ულამაზესი ქართველი მსახიობი მეგი წულუკიძე, რომელმაც ქართულ კინოში უმშვენიერესი ქართველი ქალების სახეები შექმნა, დღეს ნაკლებად მოიხსენიება... მისი ცხოვრება ეკრანზე და ეკრანს მიღმა მეტად საინტერესო იყო..
ბიოგრაფია
მეგი წულუკიძე თბილისში დაიბადა... სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1939-1941წწ. ცხოვრობდა ხარკოვში; 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში; 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949წწ. ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია; 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; მისი პირველი ფილმი იყო "ქართველი ბალეტის ოსტატები"; მან ასევე ითამაშა ფილმებში: "ეთერის სიმღერა", "სხვისი შვილები", "ფატიმა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "აბესალომ და ეთერი", "პალიასტომი", "გაქცევა განთიადისას", "ჭიაკოკონა" და სხვები; იყო რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.
მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:
- ულამაზესი მეგი წულუკიძე რამდენიმე ფილმში იყო გადაღებული და მან მართლაც ძალიან ლამაზი ქართველი ქალების სახეები შექმნა... ლამაზი, მეოჯახე ქალების როლებს განასახიერებდა, რომლის შეყვარებაც ქართველ კაცს შეეძლო. ღრმა, ფსიქოლოგიური როლები არ ჰქონია, მაგრამ თავის სილამაზით და სიმართლით ქართულ კინოს ძალიან მოერგო...
იმედა კახიანი:
- მეგი წულუკიძე მართლაც ულამაზესი ქალი გახლდათ და ამავდროულად ძალიან კარგი პიროვნება... სამწუხაროდ, მე მასთან ერთად არცერთ ფილმზე არ მუმუშავია, მაგრამ ოფიციალურად კინოსტუდიის თანამშრომლები ვიყავით, შეხვედრა გვიწევდა და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან...
- როგორც მსახიობზე რას იტყოდით?
- კარგი მსახიობი იყო და ამას მოწმობს მის მიერ განსახიერებული როლები, ყველა როლს თავი ძალიან კარგად გაართვა! რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გარეგნობას, მაგრამ ნიჭიერებაც ჩანდა. სულ კეთილგანწყობილ პერსონაჟებს განასახიერებდა და ცხოვრებაშიც ასეთი იყო. რეჟისორის - სიკო დოლიძის მეუღლე იყო, იგი ხშირად იღებდა თავის ფილმებში და რატომაც არ გადაიღებდა, როდესაც ასეთი დიდებული გარეგნობის და ჭკვიანი ქალიც იყო.
"აკაკი გაწერილიას უთქვამს, კონსტანტინეს უყვარდა ტყუილების მოყოლა, მაგრამ რაშიც მართალი იყო, ეს რომანული ამბებიაო. მასზე არც ასაკი მოქმედებდა, არც მდგომარეობაო... მრავალ პიკანტურ ისტორიას თავად გადმოგვცემს „ლანდებთან ლაციცში“. შეიძლება ბევრი რამ არც იყოს მართალი, მაგრამ ადელჰაიდე ლენცი ნამდვილად უნდა არსებულიყო, რომელსაც მრავალი წლის შემდეგაც შეეხმიანება, როგორც თარაშ ემხვარი სვანეთიდან ელლენ როსნერს.
უცხოელი მწერლების ბიოგრაფია კარგადაა შესწავლილი. ვიცით, ვინ უყვარდათ გოეთეს, ბაირონს, ბალზაკს, ბალოკს, მაიაკოვსკის, ესენინს, ცვეტაევას, ახმატოვას, მაგრამ ქართველ ავტორებზე ამას ვერ ვიტყვით. შეიძლება მიზეზი ქართული პურიტანიზმიც იყოს, არა მხოლოდ ფილოლოგიური დაუდევრობა.
კონსტანტინეს გიმნაზიაში დონჟუანს ეძახდნენ. სტუდენტობის შემდეგაც, უკვე ცნობილ მწერალს, არაერთ ქალთან ჰქონია რომანი. ზოგი ქვრივი იყო, ზოგი ახალგაზრდა ან ქმარ-შვილიანი, მისი ტალანტის თაყვანისმცემელი. რამდენიმე მათგანის სახელიც ცნობილია. მაგრამ ალბათ მომავალი ბიოგრაფები იმსჯელებენ ამაზე.
