ასაკი - 49 წელი, პროფესია - კარდიოლოგი... საქმიანობა - ექიმი, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, გადაცემა "პრაიმშოუს" წამყვანი - ეს ნინო ნადირაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობებია. ბოლო თვეებია, რაც კუზანოვების პოპულარული ოჯახის წევრი ყურადღების ცენტრშია, თუმცა მედიის ყურადღება არც მანამდე აკლდა.
"ვერ ვიტყვი, რომ პროფესია ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე ავირჩიე, მამა მათემატიკოსია, დედა ეკონომისტი. რატომღაც, ექიმის პროფესია რომანტიკულად მეჩვენებოდა, დღემდე ასეა. ერთი პერიოდი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ჩემმა პრაგმატულმა გონებამ სრულიად სხვა გადაწყვეტილება მიმაღებინა. ოჯახის წევრებმაც მირჩიეს, ხატვას არავინ გიშლის, ჯერ პროფესია აირჩიეო. გადაწყვეტილების მიღებაში ტექნიკური უნარები, გონება და ადამიანის სიყვარული დამეხმარა, რადგან ვთვლი, თუ ადამიანი არ გიყვარს, ექიმობა დანაშაულია. არასდროს მინანია ეს გადაწყვეტილება...“ -ამბობდა წლების წინ ჟურნალ „ბომონდთან“ ინტერვიუში...
ნინო ნადირაძესთან ყვითელი მედია წლების მანძილზე მეგობრობდა. ხშირად იბეჭდებოდა მასთან ინტერვიუები, სადაც ჰყვებოდა პოპულარული ოჯახის წევრებზე, მეუღლეზე, ოჯახზე. უყვარს კარგად ჩაცმა, მაგრამ სტრესავს მოგზაურობა...
"ჩემთვის რომ გავიფიქრებ, სადმე წასასვლელი ვარ, უკვე ვიტანჯები. ვერ ვიტან მოგზაურობას, უნდა აბარგდე, მოშორდე შენს ოჯახს, სახლს, საწოლს, ტუალეტს, გარდერობს. სადაც უნდა წავიდე, იქაური წყალი მწყენს, გამომდის მუწუკი სახეზე, თმა მეჩეჩება და მოკლედ, ვარ ასეთ ტანჯვაში. ჩემი ქმარი სულ მეუბნება, უინტერესო არსება ხარო. სახლს რომ ვარ მოწყვეტილი, ობოლი ბავშვის განცდა მეუფლება..." - ჟურნალი რეიტინგი, 2012 წელი.
"მეზიზღება ტრადიციები, თუმცა ზოგიერთ მათგანს ვინარჩუნებ და ვექვემდებარები. მეზიზღება ღრეობასთან დაკავშირებული ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის უაზრო სუფრები, არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც მთელ ბიუჯეტს ხარჯავენ ამ ორსაათიანი სუფრის გამო და მერე მთელი თვე ისე სხედან. ასევე არ მესმის სასაფლაოებზე გამართული ღრეობები. ვერ ვიტან გამოთქმას, "ასეა მიღებული". ნებისმიერი ჩარჩო საშინლად მაღიზიანებს და მთრგუნავს. ხანდახან ვცდილობ, ამ ჩარჩოებს გავექცე, მაგრამ საქართველოში ძნელია, არ დაემორჩილო ტრადიციას...“ (წყარო)
პლასტიკური ოპერაციები
არასოდეს დაუმალავს, რომ რინოპლასტიკა აქვს გაკეთებული. ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც წერს...
"არც რინოპლასტიკა, არც მკერდის იმპლანტანტები, მაგრამ ყოველთვის გემოვნებიანი…"
პოლიტიკური კარიერა
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობა არასოდეს აკლდა, წლების წინ, პოლიტიკაშიც სცადა ბედი. 2016 წელს პაატა ბურჭულაძის მიერ ახალშექმნილ პარტიაში "სახელმწიფო ხალხისთვის" გაწევრიანდა და ყრილობასაც დაესწრო. მაშინ ნადირაძე აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.
თუმცა ზუსტად მესამე დღეს პარტია დატოვა. მაშინ ambebi.ge-სთან მიღებული გადაწყვეტილება ასე ახსნა:
- ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი, ვინც იქ ირეოდა ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებულები იყვნენ. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი..." - რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნადირაძეს თამაზ მეჭიაურის პარტიიდან ჰქონდა მიწვევა, თუმცა არცერთმა მხარემ არ დაადასტურა.
ნადირაძეს არასოდეს დაუმალავს მმართველი პარტიისადმი ლოიალური განწყობა, 2020 წელს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენაზე, მაშინდელ პრემიერ გიორგი გახარიასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. ნინო ნადირაძე დალი ჩიტალაძესთან ერთად დაესწრო კახა კალაძის მეორედ მერად არჩევის ვახშამს.
