"ქართული ლეგიონი“ მზად არის!" - ასე ეხმაურება ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასობრივ თავდასხმას გეგმავს.
"რუსებს ბელარუსის მხრიდან კრემატორიუმის მანქანები შემოჰყავთ. ეს ჩემთვის, როგორც სამხედროსთვის, იმის ინდიკატორია, რომ ომი დაიწყება. როგორც წესი, შემტევ ოპერაციას დიდი მსხვერპლი მოსდევს შემტევი მხარისთვის. ცნობილია, რომ შეტევის დროს დაღუპულ საკუთარ ჯარისკაცებს რუსები წვავენ და მერე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აცხადებენ. ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ...“ - ეს განაცხადი მამულაშვილმა, შარშან, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე გააკეთა.
შეგახსენებთ, 2022 წელს, 24 თებერვლის დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ამბობდა, რომ უკრაინა შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა და რუსეთი ბლიცკრიგით აიღებდა კიევს. უკრაინელებმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს, პუტინმა კიევი ვერც ბლიცკრიგით აიღო და ვერც ფართომასშტაბიანი ომით.
თუმცა დღეს, ომის დაწყების წლისთავზე უკრაინაში რუსული თავდასხმა გაძლიერებულია. ომის სურათი იცვლება, დასავლეთი რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებას პროგნოზირებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი დამატებით შეიარაღებას ითხოვს.
რუსეთ-უკრაინის ომის ერთ წელზე, უკრაინელების განწყობებსა და უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვიყავი დარწმუნებული, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადებოდა. შარშან, "ქართულმა ლეგიონმა“ ომამდე სამი თვით ადრე დაიწყო მომზადება. რაც შეეხება, დღეს მოსალოდნელ ფართომასშტაბიან შემოტევას, ჩვენ ახლა გაცილებით კარგად ვართ მომზადებულები, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით.
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარშან 16 თებერვალს ასეთი განცხადება გაავრცელა "ჩვენ გვემუქრებიან დიდი ომით და კიდევ ერთხელ ჩანიშნეს შემოჭრის თარიღი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე...“ იმ პერიოდში, ამერიკული დაზვერვა ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის საზღვართან 130 000 რუსი სამხედრო იყო მობილიზებული, მაგრამ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო აცხადებდა, რომ ვერ ხედავდა რუსეთის შემოჭრის საფუძველს. უფრო მეტიც, საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი ამბობდა, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო. ასეთ ვითარებაში, როგორ შეძელით ლეგიონის მომზადება?
- არ იყო მარტივი. ყველაზე რთული ის იყო, რომ თავად უკრაინელებისთვის იყო დაუჯერებელი ის, რასაც მოსკოვი აპირებდა. არაერთი თხოვნის მიუხედავად, შესაბამის შეიარაღებასაც კი არ გვაძლევდნენ. ცინიკური სტატიებიც კი დაიწერა ჩვენს შესახებ, "ქართული ლეგიონი“ ომისთვის ემზადებაო (მერე ამისთვის ბევრჯერ მოგვიხადეს ბოდიში). ამის მიუხედავად ჩვენ მაინც მოვახერხეთ და გავწვრთვენით 10 000 კაცი - სამოქალაქო პირი, რომლებმაც უკრაინის თავდაცვაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და დღემდე ასრულებენ.
"ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის დაზვერვასა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებზე ადრე გააკეთა ბევრი რამე.
- იქნებ უფრო დეტალურად გაიხსენოთ შარშანდელი 24 თებერვალი.
- ურთულესი დღე იყო. ბოლომდე შეიარაღებულებიც კი არ ვიყავით. გარკვეული იარაღი და ამუნიცია საბრძოლო შეტაკებამდე, ორი საათით ადრე გადმოგვცეს. შეტაკებაში ერთ-ერთი პირველი "ქართული ლეგიონი“ ჩაერთო. ეს იყო ჰოსტომელის აეროპორტში. მსუბუქი სასროლი იარაღით შეიარაღებულებს დაგვიპირისპირდნენ საბრძოლო ვერტმფრენები - რუსული, უახლესი კა-52 - ები. ძალიან მძიმე დღე იყო, მაგრამ თავი გავართვით.
- ალბათ, ამას დაგიფასებენ უკრაინელები...
- დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს დაუფასებენ. ჩვენ აქ იმისთვის არაფერს ვაკეთებთ, რომ კონკრეტულმა ჯგუფმა ან კონკრეტულმა ადამიანებმა გაითქვან სახელი. ყველაფერი კეთდება საქართველოსთვის.
- ამ მხრივ, გარკვეულ უხერხულობებს ხომ არ ქმნის საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული დაძაბულობა?
