ავტორი:

"ბანკი მეუბნება, ნებაყოფლობით გააზიარეთ მონაცემები, ჩვენ არაფერ შუაში ვართო" - რას ჰყვება კიბერთაღლითების მსხვერპლი და როგორ დავიცვათ თავი "ონლაინ ყაჩაღებისგან"?

"ბანკი მეუბნება, ნებაყოფლობით გააზიარეთ მონაცემები, ჩვენ არაფერ შუაში ვართო" - რას ჰყვება კიბერთაღლითების მსხვერპლი და როგორ დავიცვათ თავი "ონლაინ ყაჩაღებისგან"?

თანამედროვე ციფრულ და ინტერნეტტექნოლოგიების ეპოქაში ქურდობა და თაღლითობაც ტექნიკურად უზადოა. ჩვენს რუბრიკაში მინდა გესაუბროთ ინტერნეტთაღლითობაზე, ე.წ. ფიშინგზე, რომლის მასშტაბი და ფორმები თაღლითობის მსხვერპლთა ფინანსური დანაკარგის პირდაპირპროპორციულად სულ უფრო იხვეწება.

მინდა ჩემი ამბით დავიწყო. საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასულმა ახლობელმა მთხოვა, თბილისში მისი ბინის გაქირავება. საბუთების მოწესრიგების შემდეგ ბინის ფოტოები სათანადო საიტზე განცხადებასთან ერთად გამოვაქვეყნე და მალევე "ვოტსაპში" ვინმე ანდრეი დამიკავშირდა, 1 წლით სურდა ბინის დაქირავება. მითხრა, უკრაინელი ვარ, თბილისში ერთი კვირით მეუღლესთან ერთად ჩამოვდივარო. მთხოვა პირადი მონაცემებისა და ანგარიშის ნომრის მიწერა, რათა პირველი და ბოლო თვის ქირა ჩამოსვლამდე გადაეხადა. მოკლედ, ჩემმა სოლიდარობამ უკრაინელების მიმართ თავისი ქნა და ვიუარე, როცა ჩამოხვალ, მაშინ გადაიხადე-მეთქი. სხვამაც იგივე მითხრა და მერე ბინა გაქირავებული დამხვდაო. დავაწყნარე, ბინა თქვენ გელოდებათ, რომ დარწმუნდეთ, აგერ, განცხადებას საიტიდან ჩამოვხსნი-მეთქი და სიტყვა შევასრულე. გავიდა 1 კვირა, 10 დღე, უკრაინელი ანდრეი კი არ ჩანს და ის ნომერიც, საიდანაც დამიკავშირდა, არ რეაგირებს ზარებზე.

რამდენიმე დღეში ხელახლა განვათავსე განცხადება საიტზე, ამჟამად გერმანიის კოდით დამეკონტაქტა ვინმე იური მეუღლესთან ერთად ბინის დაქირავების სურვილით. ანდრეისგან განსხვავებით, იურის "ვოტსაპის" პროფილზე ფოტო ედო. რომ დავაკვირდი, აშკარად არ ჰგავდა იურის, კავკასიური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ვკითხე, საიდან ხართ-მეთქი? მოლდაველისა და ქართველის ნაჯვარი ვარ, სამწუხაროდ, ქართული არ ვიცი, თუმცა მეუღლე ქართველი მყავს და ორივე საქართველოს მოქალაქეები ვართო. მერე მანაც წინასწარ მოინდომა ქირის პირველი და ბოლო თვის გადმორიცხვა, რისთვისაც მონაცემები მთხოვა. მივაწოდე და რამდენიმე წამში მომწერა, WESTERN UNION-ით გიგზავნითო. ბმულიც ჩამიგდო ათნიშნა კოდთან ერთად, რომელიც უნდა გამეხსნა და კოდი შემეყვანა...

