ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება, თუ ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
"განსაკუთრებით, რაც "ვივამედში“ გადაიყვანეს, ყოველ შესვლაზე ნაკლები და ნაკლები ადამიანი მხვდება. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ზოგადად ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.