აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ადგილობრივები სახლის სახურავებსა და სოფელთან მისასვლელ გზებს თოვლის საფარისგან ასუფთავებენ. ფოტოები ადგილიდან მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"2023 წლის 16 თებერვალი, სოფლების [ხულო] ძირკვაძეების ,ოქრუაშვილების და ზედა დეკანაშვილების გზასაყართან, სადაც ვცხოვრობ თოვლის საფარმა 1,40 სანტიმეტრს მიაღწია, ელექროენერგია უწყვეტად გვაქვს, სურსათ სანოვაგეც არ გვაკლია, ერთი სიტყვით კაი "სადოსტო''დროა" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი დავით თავართქილაძე.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა.
ადგილობრივების თქმით, ხულოს სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრამდე აღწევს, რამაც ადგილობრივებს განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა.
“სოფელ ძირკვაძეებში, ორ მეტრამდე არის თოვლი. ცენტრთან დამაკავშირებელი გზა არ გვაქვს. მძიმე ტექნიკით გზას წმენდენ, მაგრამ საკმარისი არ არის. ინტენსიური თოვის გამო შეუძლებელია გადაადგილება. სასწრაფო დახმარება თუ დასჭირდა ვინმეს, პრაქტიკულად სახლამდე ვერ მოვა. ელექტროენერგია გვაქვს. მთავარი პრობლემა გზაა, ჩავიკეტეთ სახლებში”, - აცხადებენ სოფელში.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზა ინტენსიურად იწმინდება.
ნახეთ ფოტოები: