აშშ-ს სამხედროებმა მიჩიგანში, ჰურონის ტბის თავზე, მიმდინარე თვის განმავლობაში მე-4 ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ინფორმაცია შტატის გუბერნატორმა, გრეტჩენ უიტმერმა დაადასტურა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ის სწრაფად და უსაფრთხოდ ჩამოვაგდეთ", - თქვა მან.
20 000 ფუტის სიმაღლეზე მფრინავი ამოუცნობი ობიექტი დაახასიათეს, როგორც "რვაკუთხა სტრუქტურა". აშშ-ის ცნობით, მისი განეიტრალება სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად მოხდა. პენტაგონმა განაცხადა, რომ ობიექტი აშშ-ს სამხედრო ობიექტებთან ახლოს ფრინავდა და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო ავიაციას, თანაც, მათივე ვარაუდით, ის პოტენციური სათვალთვალო ინსტრუმენტი იყო.
აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა განაცხადა, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, კანადის წყლებში უნდა ჩავარდნილიყო. ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებდა მას, ან იყო თუ არა განკუთვნილი ჯაშუშური საქმიანობისთვის.
ამერიკულმა და კანადურმა თვითმფრინავებმა ამ თვეში უკვე მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.
ერთი კვირის განმავლობაში 4 ობიექტის ჩამოგდებამ აშშ-სა და კანადაში ღელვა გამოიწვია. ჩინური საჰაერო ბურთის აშშ-ს თავზე დაფიქსირებამ გავლენა იქონია საერთაშორისო პოლიტიკაზეც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა პეკინში მისი პირველი ვიზიტიც კი გადადო.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა