ავტორი:

"ესებუა თბილისში სიყვარულმა დააბრუნა... ჰყავდა გოგონა, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდა" - ინტერვიუ ბრალდებულთან: სად იყო ძებნილი ესებუა დაკავებამდე?

"ესებუა თბილისში სიყვარულმა დააბრუნა... ჰყავდა გოგონა, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდა" - ინტერვიუ ბრალდებულთან: სად იყო ძებნილი ესებუა დაკავებამდე?

"საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ წერილობით ინტერვიუში ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

მისი ინფორმაციით, ცხოვრობდა ბათუმში, ასევე თბილისში და დროდადრო რჩებოდა სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასტუმროებში. რაც შეეხება ბანკის ძარცვის დღეს, ამბობს, რომ ეს ამბავი ტელევიზიით გაიგო და მომხდართან მას კავშირი არ აქვს. ბრალდებული ასევე იხსენებს, რომ მანამ, სანამ ძარცვის ფაქტი მოხდებოდა, მას ძალოვანები დევნიდნენ.

"ამის გამო სამეგრელო 2020 წელს დავტოვე და ვცხოვრობდი ხან ბათუმში, ხან სოხუმში" - ჰყვება ესებუა.

ამბობს, რომ თუ ქართული სასამართლო გაამტყუნებს, ბრძოლას სტრასბურგში გააგრძელებს.

"ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. ინფორმაციზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, როცა იბრალებენ, რომ მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1 წელი ვიმყოფებოდი, შემდეგ დავბრუნდი ბათუმში, შემდეგ თბილისში. დედაქალაქში მეტროთი გადავადგილდებოდი, რადგან ეს უსაფრთხოა" - ჰყვება ინტერვიუში ესებუა.

ირკვევა, რომ ესებუას თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სუს-ის შენობის გვერდით ჰქონდა ბინა ნაქირავები, სადაც მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. როგორც მისი ადვოკატები ამბობენ, სწორედ შეყვარებული იყო მოტივაცია, რომ ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან წამოსულიყო.

"მას ჰყავდა მეგობარი გოგონა, რომელზეც სერიოზულად ფიქრობდა. ეს იყო მოტვაცია, რომ ყოფილიყო საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ესებუა თბილისში სიყვარულმა დააბრუნა. ის თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა" - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობახიძე.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: