ტეხასელი გოგონას, ანა ნიკოლ სმიტის ხანმოკლე სიცოცხლე სავსეა თავგადასავლებით. მოდელსა და მსახიობს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, მწუხარებითა და დანაკარგებით.
ის 1967 წელს ტეხასში დაიბადა. დაბადების სახელი და გვარი იყო ვიკი ლინ ჰოგანი. ის იყო დონალდ ჰოგანისა და ვირჯი არტურის ერთადერთი შვილი. მშობლების დაშორებისას ის ორი წლის იყო.
ვირჯიმ 16 წლის ასაკში გააჩინა ანა, გოგონას მამა კი მისთვის უკვე მეორე ქმარი იყო. ანა ნიკოლ სმიტი უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა. მასზე დედა და დეიდა ზრუნავდნენ. მამის მხრიდან ანას ხუთი ნახევარდა და ძმა ჰყავდა.
ვარსკვლავმა სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. სკოლაში სწავლისას მან ნიკ ჰარტი დაირქვა. სკოლა არ დაუმთავრებია, მიატოვა და საცხოვრებლად დეიდასთან მექსიკაში წავიდა, სადაც მინიმალური ხელფასზე მუშაობდა.
მისი პირველი მეუღლე ბილი უეინ სმიტი 17 წლის იყო და მზარეულად მუშაობდა. თავდაპირველად ბიჭი მის მიმართ ყურადღებას არ ავლენდა, თუმცა ანამ თქვა, რომ აუცილებლად გახდებოდა მისი ცოლი და ასეც მოხდა. მართლაც, წყვილმა 1985 წელს იქორწინა, ერთ წელიწადში ანას ვაჟი, დენიელ უეინ სმიტი შეეძინა. ანა და მისი ქმარი იმ დროისთვის თინეიჯერები იყვნენ და ბავშვის დაბადებიდან ერთ წელიწადში დაშორდნენ.
ოფიციალურად კი რვა წლის შემდეგ, 1993 წელს განქორწინდნენ.
შვილის სარჩენად ანამ Walmart-ში დაიწყო მუშაობა. თუმცა მინიმალური ხელფასი არ აძლევდა საშუალებას კომფორტულად ეცხოვრა, მას რაღაც განსხვავებული სჭირდებოდა, სადაც უფრო მეტს გადაუხდიდნენ. ერთ დღეს, სამსახურის ძებნისას, ერთ-ერთ ბარში მივიდა, მიმტანად უნდოდა მუშაობის დაწყება, ამის ნაცვლად კი მოცეკვავის ვაკანსია შესთავაზეს. მართალია, განსაკუთრებული მოძრაობებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სამსახური მაინც მიიღო და მისი შემოსავალიც გაიზარდა.
გარეგნობის კომპლექსის გამო, გადაწყვიტა პლასტიკური ოპერაციები გაეკეთებინა, ამისთვის კი თანხის დაზოგვა დაიწყო. მოცეკვავედ მუშაობისას, ღამით 50-200 დოლარის გამომუშავება შეეძლო, მაგრამ გარეგნობის გამო იწუნებდნენ და შუადღის ცვლაში ამუშავებდნენ, რადგან არ იყო საკმარისად პოპულარული საღამოებისთვის. სწორედ იქ გაიცნო მილიარდერი ჰოვარდ მარშალი.
მათი პირველი შეხვედრის აღწერისას ანა ნიკოლი მოგვიანებით იხსენებდა: "სცენაზე ვიყავი. ის მაგიდასთან მარტო იჯდა. მივედი მასთან და დავუწყე საუბარი, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო."
