UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გარდა წარმატებული ბრძოლებისა, ქართველ გულშემატკივარს თავს იმითაც ამახსოვრებს და აყვარებს, რომ მუდმივად იყენებს შესაძლებლობას, საქართველო უკეთ გააცნოს მთელ მსოფლიოს.
დვალიშვილის ფანებმა კარგად იციან მერაბის ყელსაბამის შესახებ - მას ყოველთვის თან აქვს საქართველოს რუკის ფორმის ყელსაბამი და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მებრძოლმა ის რეპორტიორებსაც აჩვენა.
როგორც დვალიშვილმა "სეტანტა სპორტთან" საუბრისას თქვა, მან მიიღო შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მომდევნო ბრძოლის დროს არ ჰქონდა უფლება ეს ყელსაბამი თან ჰქონოდა, თუმცა მან ალტერნატიულ გზას მიმართა და საქართველოს რუკის ფორმის ტატუ გაიკეთა.
"მომწერეს, მეილი მომივიდა, მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება შემდეგ ბრძოლაზე ჩემი ყელსაბამი გამომეტანა, მე ავდექი და ტატუ გავიკეთე. ჩემი საქართველო მაქვს გულთან ახლოს და ყოველთვის ვეცდები, რომ ღირსეულად წარმოვადგინო", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.