"ეგვიპტელი ვეტერანი ექსტრემისტი, ეგვიპტის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი, საიფ ალ-ადელი, რომელიც სავარაუდოდ, ახლა ირანში ცხოვრობს, "ალ-ქაიდას“ დე ფაქტო ლიდერია", - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიერ მიწოდებულ დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება. მათივე ცნობით, ის პროცესებს ირანიდან მართავს.
ზავაჰირი, შარშან ქაბულში, აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს მოკლეს. აღსანიშნავია, რომ არც ალ-ქაიდას და არც რაიმე სხვა წყაროს არ დაუდასტურებია ის, რომ ეგვიპტის არმიის ყოფილმა წევრმა აიღო დაჯგუფების ახალი ლიდერის პასუხისმგებლობა.
გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ ავღანეთის მიმართ პოლიტიკურმა სენსიტიურობამ, "ალ-ქაიდას" მიერ ადელის ახალი როლის ოფიციალურ აღიარებას ხელი შეუშალა:
"თუ ეს აღიარეს, მაშინ ამით იმასაც აღიარებენ, რომ ზავაჰირი ქაბულში დაიღუპა და იმ ფაქტსაც, რომ ადელი ახლა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება“,-- ნათქვამია განცხადებაში.
ირანი დიდი ხანია უარყოფს "ალ-ქაიდას" მხარდაჭერას და დაჯგუფებასთან რაიმე კავშირს. მიუხედავად ამისა, უკვე საყოველთაოდაა ცნობილი, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, დაჯგუფების უხუცესმა წევრებმა და მათმა ოჯახებმა ირანში გაქცევით უშველეს თავს.
ცნობისთვის, საიფ ალ-ადელი FBI-ის ძებნილთა სიაშია. ამერიკის ფედერალურ ბიუროს მასზე ინფორმაციის სანაცვლოდ, 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული..
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა