ავტორი:

ჟურნალისტები ქალის მკვლელობას აშუქებდნენ, როცა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ისევ ცეცხლი გახსნა: მორიგ თავდასხმას ფლორიდაში რეპორტიორი და 9 წლის გოგონა ემსხვერპლნენ

ჟურნალისტები ქალის მკვლელობას აშუქებდნენ, როცა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და ისევ ცეცხლი გახსნა: მორიგ თავდასხმას ფლორიდაში რეპორტიორი და 9 წლის გოგონა ემსხვერპლნენ

ფლორიდაში, ტელერეპორტიორი და ცხრა წლის გოგონა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა იმავე ადგილას მოკლა, სადაც 5 საათით ადრე კიდევ ერთი, 30 წლამდე ქალი სასიკვდილოდ დაჭრა.

იმავე მამაკაცმა დაჭრა კიდევ ერთი რეპორტიორი და 9 წლის გოგონას დედა. პოლიციის განცხადებით, ბავშვის დედის მდგომარეობა კრიტიკულია.

Spectrum News 13-ის ორი ჟურნალისტი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ამბავს აშუქებდა, როცა თინეიჯერი ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილს დაუბრუნდა და ხელახლა გახსნა ცეცხლი.

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, იყვნენ თუ არა ჟურნალისტები თავდამსხმელის სამიზნე. ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ შეიარაღებული იყო, როცა დააკავეს. პოლიციასთან თანამშრომლობაზე ის უარს აცხადებდა.

Orange-ის ოლქის შერიფმა, ჯონ მინამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტები მათივე მანქანის სიახლოვეს იყვნენ, როცა ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის მათ შეიარაღებული თინეიჯერი დაესხა თავს. პირველი თავდასხმა კი დილის 11:00 საათზე მოხდა. ეჭვმიტანილმა 30 წლამდე ქალი მანქანაში სასიკვდილოდ დაჭრა.

ორ ტელერეპორტიორზე თავდასხმის შემდეგ, სავარაუდო ეჭვმიტანილი, 19 წლის კით მოსე, ახლოს მდებარე სახლში შევიდა და 9 წლის გოგონასა და დედამისს გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ერთი ჟურნალისტი და 9 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალნენ, მეორე ჟურნალისტი და გოგონას დედა კი - დაჭრა.

თავდამსხმელს გრძელი კრიმინალური ისტორია აქვს, მათ შორისაა იარაღის უკანონო შენახვა და გამოყენება, თავდასხმა და ქურდობა.“

შერიფის თქმით, ეჭვმიტანილი დილით მოკლული ქალბატონის "ნაცნობი“ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან, აკავშირებდა თუ არა რაიმე მას რეპორტიორებსა და 9 წლის გოგონასა და დედამისთან. კითხვაზე, სპეციალურად ხომ არ ამოიღო ეჭვმიტანილმა ჟურნალისტები სამიზნეში, შერიფმა მიუგო, რომ ამ მოსაზრებასაც განიხილავენ. მისივე თქმით, შესაძლებელია, თავდამსხმელს ჟურნალისტები პოლიციელებში აერია და ამიტომ ესროლა.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, 2022 წელს, მსოფლიოში 40 ჟურნალისტი მოკლეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა