გუშინ გავრცელდა ინფორმაცია 2 წლის გოგონაზე, რომელიც სხეულის მძიმე დაზიანებით ჯერ გურჯაანის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. ბავშვს დამწვრობებიც აღენიშნებოდა.
როგორც გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, გელა ორველაშვილმა აღნიშნა, ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა.
"2 წლის ბავშვია შემოყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მას აღენიშნება მუცლის არეში დამწვრობა, ასევე მუცლის შებერილობა და დამწვრობის მიდამოები მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არეში. ბავშვის მდგომარეობა საყურადღებოა და გადავიყვანთ თბილისში", - აღნიშნა ექიმმა.
დღევანდელი ინფორმაციით კი, ორი წლის ბავშვზე შესაძლო ძალადობის ბრალდებით, მცირეწლოვანის მამა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარის გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ორი წლის გოგონას სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2 წლის გოგონაზე დედა ძალადობდა.