ავტორი:

"ხალხი ჩვენი ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ" - პარალიზებული რიკოთი: რა ხდებოდა მთელი ღამე უღელტეხილზე, სადაც მეწყერისა და ავარიის გამო მოძრაობა გაჩერდა (ფოტო,ვიდეო)

"ხალხი ჩვენი ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ" - პარალიზებული რიკოთი: რა ხდებოდა მთელი ღამე უღელტეხილზე, სადაც მეწყერისა და ავარიის გამო მოძრაობა გაჩერდა (ფოტო,ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მათ რამდენიმე საათიან საცობში უწევთ ყოფნა და გზა ორივე მიმართულებით ჩახერგილია.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. ასევე ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გვიან ღამით, გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება:

"რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია განცხადებაში.

ადგილიდან სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეოკადრები ვრცელდებოდა, რომელსაც თან ახლდა კომენტარები, თუ რა ხდებოდა უღელტეხილზე:

"4ის ნახევარზე წამოვედით ტყიბულიდან, 6-ის ნახევარზე უკვე ამ მეწყერს შევეჩეხეთ, ზუსტად 15 წუთში ჩავდექით საცობში და ახლაც, დილის 2 საათზე ისევ რეკოთის შესასვლელში ვართ, უფრო სწორად შესასვლელამდე 4 კილომეტრი გვაკლია. ყურადღება - 0, ხალხი ჩვენივე ძალებით ვცდილობთ თავი გადავირჩინოთ, პასუხისმგებლობა - 0, კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

ჩემი პროფესია გამოვიყენე, დავრეკე შსს-სთან, გზა გახსნილია და უკვე გახვალთ მალეო, ეს მითხრა საღამოს 8 საათზე, მე კიდევ ისევ იმ ადგილზე უკვე 6 საათის შემდეგ ვდგავარ, ვის მოეთხოვება ამაზე პასუხი? ვინაა პასუხისმგებელი, ხეები რომ გვეცემა თავზე? შუა რიკოთზე გაყინულები რომ ვდგავართ? ერთი მხრიდან ზვავიაო და ამ მეწყერს უთითებენ (ეს ის კლდეა ჯერ მარტო 2020-ში რომ უნდა დასრულებულიყო), მეორე მხრიდან ტრაილერები შეეჯახნენ ერთმანეთსო, ისევ გამოვიყენე ჩემი პრივილეგია და გაიხსნა გზა, მალე გახვალთო- მივიღე პასუხად. გავიდა 1 საათი და პოლიცია მეუბნება თუ დასარჩენი გაქვთ გაბრუნდითო (საააააად) , პასუხი ისევ არ არსებობს, არც იმის პასუხი არსებობს, როდის გავაღწევთ ამ კოშმარიდან. გილოცავთ, რა ვიცი, წყალი დალიეთ, გულზე არ დაგადგეთ ჩვენი ლოცვა - კურთხევა" - წერს მარიამ ჩაფიძე:

"რიკოთზე ხალხს სცივა, შია და ზოგიერთს უკვე წამლებიც სჭირდება. დაარიგეთ სასწრაფოდ ცხელი საკვები, პლედები და გაუშვით ექიმთა ბრიგადები წამლებით. გამოიყენეთ ჯარი, სამხედრო ტექნიკა და საველე სამზარეულოები საკვების გასაცხელებლად და ხალხის გასათბობად. გაშალეთ დათბუნებული კარვები. დროზე ქენით, თორემ, იმედია, იცით, ხვალ დილიდან ვერ გადამირჩებით პერსონალურად - ვერც ერთი მინისტრი თუ გებერნატორ-მერი. პ.ს არ წახვიდეთ საჩხერის გზით ანუ ბიძინას გზით.ჯერ ერთი იქ უკვე საშინელი საცობია და რაც მთავარია ეს მონაკვეთი ფაქტობრივად მახეა ზამთარში, მკვეთრი საავარიო აღმართებითა და დაღმართებით. ეგ გზა მაინც გაეკეთებინა ამ მამაცხონებულ ოლიგარს ადამიანურად, იცის ერთადერთი ალტერნატივაა რიკოთის" - წერს შალვა ნათელაშვილი.

ფოტო: ლილე მიქელაძე

"სასწრაფოდ იმოქმედეთ 8-9 საათია თოვლში, ყინვაში რიკოთზე ადამიანები არიან გაჭედილები ... უთავდებათ საწვავი, არ აქვთ წყალი და არის კატასტროფული მდგომარეობა. არიან ქალები და ბავშვებიც" - ამ კომენტარით გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ნახეთ ვიდეოკადრები, რომელიც ადგილიდან გვიან ღამით გზების დეპარტამენტმა გაავრცელა: