"დაბრუნება" - ასე ეხმაურება რუსული მედიის ნაწილი ჩეჩნეთის ლიდერის ყველაზე დიდი კრიტიკოსის ტუმსო აბდურახმანოვის ინტერნეტსივრცეში გამოჩენას.
ბოლო ხანებში, აბდურახმანოვის მიმართ ინტერესი ყოველდღიურად მატულობდა. ამის დასტურია ახალი ვიდეომიმართვა, რომელსაც დადებიდან რამდენიმე საათში 100 ათასამდე ნახვა და ათასობით კომენტარი აქვს.
"სამ თვე ნახევრიან გაუჩინარებაზე მას არაფერი უთქვამს. არც იმაზე, რომ 2022 წლის 1-ელ დეკემბერს, რუსული გამოცემები, შვედეთში მის სავარაუდო ლიკვიდაციაზე წერდა... ინფორმაციას ამის შესახებ მისი ახლობლები და შვედეთის ხელისუფლება არ ადასტურებდნენ. მაშინვე ითქვა, რომ დიდი ალბათობით, აბდურახმანოვი, შვედეთის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ გადაიყვანეს.
9 დეკემბერს, იჩქერიის არაღიარებული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია. 20 თებერვალს, ის უფლებადამცველებს დაუკავშირდა, თუმცა ამდენხნიან სიჩუმეზე არაფერი უთქვამს" - წერს გამოცემა.
ახალი ვიდეომიმართვის უმეტესი დრო, აბდურახმანოვმა შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლს აბდულკერიმ ედილოვს მიუძღვნა, რომლის გარდაცვალების შესახებ წყაროებმა 2022 წლის 30 დეკემბერს განაცხადეს.
"როდესაც ჩემი ვიდეომიმართვების გავრცელება შევწყვიტე, კადიროვის გარემოცვამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მკვდარი ვარ, მომკლეს... აბდულკერიმმა, დიდი სიხარულით გამოაქვეყნა ჩემი ფოტო WhatsApp-ის სთორიზე, წარწერით, "უტილიზირებულია"! და როგორი ბედის ირონიაა, რომ ახლა თავად არის უტილიზირებული" - ამბობს ჩეჩენი ბლოგერი.
ამასთან აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მასა და მის ახლობლებზე თავდასხმის არაერთი მცდელობა განხორციელდა.
"მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ შეუზღუდავი რესურსები, ძალაუფლება, ფული და ყველა საჭირო რესურსი თავიანთი ჩანაფიქრისა და მუქარის სისრულეში მოსაყვანად, ერთ ჩვეულებრივ ბიჭს შეუძლია ცოცხალი დარჩეს, მათი მუქარის დაწყებიდან სულ ცოტა, ოთხი წელი მაინც... ეს საკმაოდ მსუყე არგუმენტია იმ სკეპტიკოსებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკის გამო უდიდესი საფრთხე ემუქრებათ" - აცხადებს ტუმსო აბდურახმანოვი თავის ვიდეომიმართვაში.
დაუდასტურებელი ინფორმაცია შვედეთში ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ 1 დეკემბერს გამოჩნდა არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე. პუბლიკაციას თან ახლდა მიმოწერა ამ ცნობის გამავრცელებელ ინსტაგრამის მომხმარებელ ქალთან, რომელიც, როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, აბდურახმანოვის მეზობელია.
გასული წლის თებერვალში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერს, ტუმსო აბდურახმანოვს, შვედეთში თავს დაესხნენ. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.
ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ.