ახალ ზელანდიაში, ციკლონ „გაბრიელეს“ გამო 58 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ გააფრთხილა და ასობით ავიარეისი გაუქმდა.
ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ციკლონი ჩრდილოეთ კუნძულს უახლოვდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა, კირან მაკანულტიმ განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებას განიხილავს, რაც ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოხდება. მისი თქმით, ორშაბათი იქნება კრიტიკული დღე ძლიერი ქარისა და წვიმის „უაღრესად საშიში“ კომბინაციის გამო.
სტიქიამ დააზიანა გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხეები. ოკლენდსა და ჩრდილოეთ კუნძულზე ბევრი სკოლა და ადგილობრივი ხელისუფლების დაწესებულება დაიხურა და მოქალაქეებს სთხოვენ, გარეთ გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი.