ავტორი:

139 860 ლარის სესხი და 220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე?

139 860 ლარის სესხი და 220 480 ევრო საანაბრო ანგარიშზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე?

თეა წულუკიანი "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან წამყვან თანამდებობებს იკავებს. წულუკიანი იუსტიციის მინისტრი იყო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე. ამჯერად კი კულტურის მინისტრის თანამდებობაზეა.

მისი გამონათქვამები დიდწილად ხისტი და კრიტიკულია. ხშირად ეხვევა სკანდალებში და ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე ხდება.

წულუკიანი წლებია, რაც ნუგზარ კაკულიაზეა დაოჯახებული. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი - მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა. წულუკიანი გამორჩეული დედაა, ის ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე ქალიშვილთან ერთად. მერიკო ესწრება სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში, დადის დედასთან ერთად მუზეუმებში, გუშინ კალათბურთის მატჩსაც კი დაესწრო ახალ სპორტის სასახლეში.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქედან თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.

როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა", - ამბობდა მინისტრი, ერთ-ერთ ინტერვიუში.

წულუკიანმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის იანვარში შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, თეა წულუკიანს 2017 წელს, მესტიის რაიონ სოფელი ზემო ლუჰაში, 6000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ნუგზარ კაკულიამ კი 2016 წელს, ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში, 50009 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 7000 ლარად შეიძინა.

მათ ქალიშვილს, მერი კაკულიას 2020 წელს, სამტრედიის რაიონის სოფელ ტოლებში 1182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა საჩუქრად.

2021 წელს ნუგზარ კაკულიამ საჩუქრად მიიღო თბილისში დოლიძის ქუჩაზე 36,07 კვ.მ. ბინა.

ნუგზარ კაკულიამ 2022 წელს Cayenne მაღალი გამავლობის ავტომანქანა 12 000 დოლარად შეიძინა.

თეა წულუკიანს, დეკლარაციის შევსების დროს, "საქართველოს ბანკის" უნივერსალურ ანგარიშზე ერიცხებოდა 637,99 ლარი, საბავშვო ანაბარზე 15 956,55 ლარი. ნუგზარ კაკულიას კი 740,18 ლარი.

ნუგზარ კაკულიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე, გასულ წელს ხელფასის სახით 41 600 ლარი მიიღო.

თეა წულუკიანმა კი - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის პოსტზე - 66 000 ლარი.

თეა წულუკიანმა რამდენიმე სესხი გააერთიანა და ახლა საქართველოს ბანკში სესხის სახით 139 860 ლარი აქვს. მინისტრმა უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავლი 220 480 ევრო საანაბრე ანგარიშზე განათავსა.

თეა წულუკიანმა ახლო ნათესავის მიერ ან მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხი 26 848 ლარის ოდენობით დაფარა, - ვკითხულობთ დეკლარაციაში.

გასულ წელს, წულუკიანმა სწავლის გადასახადში 9197 ლარი დახარჯა. ნუგზარ კაკულიას კი ხელოსნის მომსახურება 7 ათასი ლარი დაუჯდა.