ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და იმ მკურნალობაზე წერს, რომელსაც სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" იღებს.
გეგეჭკორი აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს უძღვნის.
"პროფესიული გული რომ ვერ მოითმენს ისეთ ნიუანსზე მინდა მოგიყვეთ...ალბათ ბევრმა არც იცის რას ნიშნავს "პარენტერალური კვება“...ერთი შეხედვით მარტივად ჟღერადი ეს პროცედურა საკმაოდ საშიში რისკების შემცველი, არაფიზიოლოგიური კვების მეთოდია. "პარენტერალური“ - სიტყვა მიანიშნებს, რომ ნაწლავების შემოვლით გზას გულისხმობ.
პარენტერალური კვების დროს, სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემის გვერდის ავლით. ამ დროს საკვები პირდაპირ სისხლში ხვდება ცენტრალური ვენური კათეტერით, ან პერიფერიულად ჩაყენებული ცენტრალური ვენური კათეტერის მეშვეობით (PICC line, არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში საერთოდ გამოიყენება), რომლის დაბოლოებაც პირდაპირ მარჯვენა წინაგულშია.
პარენტერალური კვების ერთ-ერთი ყველაზე საშიშ გართულებას ვენური კათეტერის სეფსისი წარმოადგენს, განსაკუთრებით კი სოკოვანი სეფსისი (რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა). ასეთი კვებისას კათეტერებს იმაზე ხშირად ვცვლით, ვიდრე ჩვეულებრივი ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში. განსაკუთრებული დაცვა სჭირდება ასეპტიკის წესებსაც ამგვარი პაციენტის მოვლისას. გართულებების სია საკმაოდ გრძელია, მათ შორისაა გასტროპარეზი (კუჭის მოძრაობის სრული მოშლა), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და ასე შემდეგ.
მედიცინის საბაზისო პრინციპია, რომ დიაგნოტიკისა თუ მკურნალობისას გამოყენებული ნებისმიერი მეთოდის და საშუალების სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს რისკებს, რათა მიდგომები "გაიდლაინების“ ნაწილი გახდეს და ექიმს ჰქონდეს მათი პაციენტის საწოლთან გამოყენების უფლება. თუ რისკი მნიშვნელოვნად აღემატება სარგებელს, ასეთ პროცედურებს "გაიდლაინებში“ ზიანის კვალიფიკაცია ენიჭება.
როცა ექიმი იყენებს მკურნალობის ოფიციალური პროტოკოლისგან აცდენილ მიდგომებს, ეს ან დანაშაულად ეთვლება, ან ასაბუთებს ეგრეთ წოდებულ “off-label” გამოყენებას, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან სერიოზულ არგუმენტაციას საჭიროებს.
დავუბრუნდეთ პარენტერალურ მკურნალობას. ვინაიდან კვების ეს მეთოდი მაღალ რისკებს შეიცავს, მხოლოდ კრიტიკულად მძიმე ავადმყოფების უკიდურესად შეზღუდულ პოპულაციაში გამოიყენება. სამედიცინო ტერმინოლოგიით არ დაგღლით, დაინტერესებული პირებისთვის "სქრინებს" და ბმულებს აქვე ავაკრავ, უბრალოდ, აგიხსნით პრინციპს. იმისთვის რომ პარენტერალური, ანუ შემოვლითი გზით კვების აუცილებლობა დაადასტურო, ჯერ უნდა დაადგინო, რომ პაციენტს აქვს ენტერალური (ფიზიოლოგიური გზით) კვების უკუჩვენება, ან მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე რომელიმე დაავადება, რომელიც გამორიცხავს მიღებული საკვების შეწოვას. პაციენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მთლიანად აგებულია ერთ დილემაზე. იუსტიციის მხარე ამტკიცებს, რომ მას კვების პრობლემები არ აქვს; უბრალოდ გამიზნულად არ ჭამს, თვითდაზიანების მიზნით. დღეს ეს პოზიცია ოფიციალურ ბრიფინგზეც ითქვა და უკვე პირდაპირ გაჟღერდა, რომ კლინიკა ვივამედის დიაგნოზია "თვითდაზიანების მცდელობა".
არ დაუზუსტებიათ საქმე არასუიციდალურ თვითდაზიანებასთან აქვთ, თუ პაციენტს ასევე აღენიშნება სუიციდალური იდეები. ორივე შემთხვევა ფსიქიატრიული დიაგნოზია. თვითნასწავლ ექიმებად გამოცხადებული მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დიაგნოზი დააზუსტეს და დაამატეს, პაციენტი სიმულაციას ეწევაო. ესეც დიაგნოზია შესაბამისი კოდით. ბოლო ორი დღეა კლინიკა ვივამედი ოფიციალურ განცხადებებში ავრცელებს, რომ პაციენტს შესთავაზეს პარენტერალური მკურნალობა, მაგრამ მან უარი განაცხადა.
თუ იუსტიციის სამინისტრო, ვივამედის ექიმებზე დაყრდნობით სასამართლოზე და საჯარო ბრიფინგებზე ამტკიცებს, რომ პაციენტს გასტროენტეროლოგიური პრობლემები არ აღენიშნება, არ აქვს კვების არც მექანიკური და არც საკვების შეწოვის პრობლემა, რა ჩვენებით დაინიშნა მასთან გართულებების ასეთი მაღალი რისკის შემცველი მკურნალობა?
ჯერჯერობით არ არსებობს სამედიცინო ლიტერატურა, ან კვლევა, რომელიც დაადასტურებს პარენტერალური კვების, თუნდაც “off-label”გამოყენებას თვითდაზიანების ან სიმულაციის სინდრომით დაავადებულ პაციენტებში. თუ ესაა მათი დაგნოზი და თუ დღევანდელ ბრიფინგში არ მომესმა, მაშინ პარენტერალური კვების დანიშვნა უკიდურესად საშიში სამედიცინო შეცდომაა.
თუ კლინიკა თვლის, რომ ის მსოფლიოში აღიარებული მკურნალობის პროტოკოლების ფარგლებში მოქმედებს და პაციენტ სააკაშვილის შემთხვევაში პარენტერალურ მკურნალობის გამოყენებას კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებით გეგმავს, მაშინ აღიარებს, რომ პაციენტს აქვს ენტერალური კვების უკუჩვენება ან რაიმე ტიპის გასტროენტეროლოგიური პრობლემა რომელიც მალაბსორბციით (საკვების შეწოვის შეუძლებლობით) ხასიათდება.
ასეთ აბსურდშია, სამწუხაროდ, სამედიცინო სისტემა გადავარდნილი.
ახლა კი მკითხველს ვთხოვ, ამ კლინიკურ შემთხვევას მოაშოროს სახელი და გვარი და ცარიელ გრაფაში საკუთარი ან საყვარელი ადამიანის სახელი იგულისხმოს და მერე საკუთარ თავს გასცეს პასუხი კითხვაზე -თქვენ რომ გახდეთ ავად, გსურთ რომ ასე გიმკურნალონ?" - წერს ნანა გეგეჭკორი.