რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 75:12 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა თამაშში 11 ლელო დადო.
შეხვედრის მე-4 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში ლელო ოთარ ლაშხმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
მე-9 წუთზე ლელოს ავტორი უკვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, გარდასახვაზე კი სიზუსტით უკვე კვლავ ლუკა მატკავა გამოირჩა. 23-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი კვლვ აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა და ეროვნულ ნაკრებში 21-ე ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა.
ეროვნული ნაკრების მე-14 ნომერმა თავისი მესამე ლელო გერმანელებს 31-ე წუთზე დაუდო, გარდასახვაზე კვლავ ზუსტი მატკავა იყო. 36-ე წუთზე ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, ლუკა მატკავამ კი უკვე მე-5 გარდასახვა გაიტანა.
პირველი ტაიმის ბოლო ლელო თორნიკე ჯალაღონიამ დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც არ ააცილა.
53-ე წუთზე ლელოს გატანა კვლავ ქართველებმა იზეიმეს - ამჯერად მისი ავტორი გიორგი ცუცქირიძე გახდა, გარდასახვისა კი კვლავ ლუკა მატკავა. 57-ე წუთზე "ბორჯღალოსნებში" კიდევ ერთი სადებიუტო ლელო ვიხილეთ, რომელიც მიშიკო ალანიამ გაიტანა, მერვე გარდასახვა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
61-ე წუთზე ლელო ედუარდო სტელამ დაგვიდო და გარდასახვაც ზუსტად დაარტყა.
65-ე წუთზე ლუკა მატკავამ ამჯერად ლელო დადო, რასაც გარდასახვაც მიაყოლა. 70-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, ლუკა მატკავამ კი ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა.
79-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.