- ეს ამბავი ნამდვილად ქმნის უხერხულობას. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. დიდხანს არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ცხადია, - ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება. პრემიერმა ღარიბაშვილმა მიუნხენის სამიტზე ზუსტად ის თქვა, რასაც ტერორისტი ქვეყნის ლიდერი, პუტინი ამბობს - უკრაინა უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზეო. დასავლელმა პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ მიიწევს ნატოსკენ! შეიძლება ითქვას, რომ ღარიბაშვილმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრების იმედი მოგვიკლა. ყველაფერი გააკეთა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ერთადერთი, რაც მახარებს ის არის, რომ უკრაინელი ლიდერები ამბობენ, თავად ქართველი ხალხი ჩვენს გვერდით დგას, ამას კარგად ვხედავთ და კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფების გამოხტომები არ გვაინტერესებსო.
- ომის დამთავრების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა?
- ომის დასრულების შემდეგ ყველაზე კარგი რაც მოხდება, ის არის, რომ რუსეთს აღარ ეყოლება ჯარი. იმის იმედიც მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გზით. როგორც კი საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, იმ წუთებიდანვე დალაგდება საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები. უბრალოდ, მთავარია, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ღირსეული, ეროვნული ხალხით დაკომპლექტდეს და არა რუსული ნარჩენებით.
- თქვენ გარდა იმისა, რომ აფხაზეთის ომის მონაწილე ხართ, არაერთ სხვა ოპერაციაშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული და კარგად იცნობთ რუსი სამხედროს რეალურ სახეს. დღეს რას აკეთებენ რუსები უკრაინაში ისეთს, რაც არ გაუკეთებიათ აფხაზეთში ან ჩეჩნეთში, რამ აღაშფოთა დღეს მსოფლიო საზოგადოება, ასე ძალიან?
- რუსების ბარბაროსობა შეიძლება ევროპელებს და უკრაინელებს გაუკვირდეთ, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის ამაში ახალი არაფერია. ვხედავთ იგივე სისასტიკეს და სამხედრო დანაშაულებს, რასაც რუსები ჩადიოდნენ აფხაზეთში, შემდეგ კი მთელი 30 წლის განმავლობაში, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან. ამ ყველაფერმა მხოლოდ ახლა გადმოინაცვლა უკრაინაში.
- ზოგადად, ომს ახასიათებს სისასტიკეც და მოროდიორობაც, რუსები რით არიან განსხვავებულები?
- თანამედროვე ომებში მშვიდობიან მოსახლეობას ბალისტიკური რაკეტებით არ ბომბავენ, მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს არ აწამებენ. რუსები ომს კი არ აწარმოებენ, ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ. რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა და იმედი მაქვს, დასავლეთი მალე აღიარებს კიდეც ამას.
- რას იტყვით სამხედრო ანალიტიკოსების იმ ვერსიის შესახებ, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული თავდასხმა გაძლიერებულია და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც გაძლიერდეს?
- სრულად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. არ შეიძლება, მტრის შესაძლებლობები სწორად არ შეაფასო. რუსებმა, ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი მარცხი იწვნიეს. მათ შეაფასეს თავიანთი შეცდომები, ბევრი რამ გაანალიზეს და სწორი ანალიზი დადეს. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ტალღა იქნება ბევრად რთული, ვიდრე აქამდე იყო. ასე რომ, უკრაინას ახლა ბევრად მეტი იარაღი სჭირდება, ვიდრე ამ დრომდე მიაწოდეს. ვფიქრობ, რომ უკვე მოკლე ხანში იქნება ომის კულმინაცია, ყველაზე ძლიერი ფაზა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის მზად ვიყოთ. მორალურად მზად ვართ, არც მოტივაცია გვაკლია, მთავარია იარაღი.
ბაიდენის უკრაინაში ვიზიტით, ამერიკელებმა დააფიქსირეს თავიანთი უცვლელი აზრი, უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. თავად ბაიდენმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, უკრაინას ძალიან დიდი რაოდენობის იარაღს მიაწვდიან. ყველა ხვდება, რომ ომის გადამწყვეტი ფაზა იწყება დღეს.
- დაპირებული იარაღის უკრაინაში ჩამოტანას დრო სჭირდება, უკრაინას კი როგორც ჩანს, ბევრი დრო აღარ აქვს...
- არც მე და არც თქვენ, არ ვიცით ზუსტად, იარაღი უკვე მიაწოდეს უკრაინას თუ აწი მიაწვდიან. ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, ამას ყველა დავინახავთ ფრონტის ხაზზე.
ავტორი: ხათუნა ბახტურიძე