ავტორი:

ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიოს კეთილდღეობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიოს კეთილდღეობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ

წლების წინ წარმოუდგენელი იქნებოდა პოლიტიკოსს, ძალაუფლების მქონე პირს, ღიად ესაუბრა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და იმაზე, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ, ლგბტქ+ თემის დისკრიმინაცია კვლავ დიდ პრობლემად რჩება, თუმცა შეხედულებები ბევრგან პროგრესულად შეიცვალა და ლგბტქ+ ადამიანების ჩართულობა სხვადასხვა ინსტიტუციების მართვაში გაიზარდა.

არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ახლა ახერხებენ დეკლარირებას თავიანთი ორიენტაციისას და ასევე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას. ისინი სულ უფრო მეტ როლს თამაშობენ თანამედროვე მსოფლიოს კეთილდღეობის შექმნაში.

"მე გეი ვარ და ეს კარგია“ - ეს ბერლინის ყოფილი მერის, ღიად ჰომოსექსუალის, კლაუს ვოვრაითის სიტყვებია, რამაც თავის დროზე ადამიანების ცნობიერებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა.

დღეს უფრო მეტი პოლიტიკოსი, არჩეული თანამდებობის პირი და სახელმწიფოს მეთაურია ისეთი, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ:

  • იენს შპანი - გერმანიის ფედერალური ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი

იენს შპანი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მან კიდევ უფრო დიდ პოპულარობას და საზოგადოების კეთილგანწყობას კორონავირუსის კრიზისის გადაჭრაში საკუთარი როლით მიაღწია. შპანი 2017 წელს ჟურნალისტ დანიელ ფუნკეზე დაქორწინდა.

  • გრანტ რობერტსონი - ახალი ზელანდიელი პოლიტიკოსი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი 2020-2023 წლებში

როდესაც ახალი ზელანდიის პრემიერის პოსტი ჯასინდა არდერნმა ჩაიბარა, ვიცე-პრემიერად მან გრანტ რობერტსონი დანიშნა. ჯასინდას მინისტრთა კაბინეტი ყველაზე ინკლუზიურად და მრავალფეროვნად მიიჩნეოდა. გრანტ რობერტსონი არის ღიად გეი პოლიტიკოსი, რომელიც ახალ ზელანდიაში გარდა ვიცე-პრემიერისა, ფინანსთა მინისტრის სავარძელსაც იკავდებდა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი ფიგურა იყო.

  • ხავიერ ბეტელი - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი

2018 წელს ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრი გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველად, ღიად გეი პრემიერი. ბეტელი დაქორწინებულია არქიტექტორ გოტიე დესტენაზე. წყვილმა 2015 წელს იქორწინა, სწორედ ამ წელს გახდა ლუქსემბურგში გეი ქორწინება კანონიერი.

  • ნედ პრაისი - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ნედ პრაისი არის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი, ღიად გეი სპიკერი. CIA-სა და ეროვნული უშიშროების საბჭოში კარიერის შემდეგ, პრაისი ახლა მსოფლიოს აგებინებს ამერიკის ხმას. მან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ "ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ღიად დაწერა და 2011 წელს მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. სამართალდამცველი კი მას დამცინავი ტონით მიმართავდა. ოფიცერმა ჰკითხა, გეი ხომ არ იყო.

"ეს იყო კითხვა, რომელიც წარსულში რამდენჯერმე დამისვეს. რამდენიმე წლის წინ, ჩემი პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა: "არა.“

მოვატყუე პოლიციელი და ვუთხარი, - "არა, მე არ ვარ გეი.“ მან მითხრა, რომ თავი ამერიდებინა პარკთან ახლოს მდებარე საზოგადოებრივი სველი წერტილით სარგებლობისგან და გულიანად გაიცინა, მე დამცირებული ვიჯექი“, - იხსენებს აშშ-ის დეპარტამენტის სპიკერი. ამის შემდეგ პრაისმა ოფიცერს სიმართლე უთხრა და მიუთითა, რომ შეკითხვები და კომენტარები იყო შეუსაბამო და ღრმად მტკივნეული.

"ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა“, - წერდა პრაისი.

  • ანა ბრნაბიჩი - სერბეთის პრემიერ-მინისტრი

ბრნაბიჩი ღიად ლესბოსელი პრემიერ-მინისტრია, 2017 წელს ანა ბელგრადში გამართულ პრაიდს დაესწრო, რითაც გახდა ბალკანეთის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელმაც ეს გააკეთა. 2019 წელს მისმა პარტნიორმა ვაჟი გააჩინა.

  • კარინ ჟან-პიერი - თეთრი სახლის პრესმდივნის მთავარი მოადგილე

ის არის პირველი შავკანიანი ღიად გეი ქალი და ისტორიაში მხოლოდ მეორე შავკანიანი ქალი, რომელმაც თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა.

"მე ვარ შავკანიანი, გეი, ემიგრანტი ქალი - სამივე შემთხვევაში ვარ პირველი ამ თანამდებობაზე. ეს არ მოხდებოდა, ჩემამდე ბარიერების დამრღვევი ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ“, - თქვა მან გამართულ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ის 2020 წელს, ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაინიშნა შტაბის უფროსად.

  • ამირ ოჰანა - ისრაელის ქნესეთის წევრი 2015 წლიდან

როდესაც ის ქნესეთის წევრი გახდა, უკვე იყო ღიად გეი და პარტნიორთან ერთად ზრდიდა სუროგაციის შედეგად გაჩენილ ბავშვს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყანაში არსებული კონსერვატიული შეხედულებები მას ხელს არ უშლის სექსუალური უმცირესობების ინტერესების ლობირებაში.

  • კლაუს ვოვრაითი - ბერლინის მერი 2001-2014 წლებში

ვოვრაითმა მერობის კანდიდატობისთანავე გადაწყვიტა, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ეთქვა. "მე გეი ვარ და ეს კარგია“, - მისი ცნობილი ფრაზაა და გერმანიაში მას შემდეგ პოპულარული გამონათქვამი გახდა. 2003 წლიდან ჰყავს ოფიციალური პარტნიორი. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერია. 13-წლიანი ხელმძღვანელობის განმავლობაში ბერლინი აქცია მსოფლიოში ტურისტებისთვის მიმზიდველ მესამე ქალაქად, პარიზისა და ლონდონის შემდეგ.

  • ლეო ვარადკარი - ირლანდიის პრემიერ-მინისტრი

ინდური წარმომავლობის პოლიტიკოსი ირლანდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დროს.

  • იოჰანა სიგურდარდოტირი - ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

იოჰანა ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2009 – 2013 წლებში მუშაობდა. ის არის ისტორიაში პირველი მთავრობის მეთაური, რომელიც ღიად შევიდა ქორწინებაში. ამჟამინდელ მეუღლესთან ურთიერთობამდე იოჰანა იყო ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში და ორი ვაჟი ჰყავს. 2002 წელს მან ურთიერთობა დაიწყო მწერალ და ჟურნალისტ ჯონინა ლეოსდოტირთან. 2010 წელს ერთნაირსექსიანთა ქორწინება ისლანდიაში კანონიერი გახდა, პრემიერ-მინისტრი მაშინვე ოფიციალურად დაქორწინდა.