პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციიის წარმომადგენლები შევიდნენ. ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი მიზანია უკან დაიბრუნონ ხელოვნების სასახლის კუთვნილი 5 ნამუშევარი, რომელიც დროებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყო განთავსებული.
"ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ იქ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია, აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ, დაბრუნდეს ისევ პრეზიდენტის სასახლეში თუ არა", - აცხადებს გენერალური ინსპექციიის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით კომენტარს მალე გააკეთებენ.
ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა ხელისუფლების მისამართით უმწვავესი განცხადება გააკეთა "ფეისბუქში" გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერ აქციას ეხებოდა.
"20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში... მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!"- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე იხილეთ: