"საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა თბილისში შეყვარებულთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ექსკლუზიურ დეტალებს თემაზე "ნოდარ მელაძის შაბათი" აანონსებს.
როგორც ირკვევა, ბინა სადაც ბრალდებული ცხოვრობდა, სუს-ის შენობის გვერდით იყო.
"სირცხვილია ახლა, რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი საქართველოში. ვცხოვრობდი ბათუმში, ასევე თბილისში, დედაქალაქში მეტროთი გადავადგილდებოდი..." - ამბობს ესებუა "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში, რომელსაც სრულად მაყურებელი დღეს საღამოს ნახავს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.