28-29 იანვარს "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. დღეს უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. თუმცა ექსპერტთა უმრავლესობა ამ შედეგამდეც თანხმდებოდა, რომ პარტიის დაშლა გარდაუვალია, რადგან წინასაარჩევნოდ დაპირისპირებისას მხარეებმა თითქმის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, ბრძოლა სწორედ ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის წარიმართა, შესაბამისად, ნიკა მელიას ჯგუფისა და კეზერაშვილ-მერაბიშვილის მხარის, რომლის ფალავანიც ლევან ხაბეიშვილია, ერთ პარტიაში თანაცხოვრება ძნელად წარმოსადგენია.
პარტიაში ყველა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრს, რომლის გამოხსნასაც ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს ძალისმიერი მეთოდებითაც კი ჰპირდებოდა, მაგრამ სააკაშვილს მხარდაჭერა არავისთვის გამოუცხადებია, თუმცა გერმანულ გამოცემა "შპიგელში" გამოქვეყნებულმა მისმა ინტერვიუმ ვითარება ზუსტად კენჭისყრის წინ საკმაოდ დაძაბა. ინტერვიუში, რომლის თარგმანიც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: "მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემს დაბრუნებას გეგმავდნენ 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ".
ამის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ "შემოგზავნილ აგენტებში" სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს გულისხმობდა, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არაფერი უთქვამს, თუმცა ამ ინტერვიუს სასწრაფოდ გამოეხმაურა და განაცხადა, ეს სპეკულაციააო. მისი გუნდის წევრებმა კი თქვეს, რომ პრობლემა გერმანულიდან არასწორად ნათარგმნ ტექსტშია და სააკაშვილი მერაბიშვილს კი არა, უკრაინელ ჩინოსნებს გულისხმობდა. საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუში სააკაშვილმა მერაბიშვილი კიდევ ერთხელ ახსენა, მან საკუთარი მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა: "სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე".
ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება შეფასდეს წინასაარჩევნოდ არსებული უმწვავესი დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში და ეს პროცესები რა გავლენას მოახდენს ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე, ამ საკითხებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა:
- ამ პროცესებმა ყველასთვის ცხადად წარმოაჩინა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული კრიზისი, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, მათ შორის დიდი იმედგაცრუება, რაც მოსდევს ხოლმე უსაფუძვლოდ შექმნილ მოლოდინსა და იმედს; რესურსების სიმწირე და დაპირისპირება პოლიტიკურ რაციოსა და ემოციას შორის, რაც, ჩემი აზრით, ამ კრიზისის ფუნდამენტური მიზეზია. ერთადერთი შანსი ამ კრიზისის გადალახვისა, იყო არჩევნები და სწორი ქნეს, რომ ამ გზით წავიდნენ, მაგრამ რაც ამ საარჩევნო პროცესში გააკეთეს, ამით უფრო გააღრმავეს კრიზისი და პარტია დააზიანეს.
შეიძლება ითქვას, ამ ყველაფერმა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირების სახე შეიძინა. ერთი მხრივ, არის ემოცია, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, ფაქტობრივად, სასწაულზე, ეს ნაწილი არ აღიარებს არანაირ ლოგიკას, ითხოვს ისეთ რაღაცას, რისი გადაწყვეტის ფორმულა თვითონაც არა აქვს. იმავდროულად, ბრალდებებს უყენებს მეორე მხარეს და არანაირ არგუმენტებს არ აღიარებს. ბუნებრივია, ამ განწყობებით სარგებლობენ გარკვეული ინტერესჯგუფები, რომელთა დაპირისპირება ისეთ მძიმე ფაზაში შევიდა, რომ პარტიისთვის პოზიტიური გამოსავალი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, პარტია, ფაქტობრივად, უკვე გაყოფილია. ჩემი აზრით, უკვე აღარც აქვს აზრი არჩევნების შედეგს.
პოსტსაარჩევნო სტაბილიზაცია კიდევ შესაძლებელი იყო, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებოდნენ, რომ არჩევნების შედეგებს უპირობოდ აღიარებდნენ და დაიცავდნენ პარტიულ დისციპლინას. ასეთი შეთანხმება ფორმალურადაც კი არ შედგა, შესაბამისად, მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ დამარცხებული მხარე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. დანაკარგები და ზიანი უკვე სახეზეა, ერთადერთი კითხვა რჩება, რამდენად მასშტაბური იქნება ზიანი.
