"კინოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. კარგმა ფილმმა ან ეკრანულმა გმირმა, დადებითი ემოციების თუ განცდების გარდა, შეიძლება ცხოვრებისეული მოვლენების სწორ შეფასებაზეც კი მოახდინოს ზეგავლენა. ფილმი ხანდახან განტვირთვაშიც გვეხმარება, ადამიანს, ანიჭებს მხნეობას და ზოგჯერ მთელი ცხოვრება გაგვყვება, როგორც სიყვარულისა და ვაჟკაცობის კარგი მაგალითი. არ დამავიწყდება ჩემი ბავშვობის ემოციები ამა თუ იმ ფილმის ნახვისას. უდიდესი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობაში ნანახმა ფილმებმა: "ფან ფან ტიტა", "ბაში-აჩუკი" თუ "სამი მუშკეტერი", - გვითხრა ცნობილმა მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა, როდესაც ვთხოვეთ დაესახელებინა 10 ფილმი, რის ყურებასაც ჩვენს მკითხველს ურჩევდა.
მაშ ასე, რეზო ჩხიკვიშვილის ათეული ასეთია:
1. "ნატვრის ხე“
თენგიზ აბულაძის მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი, რომელიც 1976 წელს გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით არის გადაღებული. სცენარის ავტორები არიან: რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. ტრილოგიის დანარჩენი ფილმებია: "ვედრება“ და "მონანიება“.
2. "მონანიება“
თენგზ აბულაძის ტრილოგიის ბოლო ნაწილი, რომელიც 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე და აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. მსოფლიო პრემიერა კი, 1987 წელს, კანში გაიმართა. კანის კინოფესტივალზე ფილმმა 3 ჯილდო მიიღო: ჟიურის სპეციალური პრიზი, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი" და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის.
3. "არაჩვეულებრივი გამოფენა“.
რეჟისორ ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენა“ ეკრანებზე 1968 წელს გამოვიდა. ეს საოცრად მარტივი ფილმი იმდენად გენიალური აღმოჩნდა, რომ დროს გაუძლო და პიპინია, აგული, გლაფირა, შავლეგი, აკიმი ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრები გახდნენ.
4. "არ დაიდარდო“
გიორგი დანელიას ფილმი, გადაღებულია 1969 წელს. იგი ეფუძნება კლოდ ტილიეს რომანს "ჩემი ბიძია ბენჟამენი“, წარმოადგენს მის თავისუფალ ინტერპრეტაციას.
5. "შინდლერის სია“
1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამის რეჟისორი სტივენ სპილბერგია, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი, ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანს, სახელად "შინდლერის კიდობანი“. ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე.
6. "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
რეჟისორ მილოშ ფორმანის მხატვრული ფილმი დრამის ჟანრში, კენ კიზის რომანის – "გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანიზაციაა. ფილმის პრემიერა შედგა 1975 წლის 19 ნოემბერს, ჩიკაგოს კინოფესტივალზე. კინემატოგრაფიის ისტორიაში სურათი გახდა მეორე, რომელმაც "ოსკარი“ ხუთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში მიიღო. იგივე წარმატება ფილმმა გაიმეორა "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზეც - კინოს ისტორიაში პირველად.
7. "ერთხელ ამერიკაში“
1984 წელს გადაღებული კრიმინალური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია სერჯო ლეონე. თავარ როლებში არიან: რობერტ დე ნირო და ჯეიმზ ვუდსი. ფილმი ყველა დროის საუკეთესო 50 ფილმშია შესული.
8. "ცხოვრება მშვენიერია“
რობერტო ბენინის 1997 წელს გადაღებული იტალიური კომედიურ-დრამატული ფილმი. აღებული აქვს "ოსკარი“, როგორც საუკეთესო უცხოენოვან ფილმს, მან კანის კინოფესტივალზეც მოიპოვა გრან-პრი.
9. "ბედის ირონია“
ელდარ რიაზანოვის ორსერიანი საკულტო საბჭოთა ფილმი 1975 გამოვიდა ეკრანებზე და წლიდან წლამდე ტრადიციად იქცა მისი საახალწლო ტელეეთერში ჩვენება.
10. "როკო და მისი ძმები“
ლუკინო ვისკონტის იტალიური დრამა "როკო და მისი ძმები“ გადაღებულია 1960 წელს, ჯოვანი ტესტორის ნაწარმოების მიხედვით.
იხილეთ ასევე:
მოამზადა რუსუდან შაიშმელაშვილმა