1991 წელს ანას Playboy-დან დაურეკეს და 1992 წელს გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე. მაშინ ცნობილი იყო როგორც ვიკი სმიტი. მერილინ გრაბოვსკი, Playboy-ის ფოტორედაქტორი ამბობდა: "ის ყველაზე ლამაზი გოგონაა, რომელიც ოდესმე მინახავს მაკიაჟის გარეშე. შერონ სტოუნი მის შემდეგ, მეორეა.“
Playboy-ის გამოსვლიდან ორ წელიწადში გამოჩნდა სარეკლამო ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ანა ნიკოლი, მარტოხელა დედა, რომელიც ცხოვრობდა ჰიუსტონში, თავის შვიდი წლის ვაჟთან, დანიელთან ერთად. ვიდეოში სმიტი ამბობდა: "დანიელი ჩემი ცხოვრების სიყვარულია. აღფრთოვანებული ვარ, რომ შემიძლია მივცე მას ის, რაც მე არასდროს მქონია. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ფერმაში თამაში ცხოველებთან ერთად. ის ყოველთვის იქნება ჩემი ნომერ პირველი ქაუბოი.”
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სმიტი კვლავ ხვდებოდა ჯ. ჰოვარდ მარშალს. მარშალი სულ უფრო მეტად დაინტერესდა ქალით, რადგან ის უფრო ცნობილი გახდა. მილიარდერი მოდელს მდიდრული საჩუქრებით ანებივრებდა.
ნავთობის მაგნატმა შეყვარებულს ბრილიანტის სამი ბეჭედი, ბრილიანტის ორი ყელსაბამი, ბრილიანტის ორი საყურე და ასევე ბრილიანტის სამაჯური უყიდა, საერთო ჯამში, 2 მილიონი დოლარი გადაიხადა. სმიტმა მოგვიანებით მარშალი მხსნელად მოიხსენია, რომელმაც იმ საშინელი ადგილიდან წაიყვანა. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1994 წელს, 26 წლის ასაკში ანა ნიკოლ სმიტმა ჰოვარდ მარშალზე იქორწინა.
ქორწინებაზე საუბრისას სმიტმა თქვა: ”მე მასზე არ ვქორწინდები ფულის გამო. ოთხ წელიწადზე მეტია მთხოვს ცოლად გაყოლას. მაგრამ პირველ რიგში, მინდოდა საკუთარი კარიერა დამეწყო. მქონოდა ჩემი ფული. ”
ანა ნიკოლ სმიტს ბევრად უფროს და უმდიდრეს კაცთან ქორწინების გამო, "ოქროს მაძიებლის" იმიჯი შეექმნა. წყვილის ქორწინება სულ რაღაც ცამეტ თვეს გაგრძელდა. 1995 წელს ჰოვარდი გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაიწყო ქონებრივი დავა გარდაცვლილის შვილებთან, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა. ყოველივეს თან ახლდა სასამართლო პროცესები, საჯარო გამოსვლები და ტაბლოიდური სტატიები, სადაც "ფლეიბოის" მოდელს სასტიკად აკრიტიკებდნენ.
გაირკვა, რომ მარშალმა ახალგაზრდა ცოლი ანდერძში საერთოდ არ მოიხსენია. სმიტი ამტკიცებდა, რომ ქმარი მას ქონების ნახევარს დაჰპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში მოხსენიებული არ იყო, არასოდეს ლაპარაკობდა ცუდად მარშალის შესახებ, სასამართლო პროცესი წლების განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ანა ნიკოლ სმიტი "მანიპულატორ მტაცებლად" გამოაცხადა.
ჯ. ჰოვარდ მარშალის გარდაცვალების შემდეგ, სმიტი გადავიდა რეჟისორ რეი მარტინოსთან, რომელმაც 1995 წელს ფილმში გადაიღო. მსახიობმა წონაში მოიმატა, პლასტიკური ოპერაციების გამო, ტკივილგამაყუჩებლებზე უფრო მეტად გახდა დამოკიდებული, ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ყველაფერს კი ფინანსური პრობლემები დაემატა და ანამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
2002 წელს ანა ნიკოლ სმიტმა მიიღო შეთავაზება, რაც გულისხმობდა რეალითი სატელევიზიო შოუს მომზადებას მის ცხოვრებაზე. სერიალში, სახელად The Anna Nicole Show, წარმოდგენილი იყო მოდელი თავისი შინაური ცხოველებით და რამდენიმე, მისთვის ძვირფასი ადამიანით.
სერიალში ასევე მონაწილეობდა სმიტის ვაჟი, დანიელი. სამწუხაროდ, სმიტი აშკარად ცუდად იყო შოუს გადაღებისას. ანა ნიკოლისთვის ყურადღების ცენტრში ცხოვრება ბავშვობის ოცნებების რეალიზებას ჰგავდა. მოგვიანებით ანას დეიდამ განაცხადა, რომ სმიტის ახალგაზრდობაში ისინი იპარავდნენ ტუალეტის ქაღალდს ახლომდებარე რესტორნიდან, რადგან ოჯახს ყიდვის ფული არ ჰქონდა.
ანა ნიკოლ სმიტი ცხოველების მოყვარული იყო და მონაწილეობდა PETA-ს ბევრ კამპანიაში. სიღარიბეში გაზრდილ ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობდა. ემტვრეოდა კბილები, რამაც გამოიწვია ნერვების დაზიანება. მის შესახებ რეალითი შოუს ერთ ეპიზოდში აჩვენეს, რომ 20 კბილი ჰქონდა დამტვრეული მარშალის სასამართლო საქმის სტრესის შემდეგ.
დიეტებისა და პლასტიკური ქირურგიის გამო, ანა ნიკოლ სმიტის გარეგნობა ხშირად იცვლებოდა. მისი სურათების დათვალიერებისას, ძნელია მათი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგება.
2006 წელს ანამ წონაში მოიმატა. მოგვიანებით მან ინტერნეტში განათავსა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ორსულად იყო. ანა ნიკოლ სმიტმა ვაჟი, დანიელი იმ პერიოდში დაკარგა, როდესაც ქალიშვილი ჰანა როუზი შეეძინა. დანიელი მაშინ 20 წლის იყო და საავადმყოფოში დედას და დას სანახავად მიაკითხა, მოგვიანებით კი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.
სმიტის ქალიშვილი, რომელსაც დედამისმა ჰანა როუზ მარშალ სტერნი უწოდა, 2006 წელს დაიბადა. სმიტის დიდი ხნის მეგობარი ჰოვარდ სტერნი ამტკიცებდა, რომ გოგონას მამა ფოტოგრაფი ლარი ბირკჰედი იყო. სასამართლო პროცესების, დნმ-ის ტესტებისა და უამრავი ტაბლოიდური სპეკულაციის შემდეგ, გაირკვა, რომ ბირკჰედი მართლაც ბავშვის მამა იყო. მან საბოლოოდ მოიპოვა გოგონაზე მეურვეობა და შეუცვალა სახელი. გოგონას დენიელინ ჰოუპ მარშალ ბირკჰედი დაარქვა.
ანა ნიკოლ სმიტმა ვაჟის გარდაცვალება ძალიან განიცადა, მას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად თვლიდა ცხოვრებაში. დაკრძალვის დროს ახალგაზრდა დედამ სცადა შვილის კუბოში ჩაწოლა. ის ეუბნებოდა მგლოვიარეებს: "მინდა, რომ დანიელთან ერთად დავიმარხო“.
ანა ნიკოლ სმიტის გარდაცვალების მიზეზად გადაჭარბებული დოზით წამლების მიღება დასახელდა. ცხედრის ფოტოები ყვითელ პრესაში დაიბეჭდა.
ბევრი სხვა ტრაგიკული პოპულარული ფიგურის მსგავსად, სმიტის სიკვდილი ადამიანურ ტრაგედიად კი არა, ტაბლოიდების საკვებად იქცა. მედია თითქოს ელოდა სმიტის ცხოვრების ტრაგიკულ დასასრულს.
2009 წელს სტერნს და სმიტის ორ ექიმს ბრალი წაუყენეს მის სიკვდილთან დაკავშირებით, მაგრამ სასამართლომ ყველა მათგანი უდანაშაულოდ აღიარა.