ამ საკითხს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის პრიზმაში თუ განვიხილავთ, მოსალოდნელ გაყოფაში პოზიტივს უფრო ვხედავ, ვიდრე ნეგატივს, იმიტომ, რომ ამ პარტიის დასუსტება, მისი დაქუცმაცება, ფაქტობრივად, ხელისუფლებას ართმევს მთავარ იარაღს, რასაც ჰქვია პოლიტიკური ორპოლუსიანობა. ვიცით, რომ "ქართული ოცნება" მუდმივად ამ გზით ინარჩუნებდა ძალაუფლებას, როდესაც შუის გაკრეფას ახერხებდა და ყველა თავისი ოპონენტი პროპაგანდისტულად "ნაციონალური მოძრაობის" ორბიტაზე გაჰყავდა, რის მერეც აცხადებდა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას და ამ ტალღაზე ყველა ციკლში გამარჯვებული რჩებოდა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" დაკარგავს ამ ორბიტალურ მიზიდულობას, ფაქტობრივად, ქვეყანაში მივიღებთ მულტიპარტიულ ვითარებას, რაც პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ წაადგება, რადგან ეს ხელისუფლებას პროპაგანდისტულ ბრძოლაში წაართმევს მთავარ, ე.წ. მგელი მოდის ინსტრუმენტს. ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია ვითარების გამარტივებაზე, ანუ შუის გაკრეფაზე, ამის საშუალება აღარ ექნება, ფრონტის ხაზი გაიშლება, ხელისუფლებას მოუწევს შეიძლება შედარებით უფრო სუსტ და პატარა ოპონენტებთან დაპირისპირება, მაგრამ მისთვის გაცილებით არაკომფორტული იქნება მწყობრი პროპაგანდისტული ხაზის დალაგება. შესაბამისად, გაიზრდება შანსი იმისა, რომ მულტიპარტიული, უფრო დემოკრატიული ვითარება მივიღოთ, ანუ პოსტსაარჩევნოდ მივიღოთ კოალიციური მმართველობა. როდესაც რაღაც არაჯანსაღია და მუდმივად მარცხს განიცდის, მისი რეკონსტრუქცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ ჯობს სრულად დაინგრეს, რის შემდეგაც ყველაფერი სუფთა ფურცლიდან აშენდება.…
- რაც ამ ორი ჯგუფის ელექტორატს აერთიანებს, არის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა მისმა ინტერვიუმ გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" არჩევნების წინადღეს საკმაოდ არია ვითარება. ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დუმილს ამჯობინებდა, განცხადებაც კი გაავრცელა.
- ეს მძიმე დარტყმა იყო და მერაბიშვილი იძულებული გახდა გამოჩენილიყო. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში ჩამოტყუებით სააკაშვილს, რასაც ჰქვია, "შეუსრულეს"-მეთქი... მას შეუქმნეს ყალბი განცდა იმისა, რომ აქ ყველაფერი მზად იყო, საკმარისი იყო მისი გამოჩენა და ხელისუფლება შეიცვლებოდა. ვინ შეუქმნა ეს განცდა, საკითხავია. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რთულია. ამას, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილს რუსეთის გარდა, ძალიან მძიმეწონიანი მტრები ჰყავს უკრაინაშიც და საქართველოშიც. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოფილიყო უკრაინელი და ქართველი ოლიგარქების ერთობლივი გეგმაც. ეს მათი საერთო ინტერესია - უკრაინელ ოლიგარქებს სააკაშვილის მოშორება სჭირდებოდათ, რადგან მათ სისხლს უშრობდა, ივანიშვილის ინტერესში კი იყო სააკაშვილის დაპატიმრება, რადგან "მგელი მოდის" გზავნილი პროპაგანდისტულად აღარ იყო საკმარისი. 2021 წლის არჩევნებზე ძალიან უჭირდათ და მგელი უკვე გალიაში სჭირდებოდათ. შესაბამისად, შეიძლება ასეთი სიტუაციური გარიგებაც ყოფილიყო. სააკაშვილი ადვილად ეგება ემოციაზე, სისტემატური მუშაობით შეიძლებოდა მისი შეცდომაში შეყვანა. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ შემიძლია მარტივი რამის თქმა - ყველა დამნაშავეა, ვინც სააკაშვილს არწმუნებდა, საქართველოში ჩამოდიო, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად, ღალატით აკეთებდა თუ სიბრიყვით. შედეგის თვალსაზრისით, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ნებისმიერი, ეს კეზერაშვილი იყო, მერაბიშვილი თუ ვინმე სხვა, სააკაშვილს გულწრფელადაც თუ არწმუნებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, მაინც დამნაშავეა.
- კეზერაშვილი და მერაბიშვილი ახსენეთ და, რატომ იბრძვიან ისინი "ნაციონალურ მოძრაობაზე" გავლენის მოსაპოვებლად ასე მძაფრად, რა გეგმები შეიძლება ჰქონდეთ?
- ჩემი აზრით, ეს გრძელვადიანი თამაშია. როდესაც ამ ბრძოლას იწყებდნენ, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათთვის ამ ამბიდან მინიმალური ბონუსი ის იქნებოდა, თუ ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე კონტროლის დაწესებით პირად ამბიციებსაც დაიკმაყოფილებენ და პოლიტიკურ თუ ფინანსურ ინტერესებსაც. გარდა ამისა, თუ მართლაც პარტიის მთავარი ინვესტორები არიან და ამ ყველაფერში ფულს იხდიან, ბუნებრივია, სურთ მუსიკაც თვითონ დაუკვეთონ. აქედან გამომდინარე, მათთვის მელია სრულიად არაკომფორტულია, ის მათ, როგორც ავტორიტეტებს, არათუ არ აღიარებს, საერთოდ არაფრად აგდებს.
გამომდინარე იქიდან, როგორ გადაამლაშეს, არცთუ დიდად ჭკვიანები ყოფილან. მათ ვერ გაითვალისწინეს ბევრი ფაქტორი, შედეგად ის პროდუქტი, რაშიც ინვესტიციას დებენ, თვითონვე დააზიანეს. საქმე ისე წაიყვანეს, რომ მოგების შემთხვევაში, პარტიაზე კონტროლის ნაცვლად, შეიძლება პარტიის ნარჩენები შერჩეთ ხელში.
რაც შეეხება სააკაშვილის ინტერვიუს, ჩემი აზრით, მას ძალიან მწვავე დეპრესია აქვს. შესაბამისად, მის განცხადებებში რაიმე გათვლებს და პარტიასთან დაკავშირებულ რაღაც გეგმებს ვერ ვხედავ. შეუძლებელია ადამიანი ასე თამაშობდეს. ის მართლაც მძიმედ არის ავად, ოღონდ არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც მენტალურად. ამიტომაც არა მგონია, რაიმე საარჩევნოდ წინასწარი განზრახვით ეთქვას. გააგრძელეთ კითხვა