ავტორი:

რუსეთში, ქართული წარმოშობის მწერლის, ბორის აკუნინის გვარ-სახელის აფიშებიდან გაქრობას მოითხოვენ, მანამდე მისი წიგნების გაყიდვა აკრძალეს - მას ომის წინააღმდეგ გამოსვლას არ პატიობენ

რუსეთში, ქართული წარმოშობის მწერლის, ბორის აკუნინის გვარ-სახელის აფიშებიდან გაქრობას მოითხოვენ, მანამდე მისი წიგნების გაყიდვა აკრძალეს -  მას ომის წინააღმდეგ გამოსვლას არ პატიობენ

მწერალმა და დრამატურგმა ბორის აკუნინმა (გრიგორი ჩხარტიშვილი) განაცხადა, რომ რუსეთის პროკურატურა ადგილობრივ თეატრებს სპექტაკლების აფიშებიდან მისი სახელის ამოღებას სთხოვს. მწერლის თქმით, ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც რუსეთის ერთ-ერთი თეატრიდან დაურეკეს, სადაც მისი ერთ-ერთი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლია დადგმული.

"პროკურატურა მკაცრად ურჩევთ, რომ პიესის ავტორის სახელი და გვარი ამოიღონ აფიშიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი დღე არ დაადგებათ. რა ვქნათ, - მეკითხებიან თეატრიდან და ვურჩევ, რომ სპექტაკლის გაუქმებას, ისევ ავტორი ამოიღონ", - წერს აკუნინი და დასძენს, რომ იგი დიდი ხანია ჰონორარებს არ იღებს რუსეთიდან.

"რა თქმა უნდა, საამურია, გადაიქცე ისეთ ადამიანად, ვისი სახელიც არ შეიძლება თქვან, უფალო, შენ იცი, ვინ ვარ“, - წერს აკუნინი.

2022 წლის ივლისში რუსეთში აკუნინის წიგნები გაყიდვიდან ამოიღეს, ხოლო შემოდგომაზე მწერლის სახელი გაქრა რუსეთის აკადემიური ახალგაზრდული თეატრის (RAMT) აფიშებიდან, რომლის რეპერტუარში მწერლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ოთხი სპექტაკლი იყო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ეს ნაბიჯი ხელისუფლების ქმედებებით ახსნა.

მისი სახელი აღარ წერია არც პიესის "1881“ აფიშაზე, რომელიც დრამატურგმა სპეციალურად სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრინსკის თეატრისთვის დაწერა.

აკუნინმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ამის მიუხედავად, ის არ ითხოვს თეატრების რეპერტუარებიდან მისი სპექტაკლების ამოღებას.

"ვიდრე საბოლოოდ აიკრძალება, გაუშვით. თუნდაც უფასოდ“, - ამბობს მწერალი.

კულტურის სამინისტრომ, "აბსოლუტურად ლოგიკურად“ მიიჩნია პლაკატებიდან იმ კულტურული მოღვაწეების სახელების ამოღება, რომლებმაც "ამ "რთულ“ დროს დატოვეს ქვეყანა, მიატოვეს რუსეთი, რომლებიც საჯაროდ ლაპარაკობენ სამშობლოს წინააღმდეგ... ”

ქართული წარმოშობის მწერალი, ბორის აკუნინი ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს. 2014 წელს ოჯახთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მწერალი ცნობილია რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული გამონათქვამებით. 2022 წლის თებერვალში მან უარყოფითად ისაუბრა უკრაინაში ომის დაწყებაზე.

დეკემბერში რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ განაცხადა, რომ ბევრმა კულტურულმა მოღვაწემ, ვინც ქვეყანა დატოვა, თავად მოითხოვა პლაკატებიდან მათი სახელების ამოღება. მან არ დააკონკრეტა, რომელ ავტორებზეა ლაპარაკი.