ავტორი:

"ადგილობრივები გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს რომ გაიგებენ, იმედით ივსებიან" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან

"ადგილობრივები გვთხოვდნენ, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს რომ გაიგებენ, იმედით ივსებიან" - რას წერს ქართველი მაშველი თურქეთიდან

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. ზარალის რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას და ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას.

თურქეთში სტიქიის ზონაში იმყოფებიან ქართველი მაშველებიც. ერთ-ერთი მათგანი, მიშო შუბითიძე სოციალურ ქსელში იქ არსებულ ვითარებაზე წერს და აღნიშნავს, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულებს ქართველების იმედი განსაკუთრებულად აქვთ.

"ერთი კვირა გავიდა რაც აქ ვართ, რა შემიძლია ვთქვა - ადგილობრივების გასაჭირზე არაფერს ვიტყვი.....

მაგრამ საქართველომ და ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მთელს მსოფლიოს, რომ სხვაზე უკეთესები თუ არა, ნაკლები არაფრით არ ვართ!

ადგილობრივები პირდაპირ გვთხოვდნენ, თქვენ მოდით, თქვენ დაგვეხმარეთ, სხვა არ გვინდაო. საქართველოს როგორც კი გაიგებენ, სიხარულით და იმედით ივსებიან, რადგან ხედავენ, რომ თავს არ ვზოგავთ, ასეთები ვართ ქართველები, პატარა ერი დიდი გულით", - წერს მიშო შუბითიძე.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას მინიმუმ 36 217 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია.

ამასთან, სტიქიას სირიაში 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი - მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.