ავტორი:

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მხატვარი გია ბუღაძე გვირჩევს

10 ფილმი, რომლის ყურებასაც მხატვარი გია ბუღაძე გვირჩევს

"ძნელია შენი საყვარელი ფილმებისგან ათეული შექმნა, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევ, მაგრამ მაინც ვეცდები“, - გვითხრა მხატვარმა გია ბუღაძემ, როდესაც მისი საყვარელი ფილმების ათეულის დასახელება ვთხოვეთ:

1. "რამპის ჩირაღდნები"

"რა თქმა უნდა, პირველი ჩარლი ჩაპლინია, რადგან ამით იწყება ყველაფერი. ჩემზე თავის დროზე უდიდესი შთაბეჭდილება "რამპის ჩირაღდნებმა“ მოახდინა".

  • 1952 წელს გადაღებული ტრაგიკომედია, რომლის სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ჩარლი ჩაპლინია. ფილმში ასევე თამაშობენ: კლერ ბლუმი, ნაიჯელ ბრიუსი და სხვ. 1972 წელს, ფილმის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ, ჩაპლინი და მისი თანამშრომლები - რეიმონდ რაში და ლერი ოსკარის 44-ე ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული მუსიკა“.

2. "სიკვდილი ვენეციაში"

"სიკვდილი ვენეციაში“ ლუკინო ვისკონტის არაჩვეულებრივი ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასში ხელოვანისა და სამყაროს, ცხოვრების ტრაგიზმია წარმოდგენილი. საოცარი ნამუშევარია. ფილმი თომას მანის მოთხრობის მიხედვითაა შექმნილი. გასაოცარი მუსიკის ფონზე ტრაგიკულად მთავრდება - გამაოგნებელი კადრებია".

  • "სიკვდილი ვენეციაში“ 1971 წლის ფილმი, რომელიც წარმოადგენს თომას მანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას და ვისკონტის გერმანული ტრილოგიის მეორე ნაწილს. კომპოზიტორი გუსტავ ფონ აშენბახი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მიემგზავრება საკურორტო ქალაქ ლიდოში (ვენეციასთან ახლოს). მას იქ მოხიბლავს ახალგაზრდა პოლონელი ბიჭის ტაძიოს სილამაზე, რომელიც ოჯახთან ერთად იგივე სასტუმროშია, რომელშიც კომპოზიტორი.

3. "პროფესია: რეპორტიორი“

"მიქელანჯელო ანტონიონის ეს ფილმი წარმოაჩენს ადამიანის ტრანსფორმაციას, საკუთარი თავის ძიებას სამყაროში, საკუთარი თავიდან გაქცევას... დრამატულობით აღსავსე ფილმია. რეჟისორი ვიზუალურად ისეთ კადრებს ქმნის, რომელიც გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს".

  • "პროფესია: რეპორტიორი“ მიქელანჯელო ანტონიონის 1975 წელს გადაღებული ნამუშევარია. ის არის ისტორია კაცზე, რომელსაც უნდა თავისივე ცხოვრებიდან გაიქცეს. მთავარი გმირი არის გამოფიტული ჟურნალისტი, რომელსაც ჯეკ ნიკოლსონი ასახიერებს. ფილმი წარდგენილი იყო 1957 წლის კანის ფესტივალზე.

4. "მელანქოლია"

"ეს ფილმი ლარს ფონ ტრიერის საოცარი ქმნილებაა. ტრაგიზმით სავსე ამ ფილმმაც შემძრა. როგორ შეიძლება ადამიანური სისუსტით ძლიერი იყოს ადამიანი. ადამიანი იგივე ლერწამია, რომელიც შეიძლება ქარში გადატყდეს, მაგრამ ლერწმისგან განსხვავებით, მან იცის, რომ გადატყდება. კარავს აკეთებენ ჯოხებისგან და ელოდებიან საშინელი პლანეტის დედამიწისთვის დაჯახებას.

  • "მელანქოლია“ რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის აპოკალიფსური დრამაა, რომელიც 2011 წელს გადაიღო და წარმოადგენს ტრიერის დეპრესიული ტრილოგიის მეორე ნაწილს. ფილმში შესრულებული როლისთვის კირსტენ დანსტი კანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ფილმი ორი დის, ჯასტინისა და კლერის შესახებაა. ის ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ("ჯასტინი“) ასახულია ჯასტინის ჩაშლილი ქორწილი, ხოლო მეორეში ("კლერი“) ასახულია კლერის ოჯახი მოახლოებული კატასტროფის ფონზე.

5. "ბაში-აჩუკი“

"ბაში-აჩუკი“ ჩემი საყვარელი ფილმია, მასზე გავიზარდე. ის მაშინ გამოვიდა ეკრანებზე, როცა მე დავიბადე. მას მერე სულ იყო ეს ფილმი ჩემს ცხოვრებაში. კადრები ისეთია, ეკრანზე საოცარი სილამაზე ჩანს. განუმეორებელია ბატონი ოთარ კობერიძის თამაში, ზურაბ ანჯაფარიძის ნამღერი. თვითონაც ვცდილობდი ასევე მემღერა, ფირფიტაც მქონდა, რომელსაც ვუსმენდი. ასე რომ, "ბაში-აჩუკი“ ჩემი ბავშვობის სიყვარულია..."

  • ბაში-აჩუკი“ ლეო ესაკიას ისტორიულ სათავგადასავლო ფილმია, რომელიც 1956 წელს, აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს.

