ავტორი:

"შუქი და გზა არ გვქონდა...არავის სჯეროდა, რომ ამ მიგდებულ გარემოში რამეს შევძლებდით, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს ქალაქიდან ატენში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი?

"შუქი და გზა არ გვქონდა...არავის სჯეროდა, რომ ამ მიგდებულ გარემოში რამეს შევძლებდით, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს ქალაქიდან ატენში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილი?

2013 წლის დამდეგს იყო მხოლოდ იდეა და სურვილი, ატენის ხეობაში ვენახი გაეშენებინა, ყურძენი დაეწურა და ნატურალური მეღვინეობისთვის მოეკიდა ხელი. იდეას ხორცი შეასხა და დღეს უკვე ცნობილი ფერმერია. ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილთან, პროფესორსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან, სხვა დროსაც გვისაუბრია ატენური ცხოვრებისა და შინამეურნეობის შესახებ. როგორც ამბობენ, ნიკას ბევრი ღვინო ბრმად იცნობა, რადგან მისი ვენახები განუმეორებელ ბუკეტს ქმნის. ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი და ბუდეშური ის ჯიშებია, რომლებითაც ღვინოს წურავს.

ნიკა ვაჩეიშვილი:

- გასული წელიწადი ყოველდღიური შრომით იყო სავსე. სტუმრიანობასაც არ ვუჩიოდით, თუმცა უკეთესიც გვახსოვს. ყოველდღე გვყავდა უცხოელი სტუმრები, ძირითადად, ოჯახური ფორმატით. საინტერესო წელიწადი იყო. სტუმრები ჩვენთან, ოჯახში მოდიან და ქვეყანას ასე, შიგნიდან უყურებენ. ჩვენ მათი მასპინძლები ვართ. ეს ფიზიკურად ძნელია, მაგრამ კომპენსაციაც არის ხოლმე, სტუმრები გვეხმარებიან: ვენახში ფუსფუსებენ, ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაში, ჩირის გაკეთებაში, ღვინის შიდა დეგუსტაციაში (ლაბორატორიულში), შემოღობვაში, ფისოებისა და ცუგების დაპურებაში გვეხმარებიან. ამიტომ დიდხანს რჩებიან. ჩვენი მიღწევა ის არის, რომ მომდევნო წელს ისევ ჩამოდიან და ოჯახის წევრები ჩამოჰყავთ.

- ეს არ არის სტანდარტული ტურიზმი.

- დიახ, მოვიდა, ხაჭაპური მიირთვა და გაიქცაო, ასე არ არის. ეს უფრო საქართველოს გაცნობაა. მოგეხსენებათ, ატენი ტერასების მეღვინეობის "ქვეყანაა". ჩვენს ერთ-ერთ ვენახს ზემოთ, კლდეებში, რომელსაც ზედა ვენახს ვეძახდით, ტერასები დავამატეთ - გავკაფეთ ბუჩქნარი, მოვაცილეთ უსარგებლო ველურად წამოსული მცენარეები. გავაწკრიალეთ, გამოვაჩინეთ ძველი ტერასებიც და ახალიც მივუმატეთ. ფერდებიც გავუმაგრეთ, წყლის გადამყვანი სისტემა გავმართეთ და იქ ახალი ვენახის ჩაყრას ვაპირებთ. გაშენდება ჩინური და გორული მწვანე. ეს იქნება ერთ-ერთი საოცარი და ლამაზი ვენახი საქართველოში. იქიდან ტანას ხეობაზე ყოველი მხრიდან ულამაზესი ხედები იშლება.

- კავკასიონიც ჩანს?

- კი... გვაქვს ასეთი პატარა წერტილები, პანორამის მინდვრებს ვეძახით და ყველაფერი რუკებზეა დატანილი, ჯი-პი-ესითაა დასმული. მარშრუტები აკინძულია, როცა სტუმრები მოდიან, იმ მინდვრებზე გაივლიან. ჩვენგან ფეხით ნახევარი საათის სასიარულოა. საქართველოში, სადაც ნამყოფი არიან, კავკასიონს ყველგან ხედავენ და აქ, ფაქტობრივად, ამით აჯამებენ. ეს ჩვენი მთავარი მიმართულებაა. ამის გაკეთებაში დიდი შრომაა ჩადებული. მანიშნებლებიც დავსვით რუკაზე და ყველას ვატანთ. ბილიკებზე მარკირებაა სხვადასხვა ფერით (სირთულეების მიხედვით). მათ ფეხით ასე სიარული მოსწონთ და ვცდილობთ ამაში ხელი შევუწყოთ. ცხენებისა და ველოსიპედების ამოქმედებასაც ვფიქრობთ. ველოფედერაციასთან ერთად გამოვცადეთ კიდეც და მომავალ წელს ამ საქმეს კარგი პირი უჩანს.

ჩვენი ვენახების ტერასების გვერდით კიდევ დავამუშავეთ ტერასები, სადაც ვარდის პლანტაციის გაშენებას ვაპირებთ. უკვე დავტესტეთ და ჩვენი ვარდის მურაბა ძალიან გემრიელი გამოვიდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ადგილზე, რომელიც ოდნავ ჩრდილიანია და სავენახედ არ გამოდგება, ვარდი გაშენდეს. სიახლე კიდევ ის არის, რომ მომავალში ჩვენი, ატენური ნაყინიც გვექნება, რადგან ჩვენი ხილი გვაქვს.

- მევენახეობა, მეღვინეობა, მეხილეობა, მეჩირეობა - კიდევ რა მიმართულება აქვს თქვენს მეურნეობას?

- თხისა და საქონლის რძისგან ატენის დედათა მონასტერთან ერთად ყველს ვაწარმოებთ. ჩვენს მეგობრებს აქვე, თეძმის ხეობაში მოჰყავთ ხორბალი და მათგან ვიღებთ თავთავს, რომელსაც ვფქვავთ და ჩვენთან ვაცხობთ. ძალიან გემრიელი გამოდის. საერთოდ, თუ ქართული ხორბლის მოყვანაში ფერმერები კომერციულად აზარტს ვერ ხედავენ, ექსკლუზიურად მაინც მოიყვანონ. სულიერად ეს სხვა რამ არის.პატარა მარნებმა და სასტუმროებმა მასობრივ ფქვილზე ჯობია უარი ვთქვათ. სხვებმაც მოგვბაძონდა ეს შიგა მეურნეობისთვისაც კარგი სტიმულია. რაღაც ერთიან ციკლს შევკრავთ..წაიკითხეთ სრულად