ავტორი:

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დავამტკიცეთ გადახდის გრაფიკი, რათა მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მარტივად შეიძინონ" - ოსტინი

"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დავამტკიცეთ გადახდის გრაფიკი, რათა მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები მარტივად შეიძინონ" - ოსტინი

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს, - პენტაგონის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.

"ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და ნატო-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიაში“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება.

„ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება,“- აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ნაწილი, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე შეიკრიბა.

"საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას არაპროვოცირებული და რუსეთის უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ", - აღნიშნა ოსტინმა.