წლების მანძილზე თავდავიწყებით უყვარდა რებეკა ვაშაძე (კონსტანტინეს პირველი მეუღლე). თუმცა ცნობილია ერთი უცნაური ქორწინებაც. კონსტანტინემ სიონის ტაძარში ჯვარი დაიწერა შემდეგში ცნობილ მსახიობ ქალზე, მეგი წულუკიძეზე, როცა მირანდა (მირანდა ფალავანდიშვილი, მეორე მეუღლე) და ბავშვები სახლში არ იყვნენ. მეგის სილამაზით მოხიბლული მწერალი თავის განცდებს უფროს ქალიშვილს ნათელასაც უზიარებდა, მაგრამ იგი მამის გატაცებას უცხოობდა და კონსტანტინეს გული სწყდებოდა. ნათელა იმ დღეს შინიდან გაუშვა, როცა დაგირეკავ მაშინ მოდიო. ნათელამ მამა გაკიცხა, მაგრამ ამ შეგონებიდან არაფერი გამოუვიდა.
საქორწილო ტრაპეზს უსხდნენ ალექსანდრე აბაშელი, შალვა ნუცუბიძე, ჯოდოლი თოფურიძე, მეგის ნათესავი ქალები, რომლებიც უზარმაზარი თაიგულით შემოვიდნენ მასთან ბინაში... კონსტანტინემ ჯვარდაწერილი ქალი მალევე გააძევა, უნდა წახვიდე, ცოლ-შვილი ჩამომდისო. შეშფოთებულმა ნათელას დაურეკა, რა მართალი ყოფილხარ შენ, ვინ ოხერი შემომიშვია შინო. ნათელამ დეპეშა გაუგზავნა მირანდას, მამაჩემი აქ ერთ ამბავშია, უნდა ჩამოხვიდეო. სასოწარკვეთილმა მირანდამ ვაგზლიდან დაურეკა ნათელას, სახლში მოვიდე თუ არაო, ხომ მარტოა კონსტანტინეო. ცოლ-ქმარი კარგა ხანს ხმას არ სცემდენ ერთმანეთს. კონსტანტინეს თუ რამ ჰქონდა სათქმელი, წერილს დაწერდა და გადასაცემად ნათელას აძლევდა.
ეს ამბავი გახმაურდა და მწერალი ცეკაში დაიბარეს. კონსტანტინემ თავი იმართლა - „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და რეალისტურად რომ გამომსვლოდა, იმიტომ მოვიქეცი ასეო. ეკლესიის მოძულე ბოლშევიკები რეალიზმს დიდ პატივს სცემდნენ და მწერლის პასუხი მოეწონათ. ნათელა აღარ ესალმებოდა შალვა ნუცუბიძეს. შალვა გაოცდა, განაწყენდა და კონსტანტინეს შესჩივლა, ნათელა მე რას მემდურვის, ვერ გამიგიაო...
შემდეგ მეგი წულუკიძე სიკო დოლიძემ შეირთო, ცნობილმა კინორეჟისორმა. ერთ-ერთ თათბირზე კონსტანტინემ რეჟისორი გააკრიტიკა, სიკო დოლიძე განცვიფრდა და თქვა, რას გადამეკიდა კონსტანტინე, რა მაკავშირებს მასთანო...- მეგი, მეგი წულუკიძეო - ვიღაცამ რეპლიკა წამოისროლა, რასაც სიცილი მოჰყვა. ყველას გაახსენდა ერთი ძველი, უცნაური ქორწინება".
დაუვიწყარი მოგონება
საქართველოს დამსახურებული არტისტი, რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე მეგი წულუკიძე თავისი გამორჩეული სილამაზითა და სამსახიობო მონაცემებით ატყვევებდა მაყურებელს... დრამატურგმა რეზო კლდიაშვილმა მსახიობთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა:
“ქუთაისი… ჩვენს უბანში – საფიჩხიაზე, ხარაზოვების ბაღში, კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა. ყოველი ახალი ქართული ფილმის გამოსვლა ეკრანებზე მოვლენა იყო. უბანში ხმა დაირხა, ფილმ “პალიასტომის ტბის” ქუთაისურ პრემიერას არტისტები და რეჟისორიც დაესწრებიანო. უბნის ბიჭები – დიდი თუ პატარა ვცდილობდით, როგორმე ბილეთი გვეშოვა, შეძრომასაც ვიკადრებდით, მაგრამ პოლიცია იცავდა იქაურობას და ახლოსაც არ გვაკარებდნენ. იმედი რომ გადაგვეწურა და ფილმიც თითქმის იწყებოდა, ლამაზი ქალი გამოვიდა ბილეთით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. იმედი, მასაც რომ გადაეწურა, ჩვენსკენ გამოიხედა და ბილეთით ხელი მაღლა ასწია, მიცვივდნენ უბნელი ბიჭები. მე კიდევ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა. ფილმი რომ დაიწყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ეკრანზე ის ქალი რომ დავინახე – ვინ აღმოჩნდა ის ლამაზი ქალი? – მეგი წულუკიძე!”