ტელევიზია
საბოლოოდ, ნინო ნადირაძემ აღმოაჩინა, რომ პოლიტიკა მისი არ არის და წლებია უკვე ტელეკომპანია იმედის ეთერში, "პრაიმშოუს“ ერთ-ერთი წამყვანია.
ოჯახი
ერთი შეხედვით, ეპატაჟური წყვილი წლებია მედიის ყურადღებას იმსახურებს. მათი დაშორების შესახებ არაერთხელ გავრცელებულა ჭორი, თუმცა ნადირაძე-კუზანოვის წყვილი 28 წელია ერთად არიან. ჰყავთ ორი შვილი, უფროსი გოგონა მამის პროფესიას გაჰყვა და პლასტიკური ქირურგია. ბაია კუზანოვას ერთი შვილი ჰყავს.
აფეთქება კუზანოვის სახლში
2019 წლის დადგომისას ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეუღლე პიროტექნიკას არასწორად ისროდა და მცირე დაზიანებაც მიიღო. მოგვიანებით ხუმრობდნენ, რომ კუზანოვის არასწორად გასროლილი პიროტექნიკის შემდეგ, ქვეყნის საქმე უკან წავიდა და პანდემია დაგვატყდა თავს.
სკანდალი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“
2013 წელს პროექტში გუგა კუზანოვი მონაწილეობდა, მისი მეწყვილე მოცეკვავე მზია ორველაშვილი გახლდათ. რამდენიმე წლის შემდეგ, "პრაიმშოუში" ნინო ნადირაძემ მეუღლის პროექტში მონაწილეობა ასე გაიხსენა:
"გუგა დადის ყოველდღე რეპეტიციებზე და ბრუნდება ღამის ორ საათზე. ერთ დღეს მეუბნება, ბოისას ცოლი სულ იქ ზის და შენ ერთხელ არ მოხვედი, მოდი, დამხედე, ეგებ რას ვშვრებიო.
ერთ დღესაც ავისხი აბჯარი, წავედი და ვხედავ, თავისი პარტნიორი ფეხებშუა ჰყავს გაგდებული და ზემოდან არის გადამხობილი ვეფხვი და მოყმესავით. მე ვუთხარი, ეს რა ილეთია-მეთქი. თვითონაც შეშფოთდა. ცივად გამოვიხურე კარები, მოვედი სახლში და შეურაცხყოფილი დავხვდი..."
ნინო ნადირაძის რეპლიკამ, გააღიზიანა მზია ორველაშვილი. ქალმა მედიასთან განაცხადა.
- ჩემი აზრით, ასეთი იუმორი ქართველ ქალს არ უნდა ახასიათებდეს. როცა ადამიანს პატივს ვცემ, როგორი იუმორიც უნდა ჩავრთო, ასეთ შეურაცხყოფას არასდროს მივაყენებ. შეიძლება მან თქვას, რომ ეს არაფერია, უბრალო ხუმრობაა და სოფლელად ჩამთვალონ, რადგან ამას ავყევი, მაგრამ მთელი საქართველო ამაზე საუბრობს.
ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან გამწარებული ვარ. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დამისვეს კითხვა, ასეთი რაღაც შენზე როგორ თქვაო. ხუმრობაც რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ცოტა სხვა ფორმით ეთქვა, ამას გარდა, მე და გუგა კუზანოვი ღამის 2 საათამდე არასდროს ვმეცადინეობდით!
ექსპრეზიდენტი "ვივამედში"
დასასრულს, 2022 წლის 12 მაისს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. კლინიკა, რომლის დირექტორიც ნინო ნადირაძე გახლავთ, მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტები ყოველდღიურად აშუქებენ იქ მიმდინარე ამბებს და ნინო ნადირაძეც ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტია.
სკანდალური აღმოჩნდა 3 თებერვალს, ნინო ნადირაძის გამოსვლა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც ის მოწმის სახით დაკითხეს. ექიმმა და ტელეწამყვანმა დაკითხვისას არაერთი სკანდალური ფაქტი გააჟღერა, მათ შორის, ის, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები აბრალებდნენ, რომ 19 წლის ასაკში, გუგას გაცნობამდე, მამამთილის საყვარელი გახლდათ...
როგორ მიირთვა მძიმე მდგომარეობაში მყოფმა სააკაშვილმა ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედის მომზადებული საცივი და საინტერესო იყო, ასევე დიალოგი ექსპრეზიდენტის ერთ-ერთ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელსაც წარსულში ჰომოფობი, ამჟამად კი "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი უწოდა.
ნახეთ ასევე: