ავტორი:

"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია

"მას სანთლით დაეძებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები... მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპია

"იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა" - ასე იხსენიებდა გრიგოლ რობაქიძე ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლს, ეროვნულ გმირს ვარლამ ჩერქეზიშვილს.

  • ქართველი რევოლუციონერი 1846 წელს კახეთში, სოფელ თოხლიაურში დაიბადა. ვარლამ ჩერქეზიშვილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობა იყო!

1876 წლამდე რუსეთში, სხვადასხვა რევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. 1870 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში და 1876 წელს ევროპაში გაიქცა. ამის შემდეგ ჩაება ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანარქისტი. ამ ნიადაგზე მან მთელ ევროპაში სახელი გაითქვა, როგორც რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთმა ანარქისტულმა ლიდერმა. აწყობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, კონგრესებს, კონფერენციებს და იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი.

ცნობილია, რომ ჩერქეზიშვილი ილია ჭავჭავაძის იდეების ერთგული თაყვანისმცემელი იყო და იმდენად დიდი თანამოაზრე, რომ 1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ მას დაუთმო თავისი სახელგანთქმული გაზეთის "ივერიის" ფურცლები. ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი 40 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში. იქედან აგზავნიდა წერილებს და ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. "ივერიაში" იგი "ვაზიანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა. ვარლამ ჩერქეზიშვილს სანთლით დაეძებდნენ მთელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად, როგორც დამნაშავეს და ბოროტმოქმედს. მისი გამოჩენა იმპერიის საზღვრებში აკრძალული იყო, მაგრამ მაინც შეძლო ორჯერ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლა.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა - საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. სწორედ ამ დღეს შემოვიდა საქართველოში რუსული წითელი არმია და დაასამარა ქართველთა ოცნება თავისუფლებაზე.

დღეს უამრავი პოსტი იწერება ქართველ გმირებზე, თავდადებულ მამულიშვილებზე, რომლებიც სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირნენ.

ერთ-ერთი ასეთი იყო ვარლამ ჩერქეზიშვილიც, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობა რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. მის შესახებ "ფეისბუქზე" არსებულ ჯგუფში "ფოტო ამბები" პოსტი ნინო გახოკიამ გამოაქვეყნა.

"ამ ფოტოზე ცნობილი მემარცხენე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი ანარქისტი და ფილმ "ფესვების" გმირის პროტოტიპი ვარლამ ჩერქეზიშვილია. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი.1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში, რომელმაც მიზნად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა.1907 წელს მისი დიდი ძალისხმევით წარუდგინეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი „ქართველი ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა“.

უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში,40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან.1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო არმია დამოუკიდებელ საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს კი ვარლამ ჩერქეზიშვილი საბოლოოდ გაიხიზნა სამშობლოდან. გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია ლონდონში, Highgate-ის სასაფლაოზე კარლ მარქსის საფლავის სიახლოვეს" - წერს ნინო გახოკია.

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე

ვარლამ ჩერქეზიშვილი და მის გვერდით მისი მეუღლე ფრიდა რუპერტუსი