შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ.
როგორც გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ისტორიის, უცხო ენისა და მათემატიკის გამოცდებს შეეხება.
"წელს ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. საგამოცდო დრო არ შეცვლილა", - განაცხადა გორგოძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში წელს ახალი საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
"ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობისგან და გათვალისწინებული იქნა ეს მოთხოვნა. ამის თაობაზე 2 წლის წინ დაიწყო საუბარი, მუშაობა და წელს შევძელით, რომ ეს გაგვეკეთებინა", - განაცხადა გორგოძემ.
მისი განმარტებით, საგამოცდო ცენტრების რაოდენობა ყოველ წელს მცირედით იცვლება. როგორც სოფიო გორგოძემ განაცხადა, წელს 27 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.