სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოს გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯა. დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 17 მარტს დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპატიმროდან იმავე წლის 1-ლ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი მოსამართლეთა კოლეგიის განაჩენს ambebi.ge-სთან სტრასბურგიდან აფასებს. გოგი წულაია განაჩენს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას მიაწერს და არ გამორიცხავს ქსტრადიციასაც, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.
"სააპელაციოს გადაწყვეტილება ვალერი გელბახიანმა შემატყობინა. მურუსიძე-ჩინჩალაძისგან ყველაფერს მოველოდი, მაგრამ თვითონ ბიძინა და ბერა ივანიშვილები თუ ასე ბოლომდე გამწირავდნენ - მთელი ოჯახის დატერორებით და ოჯახის ემიგრაციაში გადახვეწით, ამას - არა. კი ვიცოდი, პრობლემებს რომ შემიქმნიდნენ, მარა ნამდვილად არ მეგონა, 21-ე საუკუნეში პოლიტიკოსთან ამნაირი მეთოდებით ბრძოლა თუ შეიძლებოდა. შეიძლება ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ბერა ივანიშვილს შევაგინე და გამოვიწვიე, ვუთხარი, თუ ვაჟკაცი ხარ, მოდი და მე მელაპარაკე-თქვა. ჩინჩალაძე-მურუსიძეზე არაა ლაპარაკი, ველოდი, რომ მომისჯიდნენ, სააპელაციო ამისთვის იყო მოტოვებული, თორემ ის ქალბატონი მოსამართლე საქალაქოდან - ლია ორკოდაშვილი უაღრესად წესიერი და ვაჟკაცური გამოდგა. ამათთან შედარებით, მან, ასე თუ ისე, სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. ველოდი, როგორ არა, აბა, სააპელაციო ამას გაატარებდა? ეს არის აშკარა შურისძიება, პატარა კაცია და დამსაჯა, აბა მეტი რაა ეს?
ჩემი განცხადება მოჰყვა ბერა ივანიშვილის მუქარას, ტელევიზიაში რომ იჯდა და ამბობდა, ვინც დედაჩემს შეეხება, ყველა დაისჯებაო, მე ვარ აღმასრულებელიც, საკანონმდებლოც და სასამართლოცო და ასეცაა. როცა დამიჭირეს, არავინ გამოხატა თანადგომა, რაც, ვფიქრობ, უნდა გაეკეთებინათ. წინა დღეებში ყველა სტუდიებში იჯდა, იძახოდნენ, სასამართლო არ არსებობს, პროკურატურა და პოლიცია დაკვეთებს ასრულებსო... რა გამოდის, ჩემი მოსამართლე და პროკურორი იყო კაი და დანარჩენი ცუდი?
მე, გოგი წულაიას ქართული სასამართლოს წინააღმდეგ 3 პერფორმანსი მაქვს ჩატარებული. ერთხელ სასამართლოსთან მივიტანე ჩალა, რითაც ვუთხარი, ჩალითაა დახურული ქართული სასამართლო-თქვა, მეორედ კუბო მივიტანე სასამართლოსთან (პარლამენტთანაც იგივე გავიმეორე), მესამედ ნიღბებით გავმართე პერფორმანსი და ფიტულს ტანსაცმელი შამოვახიე, ვთქვი, რომ ამგენმა თემიდა გააშიშვლენ-თქვა. არაფერმა უშველა...
მაგათგან რა სიკეთეს უნდა ელოდე ადამიანი?! მე თლად ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ვერ მივედრები მოსამართლეებთან ბრძოლაში, მაგრამ ჩემებურად ვიბრძოდი. ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, ჯერ უზენაესში, მერე - სტრასბურგში და მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებ. იმისიც მჯერა, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება. მაგ იმედი რომ არ მქონდეს, ახლავე გამძვრებოდა სული.
არ გამოვრიცხავ, პროკურატურამ ჩემი ექსტრადიციაც მოითხოვოს, მაგრამ არის რაღაც საკითხები და პატარა ხანში ამასაც გავაცხადებ. ჩემით ჩამოსვლას საქართველოში არ ვაპირებ, დამალვით არ ვიმალები, ვეუბნები, აგერ ვარ, სტრასბურგში და ახლა არ მგონია ინტერპოლმა დამიჭიროს და მაგ სასამართლოს გადამცეს“.
ნანა ფიცხელაური