მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, ყოველდღე ვეცნობით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც ომის თავიდან არიდების მიზნით ქვეყანა სხვადასხვა გზით დატოვეს. მათ შორის ყველაზე რისკიანი და საშიში გზებითაც. ამ სტატიის ორი გმირი ჩუკოტკიდან არიან. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ისინი პატარა სათევზაო ნავით გაემგზავრნენ ალასკაში, რათა თავშესაფარი ეთხოვათ შეერთებულ შტატებში. იქ ჩასვეს ციხეში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს და ვიდრე ამერიკის ხელისუფლება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე მათ განცხადებებს განიხილავს, გაქცეულებს ადგილობრივი სლავური, ქრისტიანული ცენტრი ეხმარება.
BBC მათი უჩვეულო ისტორიის დეტალებს მოგვითხრობს.
5 ოქტომბერს, პატარა სათევზაო ნავი ინუიტების სოფელ გამბელს მიადგა, რომელიც წმინდა ლოურენსის კუნძულზე მდებარეობს. კუნძული ალასკას შტატის ნაწილია, თუმცა გეოგრაფიულად ის კიდევ უფრო ახლოსაა ჩუკოტკასთან, ვიდრე ამერიკასთან. კუნძულზე 1200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ორმა უცნობმა მამაკაცმა ადგილობრივებთან კომუნიკაცია Google Translate-ის საშუალებით მოახერხეს:
მამაკაცებმა განმარტეს, რომ ისინი რუსეთიდან გაიქცნენ, რათა ომში არ წაეყვანათ და ახლა პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ.
ადგილობრივები ახალჩამოსულებს პიცით გაუმასპინძლდნენ და თურმე უთხრეს, - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში, ახლა უსაფრთხოდ ხართო...
ეს ორი გაბედული მამაკაცი 52 წლის სერგეი ნეჩაევი და 45 წლის მაქსიმ ტეუნაუტი არიან, ორი მეგობარი ჩუკოტკას ზღვისპირა სოფელ ეგვეკინოტიდან. მათ ომისთვის თავის ასაცილებლად, გადაწყვიტეს ამერიკაში წასასვლელად ზღვა გადაელახათ.
მამაკაცები რამდენიმე დღის განმავლობაში დაცურავდნენ ჩუკოტკის სანაპიროს გასწვრივ, გამორთეს ტელეფონები, რადგან ეშინოდათ მესაზღვრეებს არ შეემჩნიათ. ღამით სანაპიროზე დაბანაკდნენ. როდესაც მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ბერინგის ზღვის გადაცურვა, ქარიშხალში მოხვდნენ და იძულებულნი გახდნენ რუსეთის სანაპიროზე დაბრუნებულიყვნენ.
ზღვის გადაკვეთის მეორე მცდელობისას ისევ დაიწყო ქარიშხალი, მაგრამ ისინი ამან ვეღარ შეაჩერა. მაქსიმ ტეუნაუტი გამოცდილი მეთევზეა, მისი "ინსტაგრამი" სავსეა ნავზე გადაღებული ფოტოებით და ახლად დაჭერილი თევზის სურათებით. მეგობრები ამბობენ, რომ სწორედ მისი უნარების წყალობით გადარჩნენ.
მათი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. ჩასვლის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სანაპირო დაცვას შეატყობინა და კუნძულიდან კონტინენტზე გადაიყვანეს, სადაც მომდევნო სამი თვე აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ტაკომას მიგრაციულ ციხეში გაატარეს. იქ მხოლოდ ბრინჯითა და ლობიოთი იკვებებოდნენ, - ამაზე რუსები The Economist-თან ინტერვიუში საუბრობენ, მაგრამ ციხის ბიბლიოთეკაში ჰქონდათ წიგნები რუსულ ენაზე, ძირითადად მე-19 საუკუნის კლასიკა, რითაც დრო გაყავდათ.
ალასკას სენატორი ლიზა მერკაუსკი პირადად ესაუბრა გაქცეულებს.
"ისე ეშინოდათ თავიანთი მთავრობის, რომ მიუხედავას იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, გარისკეს, ეს ბევრს ამბობს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ლტოლვილებმა მას აუხსნეს, რომ ისინი ციმბირის ძირძველ ხალხებს მიეკუთვნებიან. "მათ თქვეს, რომ პუტინმა მობილიზაციისთვის აირჩია სოფლები, სადაც ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ, ანუ ძირძველი მოსახლეობა“, - თქვა სენატორმა.
სერგეი ნეჩაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უწყება მათ სოფელში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისიდან ყველა მამაკაცთან მივიდნენ.
ღია წყაროების თანახმად, არ შეიძლება ითქვას, რომ მობილიზაციის დროს მამაკაცების უმეტესობა რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან წაიყვანეს, რადგან ყველაზე დიდი გაწვევა სვერდლოვსკის და ჩელიაბინსკის რეგიონებში მოხდა.
სერგეი ნეჩაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ომის წინააღმდეგი იყო მუდამ და დიდი ხნის განმავლობაში ღიად იზიარებდა ოპოზიციურ შეხედულებებს. მისი თქმით, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. მართლაც, ნეჩაევის "ინსტაგრამზე" შეგიძლიათ იპოვოთ 2019 წლის ფოტო ბორის ნემცოვის მოსკოვის მემორიალზე, პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილზე.
მაგრამ მაქსიმ ტეუნაუტი, სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარა ოპოზიციონერი არ იყო. ჯერ კიდევ მარტში მან გამოაქვეყნა ფოტო ირმებთან ერთად, რომელზეც საღებავით ასო Z იყო დახატული. ჩუკოტკიდან გაქცეულების შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური დევნილები და რომ ერთ-ერთს გამოძიება ნარკოტიკების შენახვას ედავება. რუსული მხარის თანახმად, ისინი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად გაიქცნენ.
BBC-მ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. მათ ფინანსურის პრობლემები მართლაც ჰქონდათ - ყოველ შემთხვევაში, სერგეი ნეჩაევს 220 ათას რუბლზე მეტი ვალი აქვს. მაგრამ ნარკოტიკებზე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.