არც Zola"ს, არც ტოლსტოის, არც ლერმონტოვს, არც Anatol France"ს და არც სხვას (გუსტავ ფლობერი, ემილ ზოლა. - მ.მ.).
"წინასწარ კოცნით გიხდი მადლობას ილიას საიუბილეო წიგნისთვის. ილიას ხსოვნა აქაც ვიდღესასწაულეთ. და განა შეიძლება ქართველმა, ვინც ამ სახელის ღირსია, ილია დაივიწყოს?"
* * *
საფრანგეთში დამკვიდრების შემდეგ გიორგი კერესელიძე ფართო ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობაში ჩაება. მისი კრიტიკული წერილები ლიტერატურაზე ევროპაში გამომავალ ჟურნალ-გაზეთების გარდა, იბეჭდებოდა ამერიკაში დაარსებულ ჟურნალ "კრებულში".
ის1960 წელს გარდაიცვალა.