ავტორი:

"კარგია, რომ ბატონი ბერლუსკონის ეზოში პუტინის ტანკი არ შესულა... მისი სახლი არ დაუბომბიათ" - ზელენსკის პასუხი სილვიო ბერლუსკონის

"კარგია, რომ ბატონი ბერლუსკონის ეზოში პუტინის ტანკი არ შესულა... მისი სახლი არ დაუბომბიათ" - ზელენსკის პასუხი სილვიო ბერლუსკონის

"კარგია, რომ ბატონი ბერლუსკონის ეზოში პუტინის ტანკი არ შესულა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბატონი ბერლუსკონი… მისი სახლი რაკეტებით ყოველდღიურად არასდროს დაუბომბიათ, და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მისი პარტნიორი ტანკით არ შესულა მის ეზოში, არ გაუნადგურებია მისი ნათესავები და ახლობლები. ვფიქრობ, ბატონ ბერლუსკონის უშუქობის გამო ღამის 3 საათზე არ გაუღვიძია და ტანსაცმლის რეცხვა, ბავშვებისთვის ორი დღის საჭმლის კეთება არ დაუწყია, რადგან რუსი ერის "დიდი ძმური სიყვარულის“ გამო შემდეგი ორი-სამი დღის განმავლობაში შუქი შეიძლება უბრალოდ არ იყოს”, - თქვა ზელენსკიმ.

  • უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს იტალიაში ეს არასდროს არ მოხდეს და ამის გადატანა არავის არ მოუწიოს, რადგან “ეს უბრალოდ, დიდი ტრაგედიაა”.

“საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი, ვთვლი, რომ საჭიროა აქ ჩამოხვიდე და საკუთარი თვალით ნახო, რა ხდება. და მაშინ, თუ პოლიტიკოსი ან არაპოლიტიკოსი მოვა და ნახავს, რა მოხდა აქ, რა სისხლიანი ნაკვალევი დატოვა "რუსეთის ძმურმა ფედერაციამ“, მაშინ ერთ დონეზე ვისაუბრებთ”, - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ იტალიის ერთ-ერთი კოალიციური პარტიის ლიდერმა, სილვიო ბერლუსკონიმ ზელენსკის მოუწოდა, “შეწყვიტოს დონბასზე თავდასხმა”, რათა ომი დასრულდეს.