"უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება - 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ მოიტანა", - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში რეგისტრირებულ პროექტს გამოეხმაურა, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.
"კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც სწორედ ამ აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში. 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი მოიტანა სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ახლა უფრო ყოჩაღები ვართ და არ ავყვებით უპასუხისმგებლო, ქვეყნის და საზოგადოების დამანგრეველი განცხადებებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს.
ამათ რომ ავყვეთ, აქ უბედურება დატრიალდება, რადგან უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება, რამაც წინა საუკუნის 30- იან წლებში და 90 - იანი წლების დასაწყისში უბედურება მოიტანა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერი წმინდა არ გააჩნია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.