ავტორი:

"ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს..." - შონ პენის დოკუმენტური ფილმის პრემიერა და მსახიობის მოგონებები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე

"ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს..." - შონ პენის დოკუმენტური ფილმის პრემიერა და მსახიობის მოგონებები ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკიზე

შონ პენი ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ 2001 წელს შეხვდა, როცა ის და ჯეკ ნიკოლსონი პენის ახალი ფილმის, The Pledge-ის რუსულ პრემიერაზე მოსკოვის ფილმების ფესტივალს ეწვივნენ. მაშინაც კი, რუსეთ-უკრაინის ომამდე 20 წლით ადრე, მსახიობი პუტინზე საკმაოდ ცუდი წარმოდგენის იყო. შონ პენი ახლა მას "creepy little bully”-ს ("საზარელ პატარა მჩაგვრელს") ეძახის და ითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს და უკეთ აღსრულდეს.

მსახიობი ბრიტანულ გამოცემა Independent-თან ინტერვიუში პუტინთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ის და ნიკოლსონი ოსკაროსანი რუსი რეჟისორის და პუტინის მხარდამჭერის, ნიკიტა მიხალკოვის აგარაკზე დაპატიჟეს:

"კოლონა გვახლდა. მანქანებს საკმაოდ სწრაფად მართავდნენ და არ აღელვებდათ, ამით სოფლის მოსახლეობას რაიმე საფრთხე თუ ექმნებოდა. როცა ფერმერები ურმებზე შებმული ცხენებით გვხვდებოდნენ, დაცვის თანამშრომლები მანქანის ფანჯრებიდან თავებს ყოფდნენ და მათ გზიდან მოცლას უბრძანებდნენ. ვიფიქრე, რომ ასეთი აგრესია სულაც არ იყო საჭირო“.

ამ მოგზაურობამ მსახიობს რუსეთის პრეზიდენტზე ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა და ეს გრძნობა პენის და აარონ კაუფმანის ახალ ფილმში, Superpower-ში გამჟღავნდა. პენმა დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, ფილმს ლაღი და კომიკური ტონით უნდა მოეყოლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და ეჩვენებინა ის, თუ როგორ გახდა კომიკოსი მსახიობი ქვეყნის მთავარსარდალი. სწორედ ამიტომ ჩავიდა 2022 წლის თებერვალში მსახიობი უკრაინაში.

შონ პენის უკრაინაში ჩასვლიდან მალევე, პუტინმა იქ თავისი ჯარები შეუშვა. მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ჰოლივუდის მსახიობს ახლებურ ჭრილში დაანახა უკრაინის პრეზიდენტი. ახლა ის პატივს სცემს უკრაინის ლიდერს, რომელმაც ამერიკის რჩევას არ დაუჯერა და ქვეყანა გასაჭირში არ მიატოვა:

"ისტორია გვეუბნება, რომ ყველანი მიდიან, სხდებიან ვერტმფრენებში და უსაფრთხო ადგილას გარბიან, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა“, - ამბობს მსახიობი.

პენს სასიამოვნოდ აოცებს უკრაინელების ერთიანობის შეგრძნებაც:

“ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ. საწინააღმდეგო აზრს უსმენენ. ჯარისკაცს შეუძლია შიშის გარეშე გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი, იცის, რომ ეს ფილმში იქნება ნაჩვენები და მიუხედავად ამისა, მას საფრთხე არ დაემუქრება“.

რეჟისორსა და მსახიობს საკუთარი დოკუმენტური ფილმი მოჰყავს ამის მაგალითად. მისი თქმით, ომის დაწყებამდე კამერის წინ არაერთმა ჯარისკაცმა გააკრიტიკა ზელენსკი და აშკარა იყო, რომ მათ საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის არ ეშინოდათ.

რუსეთში კი ყველაფერი პირიქითაა, ყველას, ვინც საწინააღმდეგო აზრს დააფიქსირებს, საპყრობილეში სვამენ.

დოკუმენტურ ფილმში ვარსკვლავი ამბობს:

"ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: ან მსოფლიოს ვუჩვენებთ, რომ ბირთვული იარაღის მქონე მჩაგვრელები იმარჯვებენ, ან შანსს გამოვიყენებთ და ვიბრძოლებთ იმ სიცოცხლისთვის, რომელსაც ვიმსახურებთ".

შონ პენის ახალი ფილმის, Superpower-ის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა და მალე დანარჩენი მსოფლიოც იხილავს.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა