2017 წლის 13 თებერვალი, დილა, კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი. ტერმინალთან ხალხმრავლობაა.
უამრავ ადამიანს შორის არის უბრალოდ ჩაცმული მამაკაცი - პოლოს ლურჯი მაისურით, ჯინსის შარვლით, მხარზე ზურგჩანთა აქვს გადაკიდებული. ის მაკაოში გამგზავრებას აპირებს.
მოულოდნელად მის წინ ქალი ჩნდება და სახეზე ცხიმიან ნივთიერებას უსვამს. ქალი უჩინარდება, თუმცა მის უჩვეულო ქცევას სათვალთვალო კამერა აფიქსირებს.
რამდენიმე წუთში მამაკაცთან ზურგიდან კიდევ ერთი ქალი მიდის, თვალებზე ხელს აფარებს, შემდეგ კი ხელებს სახეზე ასრიალებს პირის მიმართულებით, ბოლოს ბოდიშს იხდის და მიდის.
20 წუთზე უფრო ნაკლებ დროში მამაკაცი კვდება.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/dbyrTMckXPI" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
ოთხი აგენტი და ფხენიანიდან დაგეგმილი უსაფრთხო ავიარეისი
მკლელობის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებმა აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ მკვლელობის ადგილას იმალებოდა სულ მცირე, ოთხი ჩრდილო კორეელი აგენტი და მათ სავარაუდოდ, ჰქონდათ სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ქალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში, ამ აგენტებმა ჩრდილოეთ კორეელ დიპლომატთან ერთად, კუალა-ლუმპურის აეროპორტი ავიარეისით დატოვეს. ფრენის მარშრუტი ფხენიანში საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, რათა თავიდან აეცილებინათ ისეთი ქვეყნების თავზე გადაფრენა, რომლებსაც შეეძლოთ მათი თვითმფრინავის გაჩერება და მამაკაცების დაკავება.
"საჯარო მკვლელობის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ მსოფლიოს დაენახა, როგორ არ ეშინია კიმ ჩენ ინს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში და მათ შორის აეროპორტებში“, - ამბობს მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკის საკითხების პროფესორი, ვიფინ ნარანი.
ადამიანები, რომლებიც სასამართლოს წინაშე აღმოჩდნენ მკვლელობისთვის, იყვნენ არა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო აგენტები, არამედ წარსულში ე.წ ესკორტში მომუშავე ქალები - სიტი აისია ინდონეზიიდან და დოა თი ჰონგი ვიეტნამიდან.
ქალების ჩვენების თანახმად, ისინი წინა თვეებში ჩრდილოეთ კორეის აგენტებმა მოამზადეს, თუმცა მათ არ ჰქონდათ გათვითცნობიერებული, თუ რას აკეთებდნენ და რისთვის ამზადებდნენ.
მათ ეგონათ, რომ მონაწილეობდნენ იაპონურ სახალისო შოუში, რომელიც Youtube არხისთვის მზადდებოდა. ამ საქმისთვის კი მიიღეს ანაზღაურება დაახლოებით, 1020 დოლარის ოდენობით.
2019 წლის მარტში სიტის ყველა ბრალდება მოუხსნეს, მეორე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩებოდა. მას შესთავაზეს გარიგება - ეღიარებინა მკვლელობა და სანაცვლოდ, სამუდამო პატიმრობის ნაცვლად, 10 წელს მიუსჯიდნენ. ქალი დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით, მისმა ადვოკატებმა შეძლეს და ციხიდან ისიც გაათავისუფლეს.
კიმ ჩენ ნამის მკვლელობამ უცხო მიწაზე გამოიწვია დიდი დიპლომატიური კრიზისი ჩრდილოეთ კორეასა და მალაიზიას შორის, მალაიზიამ გააძევა ჩრდილოეთ კორეის ელჩი, უარი თქვა კიმ ჩენ ნამის ცხედრის ფხენიანისთვის გადაცემაზე და დაკითხვაზე დაიბარა სამი ჩრდილოეთ კორეელი, რომლებიც იმ დროისთვის საელჩოში იყვნენ. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყანაში მყოფი მალაიზიელები მძევლად აიყვანა.
თუმცა, მკვლელობიდან ორ წელიწადში კულუარებში დიპლომატიური ურთიერთობები შედარებით ნორმალიზდა.
კიმ ჩენ ნამი 1971 წელს დაიბადა და როგორც ჩრდილოეთ კორეის მმართველის უფროს ვაჟს, მას უნდა მიეღო მემკვიდრეობით ქვეყნის მართვის სადავეები. მაგრამ შვეიცარიის სკოლაში სასწავლებლად გაგზავნის შემდეგ, მას მოეწონა იქაური ცხოვრება, განსხვავებულად ჩამოუყალიბდა გემოვნება.
ჩრდილოეთ კორეაში მას ოჯახის შემარცხვენლად მიიჩნევდნენ.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო გამოსვლების დროს კიმ ჩენ ნამი ძმის პოლიტიკას მხარს უჭერდა და ამბობდა, რომ სჯეროდა მისი იდეების.
კიმ ჩენ ინი მას განიხილავდა როგორც პოტენციურ კონკურენტს. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ, კიმ ჩენ ნამი CIA-სთვის მუშაობდა. wsj-ის ცნობით, კიმ ჩენ ნამი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წყარო იყო და მისგან იგებდნენ ინფორმაციებს ჩრდილოეთ კორეაში არსებული რეჟიმის შესახებ. თუმცა მისი და CIA-ის ურთიერთობის ბევრი დეტალი დღემდე გაურკვეველია. აშშ-ის რამდენიმე ყოფილი ოფიციალური პირის განცხადებით, რადგან კიმ ჩენ ნამი წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეაში არ ცხოვრობდა, მას არ ჰქონდა ფხენიანში არც გავლენები და არც ძალაუფლების მქონე პირებთან მჭიდრო კავშირები და ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას სცოდნოდა საიდუმლო ინფორმაციები, რომლებსაც აშშ-ს გადასცემდა.
2010 და 2012 წლებში მის წინააღმდეგ განხორციელდა სულ მცირე ორი წარუმატებელი მკვლელობის მცდელობა და ამბობდნენ, რომ კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, მანამდე ეცადათ მისი მოკვლა, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდნენ.