ავტორი:

"საიდუმლო სიჩუმე" - ერთი თვე კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსის გაქრობიდან: რა არის ცნობილი ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით?

"საიდუმლო სიჩუმე" - ერთი თვე კადიროვის ყველაზე დიდი კრიტიკოსის გაქრობიდან: რა არის ცნობილი ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით?

დეკემბრის პირველ რიცხვებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შვედეთში მყოფი კადიროვის მთავარი კრიტიკოსი, ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს, მალევე უარყო ადგილობრივმა პოლიციამ. თუმცა, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ბლოგერი, რომელსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა, დუმს...

"იმ ინფორმაციით, რომელსაც ვფლობთ, ტუმსო ცოცხალია..." - წერდნენ მაშინ დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენლები.

მათივე განცხადებით, ინფორმაციის საკუთარი წყაროები გააჩნიათ და ვერ დააკონკრეტებდნენ, რა მიზეზებით შეიძლება იმყოფებოდეს აბდურახმანოვი შვედეთის პოლიციის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.

"ჩვენ არაფერი გვაქვს ჩვენი წინა კომენტარისთვის დასამატებელი" - ნათქვამი იყო შვედეთის სამართალდამცავი უწყების პრესმდივნის ოფიციალურ პასუხში ამბის გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

ცნობისთვის, აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობის ცნობების შესახებ შვედეთის პოლიციას დღემდე არ დაუდასტურებია და კომენტარი არ გაუკეთებია.

"საიდუმლო სიჩუმე" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა ekhokavkaza.com, რომელიც აბდურახმანოვის მიმართვებსა და გამოსვლებს აქტიურად ადევნებდა თვალს.

მისი ცნობით, გასული წლის დეკემბერს, ჩეჩნეთის ლიდერის ორი კრიტიკოსი ერთდროულად გაქრა ინტერნეტსივრციდან. 4 დეკემბერს გაქრა თურქეთში მცხოვრები ოპოზიციონერი ბლოგერი, ხასან ხალიტოვი, რამდენიმე დღით ადრე კი, ჩეჩნური მედია აქტიურად წერდა შვედეთში მცხოვრები ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ... მასთან დაკავშირება დღემდე ვერავინ შეძლო.

  • სიჩუმე, რომელიც კადიროვის კრიტიკოსის გარშემო გრძელდება, ჩეჩნურ დიასპორაშიც ეჭვებს იწვევს. აქტივისტები განიხილავენ და მსჯელობენ ყველა შესაძლო სცენარზე, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. მათ შორის არის შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა და სპეცსამსახურების მიერ მისი საიდუმლო ადგილას გადამალვა, ვიდრე სიტუაცია შედარებით უსაფრთხო არ იქნება.

თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ტუმსოს მიმართვებს, მუდმივად წერენ, რომ 29 ნოემბრის შემდეგ, მისი ექაუნთი არ განახლებულა.

კადიროველების დაუნდობელი ნადირობა ჩეჩნეთის ლიდერის კრიტიკოსების წინააღმდეგ, ახალი არ არის. გამოცემის ცნობით, 4 ოქტომბერს, სწორედ რამზან კადიროვის დაბადების დღეს, კავშირი დაიკარგა მის ერთ-ერთ კრიტიკოსთან ხასან ხალიტოვთან. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ითქვა, რომ რეჟიმის კრიტიკოსი ჩეჩნეთში, რეანიმაციაში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მოგვიანებით, ხალიტოვის ახლობლებმა, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან, მასზე თავდასხმა, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, მით უფრო, მკვლელობა უარყვეს და აღნიშნეს, რომ სჯობს დაიცადონ, ვიდრე სიტუაცია არ გაირკვევა...

ცნობისთვის, 2021 წლის ოქტომბერში, თურქმა სამართალდამცავებმა, ერთ-ერთი დაჯგუფებიდან, ექვსი პირი დააკავეს. როგორც გაირკვა, ისინი ხალიტოვზე თავდასხმას ამზადებდნენ, ჯილდოდ კი, 300 ათას დოლარი უნდა მიეღოთ. ამის შესახებ ადგილობრივმა ტელეკომპანიამ განაცხადა. ამის შემდეგ, ჩეჩენ ბლოგერს სახელმწიფო დაცვა მიუჩინეს...

"ამის პარალელურად, წნეხი გაძლიერდა ჩეჩნეთში მყოფ მის ოჯახზე. გასული წლის აპრილში, ხალიტოვმა განაცხადა, რომ მისი ძმებიდან ერთ-ერთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნეს, ეს იყო პასუხი მის ოპოზიციურ ქმედებებზე. უფრო ადრე, მამამისი, რომელიც ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამსახური დაკარგა მისმა დამაც" - წერს გამოცემა.

4 ოქტომბრის შემდეგ, თვენახევრის განმავლობაში, დაკარგულ ბლოგერზე არავითარ ცნობებს არ ფლობენ ხალიტოვის ოჯახის წევრებიც. როგორც ირკვევა, საჩივრის შეტანა უნდოდა ხალიტოვის ცოლს, თუმცა, ადგილობრივმა პოლიციამ მისი საჩივარი არ მიიღო...

არიან თუ არა აბდურახმანოვის ძმები შემდეგი?

მას შემდეგ, რაც აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჩეჩენმა, რომელიც ბლოგერის მეზობლად ცხოვრობდა, დაწერა, რომ ტუმსოს სახლიდან სროლის ხმები გაიგო... ისე, როგორც ხალიტოვის შემთხვევაში, ამ ხნის განმავლობაში არც ტუმსოზე ყოფილა რაიმე სახის კომენტარი, როგორც ოჯახის წევრების, ასევე, შვედი სამართალდამცველების მხრიდან.

ახლა მთავარია, ტუმსოს ძმებსა და ოჯახსაც იგივე ბედი არ აწიოს, რაც ხალიტოვისას... რასაკვირველია, საკმაოდ არაჯანსაღი სიტუაციაა, მაგრამ ევროპაში ჩეჩნური ასოციაციის ხელმძღვანელი, ასლან მურტაზალიევის მოსაზრებით, ტუმსო შვედეთის სპეცსამსახურების მკაცრი მეურვეობის ქვეშაა.

უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი, რომლის ოჯახი კადიროვის რეჟიმს უმძიმესი წნეხის ქვეშ ჰყავს (უკვე რამდენიმე თვეა, გროზნოში, პატიმრობაში იმყოფება დედამისი, რომელიც ნიღბიანებმა ნიჟნი ნოვგოროდიდან გროზნოში გაიტაცეს), წერს, რომ ტუმსო აბდურახმანოვისა და ხასან ხალიტოვის საქმე არაჯანსაღად გამოიყურება.

"გასაგებია, რომ ისინი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან, მაგრამ მათი სიკვდილის შესახებ წერდნენ ჩეჩენი ოპოზიციონერებიც. საინტერესოა, საიდან მათ ასეთი დამაჯერებლობა, რაზე იყო ეს დაფუძნებული?.. ზოგადად, მათი გაუჩინარება კადიროვს თავს მშვიდად მაინც არ აგრძნობინებს, რადგან მათ ადგილებს სხვები იკავებენ, წინააღმდეგობის იდეა რჩება და კრიტიკოსების რაოდენობაც მატულობს" - წერს იანგულბაევი.

არაღიარებული იჩქერიის საპატიო კონსული საფრანგეთში, შამილ ალბაკოვი მიიჩნევს, რომ ორივე ბლოგერი უსაფრთხოდ არის და მათი გამოჩენა ამ ეტაპზე გამართლებული არ არის.

"ისინი აქტიური ზონიდან გაიყვანეს, იმაზე იზრუნეს, რომ ეთერიდან გაეყვანათ, ყველასთვის აჯობებდა, რომ მათ თავიანთი საქმიანობა გაეგრძელებინათ, მაგრამ ახლა მათი უსაფრთხოება ყველაფერზე მნიშვნელოვანია და გერმანიის, თურქეთისა და შვედეთის მხრიდან ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა" - წერს ალბაკოვი.