ავტორი:

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის 6 გაკვეთილი - კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია: ბრძოლის 1 წელი

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ომის 6 გაკვეთილი - კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია: ბრძოლის 1 წელი

დღეს 24 თებერვალია - 2022 წლის ზუსტად ამ დღეს ვლადიმერ პუტინმა თავისი მორიგი იმპერიალისტური გეგმის განხორციელება დაიწყო და გადაწყვიტა, რომ შეეძლო მეზობელ ქვეყანაში შეჭრა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, ტერიტორიების მიტაცება, მილიონობით ადამიანის დევნილად ქცევა, ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დატოვება.

პუტინი ფიქრობდა, რომ ის გეგმას მარტივად შეასრულებდა, რომ კიევი დაეცემოდა, თუმცა ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიევი არათუ არ დაეცა, არამედ პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შეარყია და დღეს უკვე ექსპერტები ამბობენ, რომ როგორც უნდა დასრულდეს ეს ომი, რუსეთი ვეღარ იქნება ისეთი ძლიერი და გავლენიანი, როგორც აქამდე.

დასავლური სამყარო ამ ომმა უკრაინის მხარდასაჭერად გააერთიანა. ჩვენ ვნახეთ კიევში ჩასული მსოფლიოს ცივილური ნაწილის ლიდერები, ხოლო ომის წლისთავზე კიევის ქუჩებში მოსეირნე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ვნახოთ, რა ასწავლა მსოფლიოს პუტინის ომმა უკრაინაში, 21-ე საუკუნის კონფლიქტმა, რომელიც თავისი ბუნებით სხვა ომებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

  • გაკვეთილი #1: ლიდერები ხშირად აკეთებენ არასწორ გათვლებს

აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეცდა, როცა ივარაუდა, რომ უკრაინას არ შეეძლო სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა და ჩათვალა, რომ თუ უკრაინა შეეცდებოდა წინააღმდეგობის გაწევას, ეს ვერ მოახდენდა რუსულ ჯარზე დიდ გავლენას. მან არასწორად შეაფასა რუსული ჯარის შესაძლებლობები, უკრაინის გამძლეობა და დასავლეთის უნარი, ალტერნატიული ენერგიის წყაროს მოძიების თვალსაზრისით.

მაგრამ დასავლეთიც უშვებს შეცდომებს. ისინი წლების განმავლობაში უგულებელყოფდნენ ომის დაწყების შესაძლებლობას და აზვიადებდნენ ეკონომიკური სანქციების ძალას. არ აფასებდნენ რუსეთის წინააღმდეგობის სიღრმეს დასავლეთის მცდელობებთან მიმართებით - შეეჩერებინათ რუსეთის აგრესია სანქციებით, რომელიც ომამდე ძალიან მწვავე არც ყოფილა.

  • გაკვეთილი #2: ერთიანობის ძალა აგრესორის წინააღმდეგ

ეს გაკვეთილი პუტინისთვისაა. უკრაინაში ომი შეხსენებაა იმისა, რომ სახელმწიფოები, როგორც წესი, ერთიანდებიან, რათა დაუპირისპირდნენ აშკარა აგრესიას. გარდა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტს სჯეროდა, უკრაინა დაეცემოდა, ამავდროულად ივარაუდა, რომ ნატო არ უპასუხებდა ისე, როგორც ახლა პასუხობს.

ახლა რუსეთი ერთ სუსტ სახელმწიფოს კი არ ებრძვის, არამედ ის ომს აწარმოებს ქვეყანასთან, რომელსაც მხარს უჭერს ძლიერი კოალიცია, რომლის ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 20-ჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს. ამ კოალიციას აქვს მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იარაღი.

პუტინმა ივარაუდა, რომ უკრაინში შეჭრა "ტკბილი გასეირნება“ იქნებოდა, თუმცა შეცდა. რუსეთი ახლა ჩიხშია და ის მომავალში უფრო სუსტი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს ომი.

  • გაკვეთილი # სამი - ჯერ არაფერი დასრულებულა

რუსეთის საწყისი შეტევა, რომლის მიზანიც კიევის აღება და რეჟიმის სწრაფად შეცვლა იყო, ვერ შესრულდა. ელოდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ხანგრძლივი ომი, თუმცა დღეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულდებოდა.

უფრო მეტიც, გასულ ზაფხულს დაწყებულმა წარმატებულმა კონტრშეტევებმა კიევს დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის, ყირიმის დაბრუნების დიდი იმედი გაუჩინა.

რუსეთის ლიდერები ომს ეგზისტენციალურ კონფლიქტად განიხილავენ, რომელიც აუცილებლად რუსეთმა უნდა მოიგოს. თუმცა პარალელურად, უკრაინა ისწრაფვის პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტი იარაღის მიღებისკენ. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, კიევს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ბრძოლის ველზე გაზაფხულისთვის, მაგრამ რუსეთის განდევნა მთელი ტერიტორიიდან ამ ეტაპზე შეუძლებელ ამოცანად მოჩანს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დახმარება იქნება გაგზავნილი დასავლეთიდან.

ასევე არსებობს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის საფრთხე, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროება. ზოგიერთი უარყოფს მსგავსი საფრთხის არსებობას, თუმცა მთლიანად გამორიცხული არაფერია.

  • გაკვეთილი #4 - სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა

უკრაინის მოქალაქეებმა წარმოუდგენელი და სამაგალითო სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენეს. თითოეული ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ქვეყანამ ომში წარმატებას მიაღწიოს. მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის უკრაინელმა სპეციალისტებმა შექმნეს აპლიკაციები, რათა დაეხმარონ თავიანთ ჯარს, რუსული პოზიციების მონიშვნაში, დამიზნებაში, შეფ-მზარეულები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საჭმელს ამზადებენ ფრონტის ხაზზე, მოხალისეები აგრძელებენ თანხის შეგროვებას სამხედრო მარაგების შესაძენად, როგორებიცაა პირველადი დახმარების ნივთები და ღამის ხედვის სათვალეები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რასაც უკრაინელი მოქალაქეები აკეთებენ.

"უკრაინელების წარმატების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დამოკიდებულია თავდაჯერებულ და ერთიან სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ჯარისკაცებს“, - ამბობს იელის უნივერისტეტის ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი.

ოქტომბრის დასაწყისში, "გელაპის" კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 70%-ს სურდა ომის გაგრძელება მანამდე, სანამ არ მიაღწევდნენ გამარჯვებას, ხოლო 90%-ზე მეტს სჯერა, რომ გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მიერ მიტაცებული ყველა ტერიტორიის უკან დაბრუნებას, მათ შორის, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. ამის საპირისპიროდ, რუსეთში რუსული არმიისადმი და კრემლის მიმართ მხარდაჭერა ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში განახევრდა და 27% შეადგინა. გამოკითხვის შედეგები "მედუზამ" გამოაქვეყნა.

  • გაკვეთილი #5 - ბრძოლა ყველა ფრონტზე

მეხუთე და ალბათ, ყველაზე დიდი გაკვეთილი ის არის, რომ უკრაინელები მრავალ ფრონტზე იბრძვიან და არა მხოლოდ ტანკებით, რაკეტებითა და იარაღით. პუტინმა იერიში მიიტანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა დაერღვია ეროვნული ერთიანობა და ევროპისკენ ლტოლვილთა ახალი ტალღა წასულიყო. თუმცა ვერც ამას მიაღწია და უკრაინელებმა ცივი ზამთრის გადატანის გზასაც მიაგნეს.

მათ შექმნეს სპეციალური ცენტრები, სადაც ადამიანებს მისვლა, გათბობა, ტექნიკის დამუხტვა და ჩაის დალევა შეუძლიათ. გარდა ამისა, დასავლეთმა უკრაინა არც ამ შემთხვევაში დატოვა მარტო და სხვადასხვა ქვეყნიდან გენერატორები გაუგზავნეს.

აღსანიშნავია საინფორმაციო ომი, რომლის მოგების უპრეცედენტო მაგალითი შექმნა უკრაინამ. ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტელეგრამ არხები და რუსული საინფორმაციო ომის საპირწონედ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.

  • გაკვეთილი #6 - მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა

ეს გაკვეთილი უფრო მოსკოვისთვისაა. მნიშვნელოვანია კარგი ლოჯისტიკა, ჯარის მომზადების დონე, ადეკვატური სამხედრო ტექნიკა - იქნება ეს დრონები, თუ ტანკები.

"არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ ყველაფერი რაოდენობაზეა გათვლილი და ხელმძღვანელობა არაადეკვატურია“, - ამბობს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ანალიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბენ ბარი.

მისი შეფასებით, ბრძოლის ველზე უმოტივაციო რუსი ჯარისკაცები არიან, რომლებიც დაბალი სტანდარტების მქონე იარაღს იყენებენ, რაც უკრაინას უპირატესობას აძლევს.

"რა თქმა უნდა, უკრაინის ძალებსაც აქვთ პრობლემები. ზოგიერთი ქვედანაყოფი განიცდის უკიდურეს დაღლილობას, მათ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდებათ.

მაგრამ მათი მორალი, მონდომება მაინც შეუდარებლად მაღალია ოპონენტებზე. და ბევრად უფრო ეფექტიანები არიან, ვიდრე რუსები", - ამბობს ბარი.

იხილეთ ასევე: