ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. თბილისში, "თბილისი არენაზე" ქართველი კალათბურთელები ისლანდიელებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი ბოლო წამები, საქართველო 3 ქულით დამარცხების შემთხვევაშიც გავიდოდა ჩემპიონატზე, ხოლო ისლანდიას 4-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა.
თამაში საბოლოოდ ანგარიშით მეტოქე გუნდის გამარჯვებით, 77-80 დასრულდა, თუმცა რადგან სხვაობა 3 ქულაზე მეტი არ იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გავიდა.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.