ავტორი:

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აბრამიშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილი დასკვნა სარწმუნო ინფორმაციას არ იძლეოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და ის ვერ დაედებოდა საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.

თავის მხრივ, დღეს ადვოკატები მოსამართლეს მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელში იყო.

ადვოკატების განმარტებით, მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა და საფუძველი დიდი შერიგებისთვის ჩაეყარა.

არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.