ავტორი:

"მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება, თუმცა სინოდი ვერ დაითანხმა" - პეტრე ცაავა

"მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება, თუმცა სინოდი ვერ დაითანხმა" - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა ეჭვობს, რომ დღევანდელ სხდომაზე პატრიარქმა მოინდომა უფლებამოსილების გადაბარება, თუმცა სინოდის სხდომის წევრები ვერ დაითანხმა.

"ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა თავისი სტრატეგია, რაზეც სინოდის წევრები ვერ დაითანხმა, რადგან საკიტხი ეხება მემკვიდრეობას და ეკლესიის მართვა-გამგეობის მიხედვით, ეკლესიაში ძალაუფლების გადაცემას, თუმცა პატრიარქს უნდა, რომ როგორც მეფეს დაასახელოს მემკვიდრე.

ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. მას ახასიათებს, რომ როცა წინააღმდეგობა შეხვდება, თავს იკატუნებს, რომ ცუდად არის. მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება და სინოდი ვერ დაითანხმა" - აღნიშნა პეტრე ცაავამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას მეუფე ნიკოლოზმა, სინოდის სხდომის შემდეგ აღნიშნა, რომ "პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას ვერ მოესწრება ვერავინ".

"თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და 5 საათის დაგვიანებით დაიწყო და მალევე დასრულდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იყო მოწვეული.