ავტორი:

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას" - რას აცხადებენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში?

"გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მიიღებს მონაწილეობას" - რას აცხადებენ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში?

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონი საქართველოს სახელით, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს. ფესტივალი ЦСКА-ს [რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება] არენაზე გაიმართება.

"შოუში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ალინა ზაგიტოვა, ანა შჩერბაკოვა, კამილა ვალიევა, ალექსანდრა ტრუსოვა, მარკ კონდრატიუკი, ვიქტორია სინიცინა და ნიკიტა კაცალაპოვი, ალექსანდრა ბოიკოვა და სხვა მოციგურავეები" - ვკითხულობთ განცხადებაში. აფიშაზე ჩანს ანასტასია გუბანოვას სახელიც.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, გუბანოვას რუსეთში, ფესტივალზე გამოსვლას, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია განცხადებით გამოეხმაურა:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა, რომელიც იანვარში ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის არენაზე, 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონიძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაკრების სპორტსმენი მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ იღებს. როგორც ჩანს, კონკრეტული ვებგვერდი ცდილობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას ეჭვი გაუჩინოს და მისი უკმაყოფილება გამოიწვიოს".

შეგახსენებთ, რომ რუსული წარმოშობის ფიგურისტმა ანასტასია გუბანოვამ საქართველოს ოქროს მედალი ფინეთში, ევროპის ჩემპიონატზე 28 იანვარს მოუტანა. სპორტსმენი 2021 წლიდან არის საქართველოს ნაკრების წევრი. 20 წლის ანასტასია ოჯახთან - მშობლებთან და უმცროს და-ძმასთან - ერთად სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქვე ვარჯიშობს. მისი მთავარი მწვრთნელი ევგენი რუკავიცინია.