6. "სხვისი შვილები“

"სხვისი შვილები“ - თენგიზ აბულაძის ამ ფილმში ჩემი ბავშვობის თბილისია ასახული. საოცარი ფილმია. ბოლო კადრში ჩანს მუხრანის ხიდი, რომელიც მეც მახსოვს, უნიკალური კადრია. ფილმი იტალიური ნეორეალიზმის სტილისაა".

  • "სხვისი შვილები“ კინოსტუდია "ქართული ფილმის“ 1958 წელს გადაღებული მხატვრული ნამუშევარია. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: რევაზ ჯაფარიძე, თენგიზ აბულაძე. კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე. როლებში: ციცინო ციციშვილი, ოთარ კობერიძე, ასმათ ქანდაურაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მიხო ბორაშვილი, სესილია თაყაიშვილი, აკაკი კვანტალიანი.

7. "არაჩვეულებრივი გამოფენა“

"ელდარ შენგელაიას ამ ფილმში მხატვარი თავის წარმოსახვებში, ოცნებაშია და ცხოვრებამ, ხელოვნებამ გვერდზე ჩაუარა... თუმცა კიდევ იმედი აქვს, რომ მაინც გააკეთებს იმავეს, რაც ჩაიფიქრა, ოღონდ, სხვა მასალით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

  • "არაჩვეულებრივი გამოფენა“ რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ 1968 წელს გადაიღო. ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავი იძულებულია, სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი და მოულოდნელად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა. მას წვრილშვილი ოჯახი უნებურად უბიძგებს ამისკენ. დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება... ფილმის სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძეა, კომპოზიტორი კი გია ყანჩელი.

8. "იავნანა“

"მორიგი ფილმი ნანა ჯანელიძის "იავნანა“ გახლავთ. შეიძლება ვინმემ მიკერძოებულად ჩამითვალოს, მაგრამ მე მომწონს ჩვენი ფილმი, ჩვენი, რადგან როგორც მხატვარმა, მასზე მეც ვიმუშავე (სამნი ვიყავით). კარგი ჯგუფი იყო. გვინდოდა, შევხებოდით დედაშვილობის თემას, თან განგვეზოგადებინა სამშობლოს სიყვარული. ნატო მურვანიძე მაშინ ახალგაზრდა გოგო იყო. მახსოვს, კადრს როგორ ვეძებდით, სად უნდა გათამაშებულიყო დედა-შვილის სცენა. რა თქმა უნდა, ფილმში დაუვიწყარია ჯანო კახიძის ფენომენალური მუსიკა - ვესწრებოდი მის შექმნას, ბატონმა ჯანომ პირდაპირ იქვე დაუკრა. მერე მისმა შვილმა არაჩვეულებრივი არანჟირება გაუკეთა და, რა თქმა უნდა, თამრიკო ჭოხონელიძემ საოცარად იმღერა. როდესაც შვილი მიხვდება, რომ ის დედაა. მაშინ იშლება ჩემი საყვარელი კადრი სწორედ იმ "იავნანის“ ფონზე".

  • ნანა ჯანელიძის ფილმი "იავნანა“ ეკრანებზე 1996 წელს გამოვიდა, გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის "იავნანამ რა ჰქმნა" მიხედვით.

9. "საბუდარელი ჭაბუკი“

ჩემი ბავშვობის ფილმია და იქაც საოცარ მუსიკა ჟღერს, რომელიც რეზო ლაღიძეს ეკუთვნის. რაც ყველაზე მეტად მაოგნებს ის არის, თუ რა მძაფრად არის ასახული ტრადიციისა და ინოვაციის შეჭიდება... ოსტატი ამტვრევს საკუთარ ნახელავს, მეცოდება, მენანება... უკანასკნელი ოსტატი ტოვებს საბუდარას... ინდუსტრიალიზაციამ ადგილობრივი კულტურა ჩაანაცვლა - ამ ჭიდილის ფონზე საოცარი ნამუშევარი შეიქმნა... "უშანგის სქელ ჯიბეზე გამცვალე?!“ - ეს არის ფილმიდან დაუვიწყარი ფრაზა, რომლითაც მინდა ხოლმე, ჩვენს ინტელიგენციას მივმართო.

  • "საბუდარელი ჭაბუკი“ 1957 წელს რეჟისორმა შოთა მანაგაძემ გადაიღო.

10 "ჯარისკაცის მამა“

"ძალიან საინტერესოა "ჯარისკაცის მამა“. ბევრი თემაა მასში, მაგრამ ბოლო კადრი - პიეტაა, როცა მამა დასტირის თავის შვილს, - დედაშენს რა ვუთხრა, შვილო?! როგორ მეტყველებს, როგორ თამაშობს სერგო ზაქარიაძე. იმიტომ იყო, რომ ამ ფილმმა თავის დროზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე".

  • "ჯარისკაცის მამა“ - ისტორიული დრამა, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, პროდიუსერი შოთა ლაფერაძე, სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი. როლებში - სერგო ზაქარიაძე, ალექსეი ნაზაროვი, ქეთევან ბოჭორიშვილი, გია კობახიძე, გერონტი დათუნაშვილი, კომპოზიტორი სულხან ცინცაძე. ოპერატორი არჩილ ფილიპაშვილი, მხატვარი ზურაბ მეძმარიაშვილი. ფილმი ეკრანებზე 1964 წელს გამოვიდა.