ავტორი:

"ჩემს აქაურ მეგობარს ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა... არაადამიანურად ღრიალებდა" - რას ჰყვება თურქეთში მცხოვრები ქართველი Ambebi.ge-სთან უმძიმეს ტრაგედიაზე

"ჩემს აქაურ მეგობარს ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა... არაადამიანურად ღრიალებდა" - რას ჰყვება თურქეთში მცხოვრები ქართველი Ambebi.ge-სთან უმძიმეს ტრაგედიაზე

თურქეთსა და სირიაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. 6 თებერვალს, გვიან ღამით, დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგთა ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მას შემდეგ არაერთი ბიძგი განმეორდა, დღის განმავლობაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად 7.5 მაგნიტუდა.

  • შედეგები როგორც თურქეთში, ასევე სირიაში უმძიმესია. დაინგრა შენობები, განადგურდა ინფრასტრუქტურა. დაღუპულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ორივე ქვეყანაში (თურქეთი და სირია) 2300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას. სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოდანაც წავიდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა, თურქეთის დედაქალაქშიც, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კვიპროსში, ისრაელსა და ლიბანში... განმეორებითი მიწისძვრის დროს, ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში - ბათუმში.

როგორც AP news-ი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტზე, ფუათ ოქთაიზე დაყრდნობით წერს, მხოლოდ გაზიანთეფისა და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში 1000-ზე მეტი შენობაა დანგრეული.

  • თურქეთში მცხოვრები ქართველი, ნინო ჩალიკი AMBEBI.GE-ს თურქეთში არსებული ვითარების შესახებ უყვება.

- საშინელება ხდება, ხალხი პანიკაშია. ჩემს მეგობარს ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა. მისი ოჯახი იმ მხარეს ცხოვრობდა, სადაც ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. ძმები არიან და ერთად მუშაობენ. რომ დავურეკე, არაადამიანურად ღრიალებდა, მეუღლე დავკარგე, ჩემი ცხოვრება დამთავრდაო. საწყალი გოგო ნანგრევებში მოჰყვა.

ჰაიატში ცხოვრობს მისი ოჯახი, თავად იზმირში არიან, აქ მუშაობენ. მეორე ძმასაც იქ ჰყავს ოჯახი, პირველ მიწისძვრას გადაურჩნენ, სახლიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში კორპუსი ჩამოიშალაო, არადა, შიგნით ხალხი დარჩაო. ერთ-ერთი ბიჭი თავის ოჯახს სთხოვდა, გარეთ ყოფილიყვნენ. უკვე ჰქონდათ თბილი პლედები და სხვა ნივთები.

მეორე მიწისძვრის შემდეგ, მათთან კონტაქტი გაწყდა. დიდი ხნის მეგობრები ვართ, რამდენჯერმე დავურეკე. ახლა ის ძმა ამშვიდებდა, ნუ გეშინია, ცოცხლები იქნებიან, ალბათ ტელეფონი დაუჯდათო. ქალაქში მართლაც არ არის ელექტროენერგია და ღმერთმა ქნას, ეს იყოს მიზეზი, რომ ვერ უკავშირდება. არ ვიცი, რა ვთქვა.

იმედია, სიცივის გამო, რომელიმე შენობაში არ შევიდნენ, რადგან ცივა და მცირეწლოვანი ბავშვებით გარეთ ყოფნა ძნელია. ძმებმა მანქანა იქირავეს და ჰაიატში წავიდნენ, იქნებ რამე გავიგოთო. ვისაც ახლობლები დაეღუპა, ხომ საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ უმძიმეს დღეში არიან ისინი, ვინც ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე არაფერი იციან, ვერ უკავშირდებიან. არადა, იყო შემთხვევები, ზოგმა დაურეკა ოჯახის წევრს და უთხრა, რომ ნანგრევების ქვეშ იყო, მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნისა და წვალების შემდეგ, ამოიყვანეს.

ახლა, როდესაც არ ვიცით, იქნება თუ არა განმეორებითი ბიძგები, ისევ გარეთ ყოფნა სჯობს.

ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, სიცივეში უჭირდა გარეთ დარჩენა და შენობებში შებრუნდნენ. ახლა გარე პერიმეტრს პოლიცია და ჟანდარმი იცავს, რადგან იყო შემთხვევა, შევიდნენ შენობაში და შემდეგ, განმეორებითი ბიძგების დროს, ნანგრევებში მოჰყვნენ.

ფრენები შეწყდა. უსაფრთხოების მიზნით, გაზიანთეფისა და ქაჰრამანმარაშის პროვინციებში შესასველი გზები ჩაიკეტა, რადგან როგორც ამბობენ, ამ ტრაგედიის შემდეგ, ხალხი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსაძებნად იქაურობას მიაწყდა. სიტუაცია ყოველ წუთს მძიმდება, რადგან დაღუპულთა რაოდენობა იზრდება.

- სამოქალაქო პირებიც ეხმარებიან, არა?

- დიახ, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მაშველებისთვის დახმარების სურვილი, სისხლის ბანკებში რიგები დგას, ადამიანები სისხლის ჩასაბარებლად საათობით დგანან. ისინი, ვინც გადარჩა, მაგრამ სახლ-კარი დაკარგა, ქუჩაში არ დარჩებიან, ყველას დააბინავებენ.

- ამ ქალაქებში მყოფი ქართველების შესახებ თუ იცით რამე?

- საერთო ჩათი გვაქვს და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ერთმა დაწერა, დილით ადრე მიწევდა სამსახურში წასვლა, მეზარებოდა, მაგრამ თავს დავაძალე და მაინც წავედი, თურმე ბედი მქონიაო. ერთი ჩემი ახლობელია, ოჯახში დამხმარედ მუშაობს. აგარაკზე ყოფილან მთელი ოჯახი და დილით წამოვიდნენ, სახლი დანგრეული დახვდათ, მაგრამ ამას ახლა ვინ დაეძებს.

2019 წელს, სტამბოლის მიწისძვრის დროს, ხალხს იმით გაუმართლა, რომ მიწისქვეშა ბიძგები, დილით, იმ დროს მოხდა, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი სახლებიდან გასული იყო - სამსახურებში, სკოლებში, სასწავლებლებში იმყოფებოდნენ. არც ბიძგი ყოფილა ასეთი სიმძლავრის - 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა. თითქოს წყევლასავით არის, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ასეთი მასშტაბური ნგრევა და კატასტროფა.

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია სააგენტო reuters-ის ფოტოები