ავტორი:

რა თაღლითური სქემებია დღეს საქართველოში გავრცელებული და როგორ ავარიდოთ მათ თავი - ადვოკატი გვირჩევს

რა თაღლითური სქემებია დღეს საქართველოში გავრცელებული და როგორ ავარიდოთ მათ თავი -  ადვოკატი გვირჩევს

თაღლითობა უძრავი ქონებით, საბანკო ბარათებითა და პერსონალური მონაცემების გამოყენებით - ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაულები გახშირებულია, თაღლითური სქემების ამოცნობა კი არც ისე მარტივია. რა უნდა ვიცოდეთ მასიურად გავრცელებული თაღლითური სქემების შესახებ და როგორ დავიცვათ თავი - “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ადვოკატი ვასილ მამულაშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც თითოეული მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს და გვირჩევს, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ...

- საკმაოდ გახშირებულია ეკონომიკური დანაშაულებისა და თაღლითობის ფაქტები. ყველაზე ხშირად, რა ტიპის დანაშაულები გხვდებათ საქმეში?

- ქვეყანაში რაც უფრო მძიმდება სოციალური ფონი, მით უფრო იზრდება დანაშაულის რიცხვი. თუ დიდ კვლევას ჩავატარებთ, ვნახავთ, რომ დანაშაული პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის განვითარების დონესთან. დანაშაული მაშინ იზრდება, როცა ხალხს უჭირს და კანონიერი გზებით ფულის შოვნა რთულია. ეს დანაშაულის ჩადენას რა თქმა უნდა, არ ამართლებს, თუმცა, თუ კითხვას ვსვამთ, რატომ იზრდება, მაშინ პასუხი ეს არის - ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი. რაც შეეხება გავრცელებულ დანაშაულებს, შესაბამისი კვლევები ტარდება, თუმცა, ეს რამდენად სრულყოფილია, სხვა საკითხია, რადგან კვლევა შესაძლებელია უკვე დასრულებულ დანაშაულზე ჩატარდეს, როცა სასამართლოს მხრიდან განაჩენი დადგება. ამის მიღმა, 5-ჯერ და 6-ჯერ მეტი შემთხვევაა, რომელსაც მტკიცებულებების არარსებობის გამო შესაბამისი რეაგირება ვერ მოჰყვა.

ეკონომიკური დანაშაული დომინირებს, რომელიც ფულთან, მატერიასთან ასოცირდება. თუმცა, სხვა ტიპის დანაშაულებიც არის. ქურდობა, თაღლითობა ჩვენ ქვეყანაში ხშირია და არაერთი ადვოკატია ამ საქმეში ჩართული.

- თუ შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ ყველაზე გავრცელებული სქემა/სქემები, რომლითაც მარტივად გვპარავენ ფულს?

- თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობის დროს, მთავარი ელემენტი არის ტყუილი. ტყუილს ხელს რა უწყობს? - ჩემი უცოდინარობა, როცა გარკვეული სამართლებრივი საკითხები არ ვიცით. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოიძიოს, საკუთრება ამით დგინდება, ხშირად კი მხოლოდ სიტყვით ენდობიან. მეორე ელემენტია, ნდობა. თაღლითობის დროს, პირი მსხვერპლთან ნდობაში შედის, სწორედ, ნდობას მივყავართ არასასურველ შედეგებამდე. ყოველთვის ვურჩევ ყველას, რაც შეიძლება, ნაკლებად ვენდოთ ადამიანებს, თუნდაც, ეს ადამიანი ძალიან ახლობელი იყოს. მორალური კუთხით შეიძლება ეს გაუმართლებელი იყოს, მაგრამ თუ სამართლებრივად ვმსჯელობთ, სიტყვით არ უნდა ვენდოთ თუნდაც ჩვენ ახლო მეგობარს, ახლობელს. ამ კუთხით დანაშაული ისეთია, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი განაწყოს. თუ სტატისტიკას და პრაქტიკას გადავხედავთ, თაღლითობა უცხო ადამიანებს შორის არ ხდება, ვიღაცა ვიღაცის ახლობელია, ნათესავია, ანუ უფრო მეტად ენდობოდა მას და მეორე მხარემაც სწორედ ეს ნდობა გამოიყენა.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის თაღლითობა და უწყობს თუ არა, მსგავსი ტიპის დანაშაულებს ხელს თანამედროვე ტექნოლოგიები?

- წმინდა თაღლითობის კუთხით, ტექნოლოგიების განვითარებას სიტუაცია არ დაუმძიმებია. ადრე თუ ვიღაცას ფული სახლში, ან ჯიბეში ჰქონდა, დღეს ბარათზე ან სხვადასხვა შემნახველ დაწესებულებაში აქვთ. თაღლითობის შემთხვევაში, დაზარალებული ქონებას ან თანხას ნებაყოფლობით გადასცემს, მას ამას არ ართმევენ. შესაბამისად, ეს თანხა მას ბარათზე ექნება განთავსებული და ასე გადასცემს მოტყუებით, თუ სახლში ექნება და ისე, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა საკითხია, ქურდობის შემთხვევა, როცა წამყვან როლს ტექნოლოგიური საშუალებები თამაშობს. მაგალითისთვის, ადამიანები სოციალურ ქსელში ქმნიან გვერდებს, აყენებენ კონკრეტულ სურათს, დაიმატებენ რომელიმე პირის საერთო მეგობრებს და სთხოვენ ფულს - 100, 200, 500 ლარს. 100 ადამიანიდან, შესაძლოა, 10-15 ადამიანი ისეთი აღმოჩნდეს, ვინც იფიქრებს, რომ აღნიშნულ ადამიანს არასდროს უთხოვია თანხა და გადაურიცხავს. ასეთი ფაქტი არაერთია. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში კიბერდანაშაულის კუთხით ცალკე დეპარტამენტია, დანაშაულების გახსნა ვერ ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან, მათი იდენტიფიცირება ვერ ხდება და ა.შ. რაც დრო გადის, რატომ არის რთული ინტელექტუალური დანაშაულის გამოძიება და რატომ გვაქვს ამხელა პრობლემები? ადამიანის ფანტაზიაც ვითარდება და ამ კუთხით შესაძლებლობებიც იზრდება. შესაბამისად, ისეთ საქმეზე შეიძლება დავზარალდეთ, წარმოდგენილიც რომ შეიძლება არ გვქონდეს. გააგრძელეთ კითხვა