ძალიან ვიწვალე, ამასობაში დრო გავიდა, თან არც ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორად ვმოქმედებდი, მაგრამ იურიმ დამირეკა, ყველაფერი კარგადაა, 24 საათში თანხა დაგიჯდებათ ანგარიშზეო. მეორე დღეს (კვირა იყო) წარამარა ანგარიშს ვამოწმებდი, მაგრამ თანხა არ ჩანდა. ერთხანს საკუთარ ანგარიშზე შესვლისას ეკრანზე იწერებოდა, რომ უსაფრთხოების მიზნით მონაცემები შემეცვალა. მე კი ჩავთვალე, რომ რადგან ზუსტად ამ დროს ბანკს გათამაშება ჰქონდა და პრიზიორთა ვინაობა ირკვეოდა, სისტემამ გაჭედა. ამიტომ მხოლოდ ტელეფონი გადავტვირთე. ორშაბათს დილას იურის მივწერე, თანხა არ დამრიცხვია-მეთქი. ამ მიწერიდან რამდენიმე წუთში ბანკიდან დამირეკეს, სასწრაფოდ გამოცვალეთ თქვენს ონლაინბანკში შესასვლელი სახელი და პაროლი, შეღწევა სცადესო. დროულად ვიმოქმედე. ონლაინბანკის მონაცემები გაზიარებული მაქვს შვილების ტელეფონებში, პაროლის გამოცვლისას კი აღმოვაჩინე, რომ ვიღაცის აიფონ 13-იც გარეულიყო ჩვენ შორის, არადა, ასეთი ტელეფონი არც ერთს არა გვაქვს. ვცდილობდი დროულად მემოქმედა, ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო, მაგრამ ჩემთვის სოლიდური, 2 წლის განმავლობაში სიმწრით ნაგროვები თანხა მედო, რომლის დაკარგვასაც ვერ გადავიტანდი. ყველაფერი გავაკეთე თუ არა, მაშინვე დავრეკე ბანკში. დამამშვიდეს, მაგრამ ვერ მოვისვენე და კიბერუსაფრთხოების ექსპერტს დავურეკე, რომელსაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დავუახლოვდი... პირდაპირ მახალა, ლინკი გახსენიო? კი-მეთქი. გამარჯობა შენი, ამით ხომ შენი ეკრანი გაუზიარეო. მისი ვარაუდით, იმან გადამარჩინა, რომ ნაგროვები ფული ცალკე ანგარიშზე მედო და რადგან ჩემი შვილები ხშირად სარგებლობდნენ ამ ბარათით, ბანკის ოპერატორს ვთხოვე ჩაეკეტა დანაზოგის ანგარიში - ანუ იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ანგარიშზე თანხა გამომელეოდა, ავტომატურად არ გადასულიყო დანაზოგის ხარჯვაზე. მთელი დღე ვქოთქოთებდი, როგორ გადავრჩი-მეთქი. საღამოს იური ისევ დამიკავშირდა, იცით, გუშინ კვირა იყო, ბანკები არ მუშაობდნენ და ახლა ხელახლა გამოგიგზავნით ლინკს, გახსენით, შეავსეთ და 10 წუთში ანგარიშზე დაგიჯდებათ თანხაო.

ძალიან დამაჯერებელი იყო, მაგრამ მე მაინც კიბერუსაფრთხოების ექსპერტის დარიგების თანახმად ვიმოქმედე და ვუთხარი: ახლა გავთიშავ და ვიდეოზარით დაგირეკავთ, თან ბინას გაჩვენებთ, თან დეტალებზე ვისაუბროთ-მეთქი. ისიც არ დამიმალავს, რომ ჟურნალისტი ვარ და კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა დამარიგა. ამის თქმა იყო და საუბარი გაწყდა. ცოტა ხანში იურის ფოტო გაქრა WESTERN UNION-ის პროფილიდან, მერე კი ჩვენი მიმოწერაც და ზარსაც აღარავინ პასუხობს... გააგრძელეთ კითხვა